დაბადება — სბს–2013
იტვირთება წინა თავი
თავი 44
- 1და უბრძანა იოსებმა თავის სახლის მოურავს: „აავსე ამ კაცების ტომრები იმდენი საზრდოთი, რამდენის წაღებასაც შესძლებენ, და დაუდევი თითოეულს თავისი ვერცხლი ტომრის პირზე.
- 2და ჩემი ვერცხლის თასი ჩადევი უმცროსის ტომარაში, და იქვე ჩადე მის მიერ ხორბალში გადახდილი ვერცხლი.“ და მან გააკეთა ისე, როგორც იოსებმა ბრძანა.
- 3განთიადისას გაუშვეს ეს ხალხი თავიანთი სახედრებით.
- 4ქალაქს შორს არ იყვნენ გაცილებულნი, რომ იოსებმა უთხრა თავისი სახლის მოურავს: „დაედევნე იმ ხალხს, დაეწიე და უთხარი: ‘ბოროტებით რატომ გადაუხადეთ-თქო სიკეთე?
- 5რად მოიპარეთ ვერცხლის თასი? ამით არის, რომ სვამს ჩემი ბატონი. ამით არის, რომ მარჩიელობს. ცუდი საქმე გიქნიათ!’“
- 6და დაეწია მათ და უთხრა ეს სიტყვები.
- 7და უპასუხეს მას: „რად ლაპარაკობს ჩემი ბატონი ასეთ სიტყვებს? ღმერთმა დაიფაროს შენი მსახურები ამგვარი საქმის ჩადენისგან!
- 8ის ვერცხლი, რომელიც ვიპოვეთ ადრე ჩვენს ტომრებში, დაგიბრუნეთ ქანაანის ქვეყნიდან, და ახლა როგორღა მოვიპარავდით შენი ბატონის სახლიდან ვერცხლს ან ოქროს?!
- 9თუ რომელიმე ჩვენგანს, შენს მსახურთაგანს, აღმოაჩნდება, მოკვდეს იგი, ჩვენ კი დავემონებით ჩვენს ბატონს!“
- 10მან თქვა: „თქვენი სიტყვებისამებრ იყოს. ვისაც აღმოაჩნდება, იგი გამიხდეს მონად და დანარჩენები უდანაშაულო იქნებით.“
- 11სწრაფად ჩამოიღო თითოეულმა თავისი ტომარა, და მოხსნეს პირი.
- 12გაჩხრეკა უფროსით დაიწყო და უმცროსით დაამთავრა. და აღმოჩნდა თასი ბენიამინის ტომარაში.
- 13და შემოიხიეს მათ სამოსელი მწუხარების ნიშნად, ხელახლა დატვირთეს თავიანთი სახედრები და უკან დაბრუნდნენ ქალაქში.
- 14და მივიდნენ იუდა და მისი ძმები იოსების სახლში, ის ჯერ კიდევ იქ იყო, და დაემხნენ მის წინაშე მიწაზე.
- 15უთხრა მათ იოსებმა: „ეს რა გააკეთეთ? ნუთუ არ იცოდით, რომ ისეთი მისანი კაცი, როგორიც მე ვარ, ყოველივეს გამოიცნობდა?“
- 16თქვა იუდამ: „რა ვუთხრათ ჩვენს ბატონს? რა ვთქვათ, რითი ვიმართლოთ თავი? ღმერთმა ჰპოვა შენი მსახურების დანაშაული, და გავხდით ჩვენ მონები ჩვენი ბატონისა, ჩვენც და ისიც, ვის ხელშიც აღმოჩნდა თასი.“
- 17და თქვა იოსებმა: „ღმერთმა დამიფაროს ამისაგან! კაცი, რომლის ხელშიც აღმოჩნდა თასი, იქნება ჩემი მონა, თქვენ კი მშვიდობით წახვალთ მამათქვენთან!“
- 18და მიეახლა მას იუდა, და უთხრა: „გევედრები, ბატონო, ათქმევინე სიტყვა შენს მსახურს, რომ მოისმინოს ჩემი ბატონის ყურებმა. ნუ განურისხდები შენს მსახურს, რადგან შენ ფარაონის ტოლი ხარ!
- 19ჩემმა ბატონმა გვკითხა მის მსახურთ: მამა ან ძმა თუ გყავთო.
- 20და ვუთხარით ჩვენ ბატონს, რომ გვყავს მოხუცებული მამა და მისი სიბერის ძე, უმცროსი ძმა, რომელსაც მოუკვდა ძმა და ისღა დარჩა თავისი დედისაგან, და ამიტომაც უყვარს იგი მამამისს.
- 21და გვითხარი შენს მსახურთ: ჩამოიყვანეთ, ჩემი თვალით ვნახოო.
- 22და ვუთხარით ჩვენს ბატონს: ‘არ შეუძლია ყმაწვილს მამის მიტოვება, მიატოვებს და კიდეც მოკვდება მამამისი.’
- 23მაგრამ შენ გვითხარი შენს მსახურთ: თუ არ ჩამომიყვანთ თქვენს უმცროს ძმას, თვალით ვერ მიხილავთო.
- 24ჩვენ მივედით მამაჩვენთან, შენს მსახურთან, და გადავეცით ჩემი ბატონის სიტყვები.
- 25და გვითხრა მამაჩვენმა: ‘დაბრუნდით და იყიდეთ ჩვენთვის მცირედი საზრდო.’
- 26ვუთხარით: ‘არ შეგვიძლია წასვლა, ხოლო თუ ჩვენი უმცროსი ძმა იქნება ჩვენთან, მაშინ წავალთ, რადგან, ვერ შევხედავთ იმ კაცს თვალებში, თუ ჩვენი უმცროსი ძმა არ იქნება ჩვენთან.’
- 27და გვითხრა შენმა მსახურმა, მამაჩვენმა: ‘თქვენ იცით, რომ ორი ძე მიშვა მე ჩემმა ცოლმა.
- 28წავიდა ერთი ჩემგან, და ვთქვი: ნამდვილად მხეცმა დაგლიჯა-მეთქი. იგი აქამდე აღარ მინახავს.
- 29და მიგყავთ ესეც და უბედურება შეემთხვევა გზაზე და სიმწარით ჩაიყვანთ ჩემს ჭაღარას შავეთში.’
- 30და ახლა, როცა მივალთ შენს მსახურთან, მამაჩემთან, და ეს ყმაწვილი არ იქნება ჩვენთან, რომლის სულთანაც გადასკვნილია მისი სული,
- 31დაინახავს, რომ არ არის ყმაწვილი, და მოკვდება, და სიმწარით ჩავიყვანთ შენი მსახურნი მამაჩვენის, შენი მსახურის, ჭაღარას შავეთში.
- 32რადგან შენმა მსახურმა ჩავიბარე ეს ყმაწვილი მამაჩემისგან, ვთქვი: თუ არ მოგიყვანე იგი, შემცოდე ვიყო-მეთქი მამის წინაშე მთელი სიცოცხლე.
- 33და ახლა მე, შენი მსახური, დავრჩები მონად ჩემ ბატონთან ამ ყმაწვილის ნაცვლად, ეს ყმაწვილი კი წავიდეს თავის ძმებთან ერთად,
- 34რადგან როგორ მივიდე მამაჩემთან, თუ ყმაწვილი არ იქნება ჩემთან? ნუმც მოვსწრებივარ უბედურებას, რომელიც მამაჩემს ეწევა!“
იტვირთება შემდეგი თავი