დაბადება — სბს–2013
იტვირთება წინა თავი
თავი 34
- 1და გამოვიდა იმ ქვეყნის ასულთა სანახავად დინა, ლეას ასული, რომელიც მან უშვა იაკობს.
- 2დაინახა იგი შექემმა, იმ ქვეყნის მთავრის, ხიველი ხამორის ძემ, და წაიყვანა ის, და დაწვა მასთან ძალით.
- 3და აღარ ისურვა დინასთან, იაკობის ასულთან, განშორება; შეუყვარდა ყმაწვილი ქალი და ტკბილად ელაპარაკა მას.
- 4და უთხრა შექემმა ხამორს, თავის მამას: „ცოლად მომიყვანე ეს ყმაწვილი ქალი!“
- 5იაკობმა გაიგო, რომ წაბილწეს დინა, მისი ასული. მაგრამ რაკი მისი ძენი მინდვრად იყვნენ საქონელში, ჩუმად იყო მათ მოსვლამდე.
- 6და მოვიდა ხამორი, შექემის მამა, იაკობთან სალაპარაკოდ.
- 7და როცა იაკობის ვაჟები მოვიდნენ მინდვრიდან და ეს გაიგეს, ძლიერ განრისხდნენ და შეწუხდნენ, რადგან სისაძაგლე გაუკეთა მან ისრაელს იაკობის ასულთან დაწოლით; არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ.
- 8ელაპარაკა მათ ხამორი და უთხრა: „მიეცით ცოლად თქვენი ასული, რადგან შექემს, ჩემს ძეს, მთელი სულით სურს იგი.
- 9დაგვიმოყვრდით, მოგვეცით ჩვენ თქვენი ასულები, ჩვენი ასულები კი თქვენ წაიყვანეთ.
- 10ჩვენთან დასახლდით, და ეს ქვეყანა თქვენ წინაშე იქნება. იცხოვრეთ და მოიხმარეთ იგი, წილი დაიდეთ მასში.“
- 11და უთხრა შექემმა დინას მამასა და მის ძმებს: „ოღონდ მადლი ვპოვო თქვენს თვალში და, რასაც მთხოვთ, მოგცემთ.
- 12დამაკისრეთ დიდძალი ურვადი და ძღვენი, და მოგცემთ, როგორც დამაკისრებთ, ოღონდ მომეცით ეს ყმაწვილი ქალი ცოლად.“
- 13და ელაპარაკნენ იაკობის ძეები შექემს და მის მამას ხამორს მზაკვრულად, რადგან შებილწა შექემმა დინა, მათი და.
- 14და უთხრეს მათ: „ვერ ვიზამთ ამ საქმეს, წინადაუცვეთელ კაცზე ვერ გავათხოვებთ ჩვენს დას, რადგან სამარცხვინო იქნებოდა ეს ჩვენთვის.
- 15მხოლოდ იმ პირობით დაგეთანხმებით, თუ ჩვენსავით წინადაიცვეთს თქვენში ყოველი მამაკაცი.
- 16და მოგცემთ ჩვენს ასულებს, და ჩვენც მოვიყვანთ თქვენს ასულებს, და დავსახლდებით თქვენთან და გავხდებით ერთი ხალხი.
- 17და თუ არ დაგვეთანხმებით წინადაცვეთაზე, წავიყვანთ ჩვენს ასულს და წავალთ.“
- 18და მოეწონათ მათი სიტყვა ხამორს და შექემს, ხამორის ძეს.
- 19არ დააყოვნა ყმაწვილმა კაცმა ამ საქმის გაკეთება, რადგან უყვარდა იაკობის ასული. და იგი ყველაზე პატივცემული იყო მამის სახლში.
- 20და მივიდნენ ხამორი და შექემი, მისი ძე, თავიანთი ქალაქის კარიბჭესთან, და ელაპარაკნენ ქალაქის კაცებს და უთხრეს:
- 21„ეს კაცები მშვიდობიანად არიან ჩვენდამი: დასახლდებიან ამ მიწაზე და იშრომებენ აქ. ეს ქვეყანა გადაშლილია მათ წინაშე. მოვიყვანოთ მათი ასულები ჩვენი კაცებისთვის და ჩვენი ასულები მივცეთ მათ.
- 22მხოლოდ იმ პირობით დაგვეთანხმებიან ეს კაცები ჩვენთან ცხოვრებაზე და ერთ ხალხად ყოფნაზე, თუ წინადაიცვეთს ჩვენში ყოველი მამრი, როგორც თავად არიან წინადაცვეთილები.
- 23მათი სამწყსო და მთელი მათი ქონება და მთელი მათი პირუტყვი განა ჩვენი არ იქნება? ოღონდ დავეთანხმოთ მათ და ჩვენთან იცხოვრებენ.“
- 24და გაუგონეს ხამორს და შექემს, მის ძეს, ქალაქის კარიბჭესთან მოსულებმა. და წინადაიცვითა ყოველმა მამაკაცმა, ქალაქის კარიბჭიდან გამომსვლელმა.
- 25და მესამე დღეს, როცა ჯერ კიდევ სტკიოდათ ჭრილობა, იაკობის ორმა ძემ: სიმეონმა და ლევიმ, დინას ძმებმა, აიღეს ხელში მახვილი, უშიშრად მივიდნენ ქალაქში და ამოხოცეს ყველა მამრი.
- 26ხამორი და მისი ძე შექემიც მახვილით დახოცეს და წაიყვანეს დინა შექემის სახლიდან.
- 27და მიადგნენ იაკობის ძენი დახოცილებს და გაძარცვეს ქალაქი დის წაბილწვის გამო.
- 28წამოასხეს მათი ცხვარი და ძროხა და ვირები და ყველაფერი, რაც ქალაქში და მინდვრად ჰქონდათ.
- 29და მთელი მათი დოვლათი, მათი ბავშვები და ცოლები დაატყვევეს და დაიტაცეს ყველაფერი, რაც ჰქონდათ სახლებში.
- 30და უთხრა იაკობმა სიმეონსა და ლევის: „დამღუპეთ მე, რომ შეაძულეთ ჩემი თავი ამ ქვეყნის მკვიდრთ – ქანაანელებსა და ფერიზელებს. ცოტა ხალხი მყავს, შეიკრიბებიან ჩემს წინააღმდეგ და მომსპობენ. მეც დავიღუპები და ჩემი სახლიც ჩემთან ერთად.“
- 31ხოლო მათ თქვეს: „ის კი შეიძლებოდა, მეძავივით რომ მოექცნენ ჩვენს დას?“
იტვირთება შემდეგი თავი