დაბადება — სბს–2013
იტვირთება წინა თავი
თავი 40
- 1ამ ამბების შემდეგ იყო, რომ ეგვიპტის ფარაონის მწდემ და მეპურემ შესცოდეს თავიანთი ბატონის, ეგვიპტის მეფის წინაშე.
- 2განურისხდა ფარაონი თავის ორ კარისკაცს: მწდეს და მეპურეს.
- 3და ჩაყარა ისინი საპყრობილეში, მცველთა უფროსის სახლში, სადაც იოსები იყო დამწყვდეული.
- 4მცველთა უფროსმა მიუჩინა მათ იოსები, და ის ემსახურებოდა მათ. და ასე იყვნენ ერთხანს საპყრობილეში.
- 5ერთ ღამეს ესიზმრა ორთავეს სიზმარი, თითოეულს თავისი, საკუთრივ ასახსნელი სიზმარი, ფარაონის მწდეს და მეპურეს, საპყრობილეში რომ იყვნენ დამწყვდეულნი.
- 6და მივიდა დილით მათთან იოსები და ნახა, რომ შეწუხებულები იყვნენ.
- 7და ჰკითხა მან ფარაონის კარისკაცებს, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ პატიმრად მისი ბატონის საპყრობილეში: „რატომ ჩამოგტირით სახე დღეს?“
- 8და უთხრეს მას: „სიზმარი ვნახეთ და არავინაა, რომ აგვიხსნას.“ და უთხრა მათ იოსებმა: „განა ღვთისაგან არ არის ახსნა? აბა, მიამბეთ.“
- 9და უამბო მწდემ თავისი სიზმარი იოსებს, და უთხრა: „ვხედავ, სიზმარში ვაზია ჩემს წინ.
- 10და ვაზზე სამი ლერწია. და როგორც კი გაიფურჩქნა, გამოიღო კვირტები და დამწიფდა ყურძენი.
- 11და ფარაონის თასი მიპყრია ხელთ. და მოვწყვიტე მტევნები, ჩავწურე თასში და მივართვი ფარაონს.“
- 12და უთხრა მას იოსებმა: „აჰა, მისი ახსნა: სამი ლერწი სამი დღეა.
- 13სამი დღის შემდეგ ფარაონი აგამაღლებს და დაგაბრუნებს შენს თანამდებობაზე. და ხელში მიაწვდი ფარაონს თასს უწინდებურად, როცა მისი მწდე იყავი.
- 14ოღონდ გამიხსენე, როცა კარგად წაგივა საქმე, მიყავი სიკეთე, და გაახსენე ჩემი თავი ფარაონს და გამომიყვანე ამ სახლიდან,
- 15რადგან მოპარული ვარ ებრაელთა ქვეყნიდან და აქაც არაფერი ჩამიდენია ისეთი, დილეგში რომ ჩამაგდეს.“
- 16და დაინახა მეპურეთუხუცესმა, რომ კეთილად ახსნა იოსებმა სიზმარი და უთხრა მას: „მეც ვნახე სიზმარი: აჰა, სამი დაწნული კალათა მადგას თავზე,
- 17და ზემო კალათაში ფარაონის ყოველგვარი სანოვაგეა, ხაბაზის ნახელავი, და ფრინველები ძიძგნიან მას ჩემს თავს ზემოთ იმ კალათიდან.“
- 18და მიუგო იოსებმა და უთხრა: „ესაა მისი ახსნა: სამი კალათა სამი დღეა.
- 19სამი დღის შემდეგ ფარაონი შენც აგამაღლებს, ოღონდ ხეზე ჩამოკიდებით და ფრინველები გამოგიჭამენ ხორცს.“
- 20მესამე დღეს, ფარაონის დაბადების დღეს, გაუმართა ფარაონმა ნადიმი თავის მსახურთ და გაიხსენა თავისი მწდე და მეპურე.
- 21და დააბრუნა მწდე თავისსავე ადგილზე, და იგი კვლავ აწვდიდა თასს ფარაონს;
- 22ხოლო მეპურეთუხუცესი ხეზე ჩამოჰკიდა, როგორც აუხსნა მას იოსებმა.
- 23და არ გახსენებია მწდეს იოსები, დაივიწყა იგი.
იტვირთება შემდეგი თავი