დაბადება — სბს–2013
იტვირთება წინა თავი
თავი 38
- 1იმ ხანად იყო, რომ ჩამოსცილდა იუდა თავის ძმებს და დასახლდა ყადულამელი კაცის მეზობლად, რომლის სახელი იყო ხირა.
- 2და ნახა იქ იუდამ ქანაანელი კაცის, სახელად შუაყის, ასული, და მოიყვანა ის და შევიდა მასთან.
- 3დაორსულდა ქალი და შვა ძე. და დაარქვა მას სახელად ყერი.
- 4და კვლავ დაორსულდა, და შვა ძე, და დაარქვა სახელად ონანი.
- 5და კვლავ შვა ძე, და დაარქვა მას სახელად შელახი. ქალი ქეზიბში იყო მისი შობის დროს.
- 6და მოუყვანა იუდამ ყერს, თავის პირმშოს, ცოლი, სახელად თამარი.
- 7მაგრამ ყერი, იუდას პირმშო, ბოროტი იყო უფლის თვალში, და მოაკვდინა იგი უფალმა.
- 8და უთხრა იუდამ ონანს: „შედი შენი ძმის ცოლთან, გაუხდი ქმრად და აღუდგინე შენს ძმას შთამომავლობა.“
- 9მაგრამ იცოდა ონანმა, რომ მისი არ იქნებოდა ის მოდგმა, და ამიტომ, როცა შედიოდა ძმის ცოლთან, მიწაზე ღვრიდა თესლს, რათა ძმისთვის არ მიეცა მემკვიდრე.
- 10ჩაითვალა ბოროტებად უფლის წინაშე მისი საქციელი, და ისიც მოაკვდინა უფალმა.
- 11და უთხრა იუდამ თამარს, თავის რძალს: „წადი და ქვრივად იჯექი მამაშენის სახლში, ვიდრე გაიზრდებოდეს შელახი, ჩემი ძე.“ რადგან იფიქრა – მისი ძმებივით ესეც არ მოკვდესო. და წავიდა თამარი და ცხოვრობდა მამამისის სახლში.
- 12განვლო მრავალმა დღემ და მოკვდა იუდას ცოლი, შუაყის ასული. როცა გამოიგლოვა იუდამ, ავიდა თიმნაში თავისი ცხვრის პარსვაზე, თავის ყადულამელ მოყვასთან, ხირასთან, ერთად.
- 13და აუწყეს თამარს: „შენი მამამთილი ამოდის თიმნაში ცხვრის საპარსად.“
- 14და გაიძრო მან თავისი ქვრივობის სამოსელი, და ჩამოიფარა რიდე და დაიბურა. და დაჯდა ყენაიმის კარიბჭესთან, თიმნას გზაზე, რადგან დაინახა, რომ გაიზარდა შელახი, მაგრამ ცოლად არ მიათხოვეს მას.
- 15და დაინახა ქალი იუდამ და მეძავი ეგონა, რადგან რიდეთი ჰქონდა სახე დაფარული.
- 16გზაზე ჩავლისას მიუბრუნდა მას და უთხრა: „შემომიშვი შენთან.“ რადგან არ იცოდა, რომ თავისი რძალი იყო. და მან ჰკითხა: „რას მომცემ, რომ შემოხვიდე ჩემთან?“
- 17უპასუხა: „თიკანს გამოგიგზავნი ფარიდან.“ და თქვა ქალმა: „წინდს თუ მომცემ, ვიდრე გამომიგზავნიდე?“
- 18და თქვა იუდამ: „რა მოგცე წინდად?“ უთხრა ქალმა: „შენი ბეჭედი და თასმა და არგანი, ხელში რომ გიჭირავს.“ და მისცა მას ესენი იუდამ, და შევიდა მასთან; და დაორსულდა ის მისგან.
- 19ადგა ქალი და წავიდა, და მოიძრო თავისი საბურველი, და კვლავ შეიმოსა ქვრივობის სამოსლით.
- 20და გაუგზავნა იუდამ თიკანი თავისი ყადულამელი მოყვასის ხელით, რათა ქალისაგან დაებრუნებინა თავისი წინდი. მაგრამ ვერ იპოვა ყადულამელმა ქალი.
- 21და ჰკითხა იქაურ კაცებს: „სად არის მეძავი, ყენაიმის გზაზე რომ იჯდა?“ უპასუხეს: „აქ არ ყოფილა მეძავი.“
- 22და დაბრუნდა იგი იუდასთან, და უთხრა: „ვერ ვიპოვე იგი. და იქაურმა კაცებმაც მითხრეს, რომ არ ყოფილაო აქ მეძავი.“
- 23და თქვა იუდამ: „დავანებოთ თავი, დაიტოვოს ის წინდი, რომ დასაცინი არ გავხდეთ. აჰა, ხომ გაგატანე თიკანი, შენ კი ვერ იპოვე ქალი!“
- 24და სამი თვის შემდეგ ეუწყა იუდას: „იბოზა შენმა რძალმა თამარმა და ორსულად არის იგი.“ და თქვა იუდამ: „გამოიყვანეთ, რათა დაიწვას.“
- 25და როცა მოჰყავდათ იგი, შეუთვალა მან თავის მამამთილს: „იმ კაცისაგან ვარ ორსულად, ვისაც ესენი ეკუთვნის. აჰა, ამოიცანი, ვისია ეს ბეჭედი, თასმა და არგანი.“
- 26იცნო იუდამ, და თქვა: „მართალია ჩემთან თამარი, რადგან მე არ მივათხოვე შელახს, ჩემს ვაჟს.“ და აღარ შესულა იუდა თამართან.
- 27და მშობიარობის ჟამს აღმოჩნდა, რომ ტყუპები ჰყავდა მას მუცელში.
- 28და მშობიარობისას გამოყო ერთმა ხელი, და ბებიაქალმა მეწამული ძაფი შეაბა მას ამ სიტყვებით: „ეს გამოვიდა პირველი.“
- 29მან უკან წაიღო ხელი და გამოვიდა მისი ძმა. და თქვა ბებიაქალმა: „როგორ გამოარღვიე ზღუდე?“ და უწოდეს მას სახელად ფერეცი.
- 30შემდეგ გამოვიდა მისი ძმა, რომელსაც ხელზე ება მეწამული ძაფი, და უწოდეს მას სახელად ზერახი.
იტვირთება შემდეგი თავი