დაბადება — სბს–2013
იტვირთება წინა თავი
თავი 39
- 1ჩაიყვანეს იოსები ეგვიპტეში და იყიდა იგი ისმაელიანთაგან ფოტიფარმა, ფარაონის კარისკაცმა, ქონდაქართუხუცესმა, ეგვიპტელმა.
- 2და უფალი იყო იოსებთან, და ყველაფერში ხელი ემართებოდა. და ცხოვრობდა იგი თავისი ეგვიპტელი ბატონის სახლში.
- 3და დაინახა მისმა ბატონმა, რომ უფალი იყო მასთან და რომ ყველა საქმეში ხელს უმართავდა უფალი.
- 4და ჰპოვა იოსებმა მადლი მის თვალში, და ემსახურებოდა მას. და დანიშნა იგი თავისი სახლის ზედამხედველად და მთელი თავისი საბადებელი მას ჩააბარა.
- 5და მას შემდეგ, რაც დანიშნა იგი თავისი სახლის ზედამხედველად, აკურთხა უფალმა სახლი ამ ეგვიპტელისა იოსების გამო, და იყო კურთხევა უფლისა ყველაფერზე, რაც ებადა შინ და გარეთ.
- 6და დატოვა ყველაფერი, რაც ებადა, იოსების ხელში. და აღარაფერზე ფიქრობდა, გარდა სასმელ-საჭმელისა. და იყო იოსები მშვენიერი თვალად და ტანად.
- 7ამ ამბების შემდეგ იყო, რომ თვალი დაადგა მისი ბატონის ცოლმა იოსებს და უთხრა: „დაწექი ჩემთან!“
- 8და იუარა იოსებმა, და უთხრა თავისი ბატონის ცოლს: „ჩემმა ბატონმა არც კი იცის, რა არის სახლში, მთელი თავისი საბადებელი ხელში ჩამაბარა.
- 9არავინაა ჩემზე დიდი ამ სახლში. და ჩემთვის არაფერი დაუკავებია მას, შენს გარდა, რადგან ცოლი ხარ მისი. როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?“
- 10ყოველდღე ელაპარაკებოდა ქალი იოსებს, მაგრამ ვერ დაიყოლია მასთან დაწოლაზე და ყოფნაზე.
- 11ერთ დღეს იოსები შევიდა სახლში თავის საქმეზე, როცა შინ არავინ იყო.
- 12ჩაებღაუჭა ქალი მის მოსასხამს, ამ სიტყვებით: „დაწექი ჩემთან!“ იოსებმა მას ხელში შეატოვა თავისი მოსასხამი და გარეთ გავარდა.
- 13როცა დაინახა ქალმა, რომ ხელში შეატოვა იოსებმა მოსასხამი და გარეთ გავარდა,
- 14დაუძახა თავისი სახლის კაცებს, და უთხრა: „ხედავთ, მოგვიყვანა მან ებრაელი კაცი ჩვენს დასაცინად! შემოვიდა ჩემთან დასაწოლად, მაგრამ ხმამაღლა ვიყვირე.
- 15და როცა გაიგონა ჩემი კივილი, შემომატოვა თავისი მოსასხამი, გარეთ გავარდა და გაიქცა.“
- 16და ედო გვერდით იოსების მოსასხამი მისი ბატონის შინ დაბრუნებამდე,
- 17და მოუთხრო მას ეს ამბავი, ამ სიტყვებით: „შემოვიდა ჩემთან შენი მოყვანილი ებრაელი მონა ჩემს დასაცინად!
- 18და როცა ხმას ავუმაღლე და ვიკივლე, შემომატოვა თავისი მოსასხამი და გაიქცა!“
- 19როცა მოისმინა მისმა ბატონმა თავისი ცოლის სიტყვები, ასე და ასე მომექცაო შენი მსახური, ძალზე განრისხდა იგი.
- 20და წაიყვანა იოსები მისმა ბატონმა, და გადასცა იგი საპყრობილეს, სადაც მეფის პატიმრები იყვნენ დამწყვდეული. და იყო იგი იქ, საპყრობილეში.
- 21მაგრამ უფალი იყო იოსებთან და მოჰფინა მას წყალობა, და კეთილად გამოაჩინა იგი საპყრობილის უფროსის თვალში.
- 22და ჩააბარა საპყრობილის უფროსმა ყველა პატიმარი, ვინც კი საპყრობილეში იყო, იოსებს და მის გარეშე იქ არაფერი ხდებოდა.
- 23საპყრობილის უფროსი აღარაფერზე ზრუნავდა, რადგან უფალი იყო იოსებთან და რასაც აკეთებდა, უფალი ყველაფერში ხელს უმართავდა.
იტვირთება შემდეგი თავი