დაბადება — სბს–2013
იტვირთება წინა თავი
თავი 37
- 1და ცხოვრობდა იაკობი მამამისის ხიზნობის ქვეყანაში – ქანაანში.
- 2ეს არის იაკობის მოდგმის ამბავი: იყო იოსები 17 წლისა, როცა ფარას მწყემსავდა თავის ძმებთან ერთად, ეხმარებოდა თავისი მამის ცოლების – ბილჰასა და ზილფას ძეებს. და მიჰქონდა იოსებს ცუდი ამბები მათზე თავის მამასთან.
- 3ისრაელს უყვარდა იოსები თავის ყველა ძეზე მეტად, რადგან მისი სიბერის ძე იყო იგი. და აჩუქა მას ჭრელი კვართი.
- 4და დაინახეს ძმებმა, რომ უყვარდა იგი მამას ყველა თავის ძეზე მეტად, და მოიძულეს იგი, და ამრეზილი ელაპარაკებოდნენ მას.
- 5და ნახა იოსებმა სიზმარი და უამბო თავის ძმებს, და მათ უფრო მეტად შეიძულეს იგი.
- 6უთხრა მათ: „მოისმინეთ, აი, რა სიზმარი მესიზმრა:
- 7აჰა, ვითომც ძნებსა ვკონავთ შუა ნამკალში და წამოდგა ჩემი ძნა და ზე აღიმართა. და გარსშემოადგნენ თქვენი ძნები და თაყვანი სცეს მას.“
- 8და უთხრეს ძმებმა: „ნუთუ ჩვენზე იმეფებ? ნუთუ ბატონად გაგვიხდები?“ და კიდევ უფრო მეტად შეიძულეს იგი მისი სიზმრებისა და სიტყვების გამო.
- 9კიდევ ნახა მან სხვა სიზმარი, და უამბო თავის ძმებს: „აჰა, კიდევ ვნახე სიზმარი, ვითომც მზე და მთვარე და 11 ვარსკვლავი მცემდნენ თაყვანს.“
- 10და როცა ეს უამბო თავის მამასა და თავის ძმებს, გაკიცხა იგი მამამისმა და უთხრა: „რა არის ეს სიზმარი, რომ გესიზმრა? ნუთუ უნდა მოვიდეთ მე და დედაშენი, და შენი ძმები, და მდაბლად უნდა გცეთ თაყვანი?“
- 11გაცხარდნენ ძმები, ხოლო მამამისმა გულში შეინახა ეს ამბავი.
- 12და წავიდნენ მისი ძმები შექემში თავიანთი მამის ფარის დასამწყემსად.
- 13და უთხრა ისრაელმა იოსებს: „შენი ძმები ხომ ცხვარს მწყემსავენ შექემში. მოდი, გაგაგზავნი მათთან.“ და უპასუხა მან: „მე მზადა ვარ!“
- 14და უთხრა მას: „წადი და ნახე, თუ მშვიდობით არიან შენი ძმები და ფარა, და მომიტანე ამბავი.“ და გაგზავნა იგი ხებრონის ველიდან, და მივიდა შექემში.
- 15იპოვნა იგი ერთმა კაცმა ველზე გზაარეული და ჰკითხა მას: „რას ეძებ?“
- 16მან თქვა: „ჩემს ძმებს ვეძებ; მითხარი, სად აძოვებენ?“
- 17და უთხრა იმ კაცმა: „აქედან დაიძრნენ, გავიგონე რომ ამბობდნენ, დოთანში წავიდეთო.“ და დაადგა იოსები თავისი ძმების კვალს, და იპოვნა ისინი დოთანში.
- 18დაინახეს იგი შორიდან და, ვიდრე მიუახლოვდებოდა მათ, განიზრახეს მისი მოკვლა.
- 19და უთხრეს ერთმანეთს: „აჰა, სიზმარა მოდის!
- 20მოდი ახლა და მოვკლათ, ჩავაგდოთ სადმე ჭაში, და ვთქვათ, რომ ნადირმა შეჭამა იგი. და ვნახოთ, როგორ ახდება მისი სიზმრები.“
- 21და გაიგონა ეს რეუბენმა, და იხსნა იგი მათი ხელიდან, უთხრა ძმებს: „ნუ წავართმევთ სიცოცხლეს!
- 22ნუ დაღვრით სისხლს! ჩააგდეთ იგი იმ ჭაში, უდაბნოში რომ არის, და ხელს ნუ აღმართავთ მასზე.“ ამას ამბობდა, რათა ეხსნა იგი მათი ხელიდან და დაებრუნებინა მამასთან.
- 23და როგორც კი მივიდა ძმებთან იოსები, გახადეს მას ჭრელი კვართი, რომელიც ეცვა.
- 24აიყვანეს და ჩააგდეს ჭაში. ის ჭა ცარიელი იყო, წყალი არ იდგა შიგ.
- 25ის იყო დასხდნენ ისინი პურის საჭმელად, რომ გაიხედეს და დაინახეს ისმაელიანთა ქარავანი მოდის გალაადიდან. აქლემებს ეკიდათ გუნდრუკი, ბალზამი და საკმეველი ეგვიპტეში ჩასატანად.
- 26და უთხრა იუდამ ძმებს: „რას გვარგებს ჩვენი ძმის მოკვლა და მისი სისხლის დაფარვა?
- 27მოდით, მივყიდოთ ისმაელიანებს. ნუ იქნება მასზე ჩვენი ხელი, რადგან ჩვენი ძმაა, ჩვენი სისხლი და ხორცი.“ და დაუჯერეს ძმებმა.
- 28ხოლო როცა ჩამოიარეს მიდიანელმა ვაჭრებმა, ამოსწიეს და ამოიყვანეს იოსები ჭიდან, და მიჰყიდეს იოსები ისმაელიანებს ოც ვერცხლად. და მათ წაიყვანეს იოსები ეგვიპტეში.
- 29და მიბრუნდა რეუბენი ჭასთან და აჰა, აღარ არის ჭაში იოსები, და შემოიხია სამოსელი რეუბენმა.
- 30და დაბრუნდა თავის ძმებთან და თქვა: „ბავშვი აღარ არის! რა ვქნა ახლა, სად წავიდე?“
- 31და აიღეს ძმებმა იოსების კვართი, და ამოავლეს იგი დაკლული თხის სისხლში.
- 32და მიუტანეს მამას ეს კვართი და უთხრეს: „ეს ვიპოვეთ. ნახე, შენი შვილის კვართი ხომ არ არის?“
- 33და იცნო მამამ და თქვა: „ჩემი შვილის კვართია. მძვინვარე ნადირს შეუჭამია იგი! დაუგლეჯია იოსები!“
- 34და შემოიხია იაკობმა სამოსელი, და შემოიხვია ძაძა წელზე, და დიდხანს გლოვობდა შვილს.
- 35და ადგნენ მისი ძენი და მისი ასულნი, რათა ნუგეში ეცათ მისთვის, მაგრამ არ ინდომა მან ნუგეშისცემა, და ამბობდა: „მგლოვიარე ჩავალ ჩემ შვილთან შავეთში!“ და დიდხანს გლოვობდა მამა თავის ძეს.
- 36ხოლო მიდიანელებმა ეგვიპტეში მიჰყიდეს იოსები ფოტიფარს, ფარაონის კარისკაცს, ქონდაქართხუცესს.
იტვირთება შემდეგი თავი