დაბადება — სბს–2013
იტვირთება წინა თავი
თავი 33
- 1გაიხედა იაკობმა და ხედავს, რომ მოდის ესავი 400 კაცით. გაუთავთავისა იაკობმა ბავშვები ლეას, რახელს და ორ მხევალს.
- 2წინ დააყენა მხევლები და მათი ბავშვები, მათ უკან ლეა და მისი ბავშვები, ხოლო სულ უკან რახელი და იოსები.
- 3თავად მათ წინ გაემართა და, ვიდრე მიუახლოვდებოდა, შვიდზის მდაბლად თაყვანი სცა ძმას.
- 4გამოიქცა ესავი მის შესაგებებლად და გადაეხვია, ყელზე მოეჭდო, გადაკოცნა, და ატირდნენ ორივენი.
- 5გაიხედა ესავმა და დაინახა ქალები და ბავშვები და თქვა: „შენი რა არიან ესენი?“ და თქვა იაკობმა: „შვილებია, ღმერთმა რომ უწყალობა შენს მსახურს.“
- 6ახლოს მივიდნენ მხევლები თავიანთი ბავშვებითურთ ესავთან და თაყვანი სცეს.
- 7ახლოს მივიდა ლეაც თავისი ბავშვებითურთ და თაყვანი სცა. ბოლოს იოსები და რახელი მივიდნენ ახლოს და თაყვანი სცეს.
- 8უთხრა ესავმა: „რა იყო მთელი ის ბანაკი, წინ რომ შემომხვდა?“ უთხრა იაკობმა: „რათა მადლი ვპოვო ჩემი ბატონის თვალში.“
- 9და უთხრა ესავმა: „მე არაფერი მაკლია, ძმაო. შენი შენვე გქონდეს.“
- 10ხოლო უთხრა იაკობმა: „არა, თუ მადლი მიპოვია ჩემი ბატონის თვალში, მიიღე ჩემგან ეს ძღვენი, რადგან შენი სახე რომ დავინახე, გინდ ღვთის სახე დამენახოს, და შენც წყალობით შემომხედე.
- 11მიიღე შენთვის გამოგზავნილი ჩემი კურთხევა, რადგან ღმერთმა მომხედა და ყველაფერი მაქვს.“ არ მოეშვა და მანაც მიიღო.
- 12და უთხრა ესავმა: „დავიძრათ და წავიდეთ, მე წინ წაგიძღვები.“
- 13ხოლო მან უთხრა: „იცის ჩემმა ბატონმა, რომ სათუთნი არიან ბავშვები და ცხვარიც და საქონელიც მაკედა მყავს. წინ რომ გავირეკო, ერთ დღეში გამიწყდება მთელი საქონელი.
- 14თავისი მსახურის წინ იაროს ჩემმა ბატონმა, მე კი ნელ-ნელა, ფეხდაფეხ გამოვყვები საქონელს და ბავშვებს, ვიდრე ჩემ ბატონთან მივიდოდე სეყირში.“
- 15უთხრა ესავმა: „ვინმეს მაინც მოგიჩენ ჩემი ხალხიდან, თან რომ მახლავს.“ უთხრა იაკობმა: „რა საჭიროა? ოღონდ მადლი ვპოვო ჩემი ბატონის თვალში.“
- 16იმ დღესვე გაბრუნდა თავისი გზით ესავი სეყირისაკენ.
- 17ხოლო იაკობი სუქოთისკენ დაიძრა. აიშენა იქ სახლი და საქონელსაც მოუწყო კარვები. ამიტომაც უწოდა იმ ადგილს სახელად სუქოთი.
- 18და მივიდა მშვიდობით ფადან-არამიდან წამოსული იაკობი შექემ-ქალაქში, ქანაანის ქვეყანაში რომ არის, და დაიბანაკა ქალაქის წინ.
- 19შეიძინა იაკობმა ას ცხვრად შექემის მამის, ხამორის ძეთაგან მინდვრის ნაწილი, სადაც კარავი ედგა.
- 20აღმართა იქ სამსხვერპლო და უწოდა მას: ელ-ელოჰე-ისრაელი.
იტვირთება შემდეგი თავი