დაბადება — სბს–2013
იტვირთება წინა თავი
თავი 43
- 1შიმშილობა გაძლიერდა ქვეყანაზე.
- 2და როცა გაუთავდათ ეგვიპტიდან ჩამოტანილი პური, უთხრა მათ მამამ: „გაბრუნდით, კიდევ გვიყიდეთ ჩვენთვის მცირედი საზრდო.“
- 3და უთხრა მას იუდამ: „მკაცრად გაგვაფრთხილა ჩვენ იმ კაცმა და გვითხრა: თვალით არ დამენახოთ, თუ თქვენი ძმა თქვენთან არ იქნებაო.
- 4თუ გაგვაყოლებ ჩვენს ძმას, ჩავალთ და გიყიდით საზრდოს.
- 5თუ არ გაგვაყოლებ, ვერ ჩავალთ, რადგან გვითხრა იმ კაცმა, თვალით არ დამენახოთ, თუ თქვენი ძმა თქვენთან არ იქნებაო.“
- 6თქვა ისრაელმა: „მიბოროტეთ, რად გაუმხილეთ იმ კაცს, რომ კიდევ გყავთ ძმა?“
- 7უთხრეს: „ჩაძიებით გვეკითხებოდა ის კაცი ჩვენზე და ჩვენს მოდგმაზე: ჯერ კიდევ ცოცხალია მამათქვენიო, კიდევ გყავთო ძმა? ჩვენც ვუამბეთ ყველაფერი. რა ვიცოდით, თუ გვეტყოდა, თქვენი ძმა ჩამოიყვანეთო?“
- 8და უთხრა იუდამ ისრაელს, თავის მამას: „გამატანე ყმაწვილი. ავდგებით და წავალთ, და შიმშილით არ დავიხოცებით, – არც ჩვენ, არც შენ და არც ჩვენი წვრილშვილი!
- 9მე ვარ თავდები მისი, ჩემი ხელიდან მოითხოვე იგი. თუ არ მოგიყვანო და წინ არ დაგიყენო, მთელი სიცოცხლე შემცოდე ვიყო შენს წინაშე!
- 10რომ არ დავყოვნებულიყავით, აქამდე ორჯერ ვიქნებოდით უკან დაბრუნებული.“
- 11და უთხრა მათ ისრაელმა, მათმა მამამ: „თუ ასეა, ეს მაინც გააკეთეთ: გაავსეთ ჭურჭლები ამ ქვეყნის დოვლათით, ჩაუტანეთ იმ კაცს ძღვნად მცირეოდენი ბალზამი და თაფლი, საკმეველი და შტახსი, ფუსტუღი და ნუში.
- 12და ორმაგი ვერცხლი წაიღეთ თან. და თქვენს ტომრებში ნაპოვნი ვერცხლიც დაუბრუნეთ. ეგებ შეცდომა იყო.
- 13და თქვენი ძმაც წაიყვანეთ. ადექით და წადით იმ კაცთან.
- 14და ყოვლადძლიერმა ღმერთმა მოგცეთ თქვენ შებრალება იმ კაცის წინაშე, და გამოუშვას თქვენი სხვა ძმაც და ბენიამინიც. მე კი, როგორც ვიყავი შვილმკვდარი მამა, ისე შვილმკვდრად დავრჩები.“
- 15და აიღეს კაცებმა ეს საჩუქარი და ორმაგი ვერცხლი, და თან წაიყვანეს ბენიამინი. და ჩავიდნენ ეგვიპტეში, და წარდგნენ იოსების წინაშე.
- 16და დაინახა იოსებმა მათთან ბენიამინი და უთხრა თავისი სახლის მოურავს: „მიიყვანე ეს ხალხი სახლში, და დაკალი საკლავი და მოამზადე, რადგან ჩემთან უნდა ჭამოს პური ამ ხალხმა შუადღისას.“
- 17და გააკეთა იმ კაცმა ისე, როგორც იოსებმა უბრძანა, და მიიყვანა ისინი იოსების სახლში.
- 18და შეეშინდათ ძმებს იოსების სახლში რომ მიიყვანეს, თქვეს: „ვერცხლის გამო ვართ მოყვანილი, მაშინ რომ ტომრებში ჩაგვიდეს. და ცილს დაგვწამებენ და თავს დაგვესხმიან, რომ მონებად გაგვიხადონ და ჩვენს სახედრებსაც დაეპატრონონ.“
- 19და მივიდნენ ისინი იოსების სახლის მოურავთან, და ელაპარაკნენ მას სახლის შესასვლელთან.
- 20და უთხრეს მას: „მოგვისმინე, ბატონო! ჩვენ უწინაც ჩამოვსულვართ აქ საზრდოს საყიდლად,
- 21და როცა მივედით ჩვენ ღამისსათევში და გავხსენით ჩვენი ტომრები, ვნახეთ ჩვენი ვერცხლი ჩვენსავე ტომრებში. და გიბრუნებთ მას ჩვენივე ხელით.
- 22და სხვა ვერცხლი ჩამოვიტანეთ ჩვენი ხელით საზრდოს საყიდლად. არ ვიცით, ვინ ჩაგვიდო ჩვენი ვერცხლი ჩვენს ტომრებში!“
- 23და უთხრა მან: „მშვიდად იყავით, ნუ გეშინიათ! თქვენმა ღმერთმა, თქვენი მამების ღმერთმა ჩაგიდოთ განძი ტომრებში. რადგან მაშინ თქვენი ვერცხლი უკანვე დამიბრუნდა.“ და გამოიყვანა მათთან სიმეონი.
- 24და შეიყვანა იმ კაცმა ეს ხალხი იოსების სახლში, და მისცა წყალი და დაიბანეს ფეხები. და მისცა საკვები მათ სახედრებს.
- 25და მოამზადეს ძღვენი შუადღისას იოსების მოსვლისათვის, რადგან გაიგეს, რომ იქ უნდა ეჭამათ პური.
- 26და მოვიდა იოსები სახლში და მიართვეს მას ძღვენი, ხელთ რომ ჰქონდათ, და თაყვანი სცეს მდაბლად.
- 27და მოიკითხა იოსებმა ისინი და უთხრა: „ხომ მშვიდობითაა თქვენი მოხუცი მამა, რომელზეც თქვენ მელაპარაკეთ? ხომ ჯერაც ცოცხალია?“
- 28მათ უთხრეს: „მშვიდობით არის მამაჩვენი, შენი მსახური, ჯერაც ცოცხალია. და ქედი მოიხარეს ძმებმა და თაყვანი სცეს.“
- 29და აღაპყრო იოსებმა თვალი, და დაინახა თავისი ძმა ბენიამინი, თავისი დედის ძე. და იკითხა: „ეს ხომ არ არის თქვენი უმცროსი ძმა, რომელზეც მეუბნებოდით?“ და თქვა: „ღმერთი გწყალობდეს შენ, ჩემო შვილო!“
- 30და ვეღარ მოითმინა იოსებმა, რადგან გულ-ღვიძლი დაეწვა თავისი ძმის გამო, და ტირილი მოუნდა და გავიდა თავის ოთახში და იქ ატირდა.
- 31დაიბანა პირი, გამოვიდა, და გაიმაგრა თავი. და ბრძანა: „მოგვიტანეთ საჭმელი.“
- 32და მოართვეს მას ცალკე და იმათ – ცალკე, და მასთან მეინახე ეგვიპტელებს ცალკე, რადგან არ შეეძლოთ ეგვიპტელებს პურის ჭამა ებრაელებთან. სისაძაგლე იყო ეს ეგვიპტელთათვის.
- 33და დასხდნენ მის პირისპირ უფროს-უმცროსობის მიხედვით. და გაოცებით უყურებდნენ ერთმანეთს კაცები.
- 34და უგზავნიდა მათ იოსები თავისი სუფრიდან კერძს. და ბენიამინის კერძი ხუთჯერ მეტი იყო სხვების კერძზე. და სვეს და შეთვრნენ მასთან ერთად.
იტვირთება შემდეგი თავი