დაბადება — სბს–2013
იტვირთება წინა თავი
თავი 42
- 1და გაიგო იაკობმა, რომ იპოვება პური ეგვიპტეში, და უთხრა თავის ვაჟებს: „რას უყურებთ ერთმანეთს?
- 2გავიგე, რომ არის პური ეგვიპტეში. ჩადით იქ და იყიდეთ პური, რათა შიმშილით არ დავიხოცოთ!“
- 3და ჩავიდა იოსების ათი ძმა ხორბლის საყიდლად ეგვიპტეში.
- 4და ბენიამინი, იოსების ძმა, არ გააყოლა იაკობმა მის ძმებს, იფიქრა: უბედურება არ შეემთხვესო.
- 5და მივიდნენ ისრაელის ძენი პურის საყიდლად სხვა მიმსვლელთა შორის, რადგან იყო შიმშილი ქანაანის ქვეყანაში.
- 6იოსები იყო იმ ქვეყნის განმგებელი. იგი ასყიდებდა მარცვლეულს ქვეყნის ყველა ხალხს. და მივიდნენ იოსების ძმები მასთან და მდაბლად დაუკრეს თავი.
- 7დაინახა იოსებმა თავისი ძმები და იცნო ისინი. მაგრამ არ გაუმხილა მათ თავი, და მკაცრად ელაპარაკა, და უთხრა: „საიდან მოხვედით?“ და უთხრეს: „ქანაანის ქვეყნიდან, საზრდოს საყიდლად.“
- 8იცნო იოსებმა თავისი ძმები, მათ კი ვერ იცნეს იგი.
- 9და გაახსენდა იოსებს სიზმრები, მათზე რომ დაესიზმრა. და უთხრა მათ: „მსტოვრები ხართ თქვენ და ამ ქვეყნის დასაზვერად მოხვედით.“
- 10უთხრეს მათ: „არა, ბატონო! საზრდოს საყიდლად მოვედით შენი მსახურნი.
- 11ყველანი ერთი მამის შვილები ვართ, პატიოსანი ხალხი ვართ. მსტოვრები არ არიან შენი მსახურნი!“
- 12უთხრა იოსებმა: „არა, ამ ქვეყნის დასაზვერად მოხვედით თქვენ!“
- 13მათ უთხრეს: „12 ძმანი ვიყავით შენი მსახურნი, ერთი კაცის შვილები, ქანაანის ქვეყანაში. უმცროსი ახლა მამასთანაა, ერთი კი აღარა გვყავს.“
- 14და თქვა იოსებმა: „ასეა, როგორც გითხარით, მსტოვრები ხართ-მეთქი.
- 15უნდა გამოგცადოთ, ფარაონს ვფიცავ, ვერ გახვალთ აქედან, თუ თქვენი უმცროსი ძმა აქ არ მოვა.
- 16გაგზავნეთ ერთი თქვენგანი, და მოიყვანოს თქვენი ძმა. დანარჩენები დატყვევებულები იქნებით. და შემოწმდება თქვენი სიტყვები. და თუ მართლები არა ხართ, მაშინ, ვფიცავ ფარაონს, მსტოვრები ყოფილხართ.“
- 17და გაუშვა ისინი საპყრობილეში სამი დღით.
- 18და უთხრა მათ იოსებმა მესამე დღეს: „ასე გააკეთეთ და ცოცხლები დარჩებით. ღვთის მოშიში ვარ მე.
- 19თუ თქვენ პატიოსნები ხართ, დარჩეს თქვენი ერთი ძმა იმ საპყრობილეში, სადაც თქვენა ხართ, თქვენ კი წადით, მიიტანეთ პური თქვენს დამშეულ სახლში.
- 20აქ მომიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა, რათა დამტკიცდეს თქვენი ნათქვამი და აგცდეთ სიკვდილი.“ და ასეც მოიქცნენ.
- 21უთხრეს ერთმანეთს: „მართლაც დამნაშავე ვართ ჩვენს ძმასთან, რადგან ვუყურებდით მის ტანჯვას და არ შევიბრალეთ, როცა გვევედრებოდა. ამიტომაც დაგვატყდა თავს ეს გასაჭირი.“
- 22და მიუგო რეუბენმა და უთხრა მათ: „ხომ გეუბნებოდით, ნუ შესცოდავთ-მეთქი ბავშვის წინააღმდეგ, და არ გამიგონეთ. და აჰა, მოგვეკითხა კიდეც მისი სისხლი.“
- 23მათ არ იცოდნენ, რომ ესმოდა იოსებს მათი სიტყვები, რაკი თარჯიმანი იდგა მათ შორის.
- 24და მოცილდა მათ იოსები და ატირდა. მერე კვლავ მიუბრუნდა მათ და ელაპარაკა, სიმეონი კი მათ თვალწინ დააპატიმრა.
- 25და ბრძანა იოსებმა, ხორბლით აევსოთ მათი ტომრები, მათი გადახდილი ფული მათ ტომრებში ჩაებრუნებინათ, და საგზალი მიეცათ. ასეც გააკეთეს.
- 26და აჰკიდეს პური სახედრებს და წავიდნენ.
- 27და გახსნა ერთმა თავისი ტომარა, რათა მიეცა საკვები სახედრისათვის ღამის თევისას, და დაინახა თავისი ვერცხლი ტომარაში.
- 28და უთხრა მან თავის ძმებს: „უკან დაუბრუნებიათ ჩვენი ვერცხლი, აი, ჩემს ტომარაშია.“ და გულები შეუკრთათ და ერთმანეთს კანკალით უთხრეს: „ეს რას გვიშვრება ღმერთი?“
- 29და მივიდნენ იაკობთან, თავის მამასთან, ქანაანის ქვეყანაში, და უამბეს მას ყოველივე, რაც შეემთხვათ, ამ სიტყვებით:
- 30„მკაცრად გველაპარაკა იმ ქვეყნის ბატონი, მსტოვრებად მიგვიჩნია.
- 31ვუთხარით: ‘არა ვართ მსტოვრები, პატიოსანი ხალხი ვართ;
- 3212 ძმანი ვიყავით, ძენი მამაჩვენისა, ახლა ერთი გვაკლია, უმცროსი კი მამასთანაა, ქანაანის ქვეყანაში.’
- 33გვითხრა იმ კაცმა, ქვეყნის ბატონმა: ‘ამით გავიგებ, პატიოსნები ხართ თუ არა: ერთი ძმა დამიტოვეთ, თქვენ კი აიღეთ პური დამშეული თქვენიანებისთვის და წადით.
- 34მომიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა და დავიჯერებ, რომ პატიოსნები ხართ და არა ხართ მსტოვრები. და დაგიბრუნებთ თქვენს ძმას, და მშვიდობით გაივლით ამ ქვეყანას.’“
- 35ცლიდნენ ისინი თავიანთ ტომრებს, და აჰა, თითოეულის ვერცხლის ქისა ტომარაშია. და დაინახეს თავ-თავიანთი ვერცხლის ქისები, მათ და მათმა მამამ, და შეეშინდათ.
- 36და უთხრა მათ იაკობმა, მათმა მამამ: „შვილები წამართვით – იოსები აღარ მყავს! სიმეონი აღარ მყავს! ახლა ბენიამინი მიგყავთ. ყველაფერი თავს დამატყდა!“
- 37და უთხრა რეუბენმა მამას: „ჩემი ორი შვილი მომიკალი, თუ უკან არ მოგიყვანო ბენიამინი! მე ჩამაბარე და მევე დაგიბრუნებ!“
- 38უთხრა მას მამამ: „არ წამოვა თქვენთან ჩემი შვილი, რადგან მისი ძმა მოკვდა, ეს კი მარტოდ დარჩა. და თუ შეემთხვევა ფათერაკი იმ გზაზე, რომელზეც დგახართ, გამწარებულს ჩაიყვანთ ჩემს ჭაღარას შავეთში!“
იტვირთება შემდეგი თავი