დაბადება — სბს–2013

იტვირთება წინა თავი

თავი 32

  1. 1
    და წავიდა იაკობი თავისი გზით და შემოხვდნენ მას ღვთის ანგელოზები.
  2. 2
    და თქვა იაკობმა მათ დანახვაზე: „ეს ღვთის ბანაკია, და უწოდა სახელად იმ ადგილს მახანაიმი.“
  3. 3
    და გაგზავნა იაკობმა თავის წინ მაცნეები თავისი ძმის, ესავისაკენ, რომელიც ცხოვრობდა სეყირის ქვეყანაში, ედომის ველზე
  4. 4
    და დააბარა მათ: „უთხარით ჩემს ბატონს, ესავს: ასე ამბობს-თქო შენი მსახური იაკობი: ლაბანთან ვცხოვრობდი მე და აქამდე დავყოვნდი.
  5. 5
    და მყავს მე ხარები და ვირები, ცხვარი და მსახურნი და მხევალნი, და ვაუწყებ ჩემს ბატონს, რომ მინდა ვპოვო მადლი მის თვალში.“
  6. 6
    და დაბრუნდნენ მოციქულნი იაკობთან და აუწყეს: „ვიყავით შენს ძმასთან, ესავთან, და ისიც მოდის 400 კაცით შენს შესახვედრად.“
  7. 7
    ძალზე შეეშინდა იაკობს და შეშფოთდა. და გაყო ხალხი, თან რომ ახლდა, აგრეთვე ცხვარ-ძროხა და აქლემები ორ ბანაკად.
  8. 8
    და თქვა: „თუ დაეცემა ესავი ერთ ბანაკს, მეორე გადარჩება.“
  9. 9
    და თქვა იაკობმა: „ჩემი მამის, აბრაამის ღმერთო და ჩემი მამის, ისააკის ღმერთო! უფალო, რომელმაც მითხარი: დაუბრუნდი შენს სანათესაოს და შენს ქვეყანას, და სიკეთეს გიყოფო,
  10. 10
    ღირსი არა ვარ ყველა იმ სიკეთისა და წყალობისა, შენს მსახურს რომ უყავ. მე ხომ ერთი კომბლის ამარამ გადავლახე ეს იორდანე, ახლა კი ორი ბანაკი გავხდი.
  11. 11
    მიხსენ მე ჩემი ძმის, ესავის, ხელიდან, რადგან მეშინია მისი, ვაითუ მოვიდეს და ამოგვხოცოს ყველანი დედაშვილიანად.
  12. 12
    შენ კი ნათქვამი გაქვს: ‘სიკეთეს გიყოფ და გავხდი შენ თესლს ზღვის ქვიშასავით, რომელიც არ აღირიცხება სიმრავლის გამო.’“
  13. 13
    და გაათია იქ ღამე. და გამოარჩია თავისი ქონებიდან საჩუქარი ესავისათვის, თავისი ძმისათვის:
  14. 14
    200 დედალი თხა და 20 ვაცი, 200 დედა ცხვარი და 20 ვერძი,
  15. 15
    30 მეწველი აქლემი თავის კოზაკებიანად, 40 ფური და 10 ხარი, 20 ჭაკი ვირი და 10 ჩოჩორი.
  16. 16
    და მისცა თავის მსახურებს ცალ-ცალკე ჯოგებად და უთხრა: „იარეთ ჩემ წინ და დატოვეთ მანძილი ჯოგებს შორის.“
  17. 17
    და უბრძანა პირველს: „როცა შეგხვდეს ესავი, ჩემი ძმა, და გკითხოს, ვისი ხარ და საით მიხვალ, და ვისია ეს სამწყსოო,
  18. 18
    უთხარი: იაკობისაა, შენი მსახურისა, ძღვნად გამოგზავნილი ჩემი ბატონის, ესავისათვის, და თავადაც უკან მოგვყვება-თქო.“
  19. 19
    ასევე უბრძანა მეორესაც, მესამესაც და ყველას, ვინც მიდიოდა სამწყსოს უკან: ასე უთხარით ესავს, როცა შეხვდებით:
  20. 20
    „აჰა, შენი მსახური იაკობიც ჩვენს უკან მოდის-თქო,“ რადგან ფიქრობდა: ძღვენით, რომელიც ჩემ წინ მიდის, დავაცხრობო მის რისხვას, მერე კი, სახეზე რომ შევხედავ, იქნებ შემიწყალოსო.
  21. 21
    და წავიდა ძღვენი მის წინ; ის კი იმ ღამეს ბანაკში ათევდა.
  22. 22
    და ადგა იმავე ღამეს, გამოიყვანა თავისი ორი ცოლი, თავისი ორი მხევალი და თავისი 11 ძე და გადავიდა იაბოკის ფონზე.
  23. 23
    და წაიყვანა ისინი და გადაიყვანა მდინარეზე, და გადაიტანა, რაც კი ებადა.
  24. 24
    და უკან მობრუნებული იაკობი მარტო დარჩა. და ერკინებოდა მას ერთი კაცი განთიადამდე.
  25. 25
    და როცა დაინახა, რომ ვერ ერეოდა, შეეხო იგი მისი თეძოს სახსარს, და ეღრძო თეძოს სახსარი იაკობს მასთან ჭიდილისას.
  26. 26
    და იმ კაცმა უთხრა: „გამიშვი, უკვე თენდება.“ და უთხრა იაკობმა: „არ გაგიშვებ, ვიდრე არ მაკურთხებ!“
  27. 27
    და უთხრა მან: „რა გქვია შენ?“ უპასუხა მან: „იაკობი.“
  28. 28
    და უთხრა მას: „ამიერიდან აღარ გერქვას შენ სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ერკინებოდი ღმერთს და კაცებს, და სძლიე მათ!“
  29. 29
    და ჰკითხა მას იაკობმა: „მითხარი შენი სახელი.“ და მიუგო მან: „რად კითხულობ ჩემს სახელს?“ და იქვე აკურთხა იგი.
  30. 30
    თქვა იაკობმა: „პირისპირ ვიხილე ღმერთი და გადავრჩი“ და უწოდა იმ ადგილს ფენიელი.
  31. 31
    და ამოუბრწყინდა მას მზე, როგორც კი გასცდა ფენუელს. და კოჭლობდა იგი თეძოთი.
  32. 32
    ამიტომ არ ჭამენ ისრაელიანები დღემდე მენჯის ძარღვს, რომელიც თეძოს სახსარზეა, რადგან შეეხო ის იაკობის სახსარს თეძოს ძარღვზე.
იტვირთება შემდეგი თავი