დაბადება — სბს–2013
იტვირთება წინა თავი
თავი 41
- 1და ორი წლის თავზე დაესიზმრა ფარაონს: აჰა, დგას იგი ნილოსის პირას,
- 2და ნილოსიდან ამოდის კარგი შესახედავი, ხორცსავსე შვიდი ძროხა, და ბალახობენ ლელიანში.
- 3და აჰა, ამოჰყვება მათ ნილოსიდან კიდევ შვიდი სხვა ძროხა, შეუხედავი და ხორცდაყრილი, და დგებიან იმ ძროხების გვერდით ნილოსის პირას.
- 4და შეჭამეს შეუხედავმა და ხორცდაყრილმა ძროხებმა შვიდი კარგი შესახედავი და ხორცსავსე ძროხა. და ამაზე გაეღვიძა ფარაონს.
- 5და დაიძინა და კვლავ ესიზმრა: აჰა, შვიდი თავთავი ამოდის ერთ ღეროზე, სავსე და საღი.
- 6და აჰა, შვიდი თავთავი, ფშუტე და ხორშაკისგან დახრუკული, აღმოცენდა მათ შემდეგ.
- 7და გადაყლაპეს ფშუტე თავთავებმა შვიდი მსხვილი და სავსე თავთავი და ამაზე გაეღვიძა ფარაონს და მიხვდა, რომ ეს იყო სიზმარი.
- 8დილით შეშფოთდა მისი სული, იხმო ეგვიპტის ყველა გრძნეული და ბრძენი, და უამბო მათ ფარაონმა თავისი სიზმრები და ვერავინ აუხსნა ისინი ფარაონს.
- 9და დაელაპარაკა მწდეთუხუცესი ფარაონს და უთხრა: „ჩემი ცოდვები მახსენდება დღეს.
- 10ფარაონი განურისხდა თავის მსახურებს, და გადამცა მე ტუსაღად მცველთა უფროსის სახლში მეპურეთუხუცესთან ერთად.
- 11და დაგვესისზმრა სიზმარი ერთ ღამეს მეც და მასაც, თითოეულს საკუთრივ ასახსნელი სიზმარი დაგვესიზმრა.
- 12იქ ჩვენთან ერთად იყო ერთი ებრაელი ყმაწვილი, მცველთა უფროსის მსახური. და ვუამბეთ მას ჩვენი სიზმრები, და აგვიხსნა მან ისინი საკუთრივ.
- 13და როგორც აგვიხსნა ჩვენ, ისე აგვიხდა: მე ჩემს სამსახურში დამაბრუნა, ის კი ხეზე ჩამოჰკიდა.“
- 14და მიავლინა ფარაონმა იოსების მოსახმობად. და ის სასწრაფოდ ამოიყვანეს დილეგიდან. მან გაიპარსა, გამოიცვალა სამოსელი და წარუდგა ფარაონს.
- 15და უთხრა იოსებს ფარაონმა: „მესიზმრა მე სიზმარი, და არავინაა მისი ამხსნელი. და მე გავიგე შენზე, რომ იცი სიზმრების ახსნა.“
- 16და მიუგო იოსებმა ფარაონს: „მე რა შემიძლია, ღმერთი უპასუხებს ფარაონს სამშვიდობოდ.“
- 17და უამბო ფარაონმა იოსებს: „სიზმარში ვნახე, აჰა, ვდგავარ მდინარის პირას.
- 18და აჰა, ნილოსიდან ამოდის შვიდი ხორცსავსე და ლამაზი ძროხა და ლელიანში დაიწყეს ძოვა.
- 19აჰა, სხვა შვიდი ძროხა, უძლური, მეტისმეტად უგვანი და ხორცდაყრილი ამოჰყვა მათ. მთელ ეგვიპტეში მათზე უგვანო არაფერი მინახავს.
- 20და შეჭამეს ხორცდაყრილმა და უგვანმა ძროხებმა ის შვიდი ხორცსავსე ძროხა.
- 21და ჩაინთქნენ მათ მუცლებში, და არ ეტყობოდათ, რომ ისინი ჩაინთქნენ მათ მუცლებში, და ისეთივე უსახონი დარჩნენ, როგორებიც იყვნენ, და გამომეღვიძა.
- 22და კვლავ ვიხილე სიზმარში: აჰა, შვიდი თავთავი ამოდის ერთ ღეროზე, სავსე და საღი.
- 23და აჰა, კვლავ შვიდი თავთავი, გამომშრალი, ფშუტე და ხორშაკისგან დახრუკული აღმოცენდა მათ შემდეგ.
- 24და ჩაყლაპეს ამ თავთავებმა ის შვიდი საღი თავთავი. და ვუამბე მე ეს გრძნეულებს, მაგრამ ვერავინ ამიხსნა.“
- 25და უთხრა იოსებმა ფარაონს: „ამ სიზმრებს ერთი ახსნა აქვს, რის ქმნასაც ღმერთი აპირებს, თავად ამცნობს ფარაონს:
- 26შვიდი საღი ძროხა შვიდი წელია, და შვიდი საღი თავთავიც შვიდი წელია; ეს ერთი სიზმარია.
- 27და შვიდი ძროხა, მჭლე და უგვანი, მათ შემდეგ ამოსული, შვიდი წელია. და შვიდი ფშუტე და ხორშაკისგან დახრუკული თავთავიც შიმშილობის შვიდი წელიწადია.
- 28ეს არის, რაც ფარაონს ვუთხარი; ღმერთმა უჩვენა ფარაონს, რის გაკეთებასაც აპირებს.
- 29და აი, მოდის დიდმოსავლიანი შვიდი წელი ეგვიპტის მთელ ქვეყანაში.
- 30და დადგება შიმშილობის შვიდი წელიწადი მათ შემდეგ და გაქრება ბარაქა ეგვიპტეში, და შიმშილი გააჩანაგებს ქვეყანას.
- 31და აღარავის ეცოდინება, რომ სიუხვე იყო ქვეყანაში, იმ შიმშილობის გამო, რომელიც შემდეგ დადგება, რადგან ის მეტისმეტად მძიმე იქნება.
- 32და რაკი გაუმეორდა სიზმარი ფარაონს, ეს ნიშნავდა, რომ გადაწყვეტილია ღვთისაგან ეს საქმე და ღმერთი დაააჩქარებს მის აღსრულებას.
- 33და ახლა გამონახოს ფარაონმა გამჭრიახი და ბრძენი კაცი და დაუყენოს ეგვიპტის ქვეყანას განმგებლად.
- 34ასე უნდა გააკეთოს ფარაონმა: ზედამხედველები დაადგინოს ქვეყანაში, რათა მოსავლის მეხუთედი ახდევინონ ხალხს შვიდ მოსავლიან წელიწადში.
- 35და დააგროვონ ამ მომავალი დოვლათიანი წლების მთელი საზრდო, დაახვავონ მარცვალი ფარაონის გამგებლობაში ქალაქთა საზრდოდ, და გაუფრთხილდნენ.
- 36და იყოს ეს საზრდო ქვეყნისათვის მარაგად შვიდწლიანი შიმშილობის დროს, ეგვიპტის ქვეყანაში რომ დადგება, და არ გაწყდება ქვეყანა შიმშილით.“
- 37და მოეწონათ ნათქვამი ფარაონსა და მის მსახურთ.
- 38და უთხრა ფარაონმა თავის მსახურებს: „ნუთუ ვიპოვით ჩვენ ისეთ კაცს, როგორიც ეს არის, რომელშიც ღვთის სულია?“
- 39და უთხრა ფარაონმა იოსებს: „რაკი ღმერთმა გაუწყა ეს, აქ არავინაა შენზე გამჭრიახი და ბრძენი!
- 40შენ იქნები ჩემი სახლის გამგებელი და შენს ბაგეს დაემორჩილება მთელი ჩემი ხალხი. და მხოლოდ ტახტით ვიქნები შენზე აღმატებული.“
- 41და უთხრა ფარაონმა იოსებს: „აჰა, დამიდგენიხარ ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე.“
- 42და წაიძრო ხელიდან ფარაონმა ბეჭედი და გაუკეთა იოსებს ხელზე. და შემოსა იგი ბისონის სამოსლით, და ჩამოჰკიდა მას ოქროს ჯაჭვი კისერზე.
- 43და ბრძანა მოეტარებინათ იგი თავისი მეორე ეტლით და ეყვირათ მის წინაშე: „დაიჩოქეთ!“ და დაადგინა იგი ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე.
- 44და უთხრა ფარაონმა იოსებს: „მე ვარ ფარაონი და უშენოდ თითსაც ვერავინ გაანძრევს ეგვიპტის მთელ ქვეყანაში.“
- 45და უწოდა ფარაონმა იოსებს სახელად ცაფნათ-ფაყნეახი, და მისცა მას ცოლად ასენათი, ონის ქურუმის – ფოტიფერაყის ასული. და ცნობილი გახდა იოსები ეგვიპტის მთელ ქვეყანაში.
- 4630 წლისა იყო იოსები, როცა წარდგა ეგვიპტის ფარაონის წინაშე. და გამოვიდა იოსები ფარაონისაგან და მოიარა მთელი ეგვიპტის ქვეყანა.
- 47და სიუხვის შვიდწლეულში გამოიღო მიწამ დიდი მოსავალი.
- 48და შეაგროვა მან შვიდი წლის საზრდო – მოსავალი, რომელიც იყო ეგვიპტის ქვეყანაში, და მოიმარაგა საზრდო ქალაქებში. თითოეულ ქალაქს თავის გარშემო მინდვრებიდან მოწეული საზრდო დაურიგა.
- 49და დაახვავა იოსებმა მარცვლეული ზღვის ქვიშასავით, იმდენი, რომ შეწყვიტა მისი აღრიცხვა, რადგან აღარ იყო სათვალავი.
- 50შიმშილობის წლების დადგომამდე იოსებს შეეძინა ორი ვაჟი, რომლებიც უშვა მას ასენათმა, ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასულმა.
- 51და დაარქვა იოსებმა პირმშოს სახელად მანაშე, რაც ნიშნავს: „დამავიწყა მე ღმერთმა მთელი ჩემი ტანჯვა და სახლი მამაჩემისა.“
- 52და უწოდა მეორეს სახელად ეფრემი, რაც ნიშნავს: „ნაყოფიერ-მყო მე ღმერთმა ჩემი ტანჯვის ქვეყანაში.“
- 53და გასრულდა შვიდი წელიწადი სიუხვისა, ეგვიპტის ქვეყანაში რომ იდგა.
- 54და დაიწყო შიმშილობის შვიდი წელიწადი, როგორც ნათქვამი ჰქონდა იოსებს. და იყო შიმშილობა ყველა ქვეყანაში, ეგვიპტელებს კი ჰქონდათ პური.
- 55და დაიმშა მთელი ეგვიპტის ქვეყანა და შეღაღადა ხალხმა ფარაონს, რათა მიეცა მისთვის პური. და უთხრა ფარაონმა მთელს ეგვიპტეს: „მიდით იოსებთან და, როგორც გეტყვით, ისე მოიქეცით.“
- 56და იყო შიმშილობა მთელს მიწის პირზე და გახსნა იოსებმა ყველა ბეღელი და მიჰყიდა პური ეგვიპტელებს. მაგრამ შიმშილი ეგვიპტის ქვეყანაში ძლიერდებოდა.
- 57და ყველა ქვეყნიდან მოდიოდნენ ეგვიპტეში იოსებთან პურის საყიდლად, რადგან შიმშილი მძვინვარებდა მთელ ქვეყანაზე.
იტვირთება შემდეგი თავი