დაბადება — სბს–2013
იტვირთება წინა თავი
თავი 45
- 1ვეღარ შეძლო იოსებმა თავის შეკავება მხლებელთა წინაშე და იყვირა: „გაიყვანეთ ჩემგან ყველანი!“ და უცხო არავინ იყო იოსებთან, როცა გაუმხილა მან თავისი ვინაობა ძმებს.
- 2და ხმამაღლა ატირდა, და გაიგონეს ეგვიპტელებმა, და გაიგონა ფარაონის სახლმაც.
- 3და უთხრა თავის ძმებს: „მე ვარ იოსები. მაშ კიდევ ცოცხალია მამაჩემი?“ და ვერ შეძლეს მისთვის პასუხის გაცემა ძმებმა, რადგან შეცბნენ ისინი.
- 4და უთხრა იოსებმა თავის ძმებს: „მომიახლოვდით!“ და მივიდნენ ისინი. და მან თქვა: „იოსები ვარ, თქვენი ძმა, ეგვიპტეში რომ გამყიდეთ.
- 5ახლა ნუღარ იწუხებთ და ნურც თავს გაკიცხავთ, აქ რომ გამყიდეთ, რადგან თქვენი სიცოცხლის სახსრად მომავლინა აქ ღმერთმა თქვენზე უწინ.
- 6რადგან ეს ორი წელი შიმშილობაა ქვეყანაზე, და კიდევ ხუთი წელი არ იქნება ხვნა და მკა.
- 7მომავლინა ღმერთმა თქვენზე უწინ თქვენი ნატამალის გადასარჩენად ამ ქვეყანაზე და თქვენი სიცოცხლის შესანარჩუნებლად დიდი ხსნის მეოხებით.
- 8თქვენ კი არ გამომგზავნეთ აქ, არამედ ღმერთმა დამადგინა ფარაონის მამად და მთელი მისი სახლის ბატონად, და მთელი ეგვიპტის ქვეყნის მთავრად.
- 9იჩქარეთ და ადით მამაჩემთან, და უთხარით მას: ‘ასე ამბობს შენი შვილი იოსები: ღმერთმა დამადგინა მთელი ეგვიპტის ბატონად. ჩამოდი ჩემთან, ნუ დაყოვნდები.
- 10და იცხოვრე გოშენის მხარეში, ახლოს იქნებით ჩემთან შენ და შენი შვილები, შენი შვილთაშვილები, შენი ცხვარი და ძროხა და ყველაფერი, რაც გაბადია.
- 11და აქ მე გარჩენ, რადგან კიდევ ხუთი წელი გასტანს შიმშილობა, რათა არ გაჩანაგდეთ შენ და შენი სახლი და ყველაფერი, რაც გაბადია.’
- 12ხომ ხედავენ თქვენი თვალები და ჩემი ძმის, ბენიამინის თვალები, რომ ჩემი ბაგეები გელაპარაკებიან თქვენ.
- 13უამბეთ მამაჩემს მთელი ჩემი დიდების ამბავი ეგვიპტეში და ყველაფერი, რაც ნახეთ. და იჩქარეთ და ჩამოიყვანეთ მამაჩემი!“
- 14და ყელზე გადაეჭდო თავის ძმას, ბენიამინს და ატირდა; და ბენიამინიც ტიროდა მის მკერდზე.
- 15და გადაკოცნა ყველა ძმა, და ტიროდა მათთან ერთად. და მხოლოდ ამის შემდეგ დაელაპარაკნენ მას ძმები.
- 16მიაღწია ხმამ ფარაონის სახლამდე, იოსების ძმები ჩამოვიდნენო. და ეამა ეს ფარაონსა და მის მსახურებს.
- 17და უთხრა ფარაონმა იოსებს: „უთხარი შენს ძმებს: ასე მოიქეცით-თქო: დატვირთეთ თქვენი პირუტყვი და გასწიეთ ქანაანის ქვეყანაში.
- 18და წამოიყვანეთ თქვენი მამა და თქვენ-თქვენი სახლეული, და ჩემთან მოდით. და მოგცემთ ეგვიპტის ქვეყნის საუკეთესო მიწებს, და ჭამეთ ამ მიწის დოვლათი.
- 19შენ კი გებრძანა, რომ უთხრა მათ: ‘ასე გააკეთეთ, წაიყოლეთ ეგვიპტის ქვეყნიდან ეტლები თქვენი წვრილშვილისათვის და თქვენი ცოლებისათვის, და წამოიყვანეთ მამათქვენი და ჩამოდით;
- 20თვალი ნუ დაგრჩებათ თქვენს ქონებაზე, რადგან მთელი ეგვიპტის ქვეყნის დოვლათი თქვენი იქნება.’“
- 21და ასეც გააკეთეს ისრაელის ძეებმა. და მისცა მათ იოსებმა ეტლები და საგზალი ფარაონის ბრძანებისამებრ.
- 22თითოეულ მათგანს მისცა თითო ხელი სამოსელი, ხოლო ბენიამინს მისცა სამასი ვერცხლი და ხუთი ხელი სამოსელი.
- 23და მამამისს კი გაუგზავნა 10 სახედარი, ეგვიპტური დოვლათით დატვირთული, და 10 ჭაკი ვირი, ხორბლითა და პურით დატვირთული, და საგზალი – მამამისის სამგზავროდ.
- 24და გაუშვა თავისი ძმები, და ისინიც წავიდნენ. და უთხრა მათ: „ნუ იდავებთ გზაში.“
- 25და წავიდნენ ისინი ეგვიპტიდან, და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში იაკობთან, თავიანთ მამასთან.
- 26და შეატყობინეს, რომ ცოცხალია იოსები, და რომ მთელი ეგვიპტის ქვეყნის განმგებელია. და გაოგნდა იგი, რადგან ვერ დაეჯერებინა მათი ნათქვამი.
- 27და გადასცეს მას იოსების ყოველი სიტყვა, და დაინახა მან ეტლები, იოსებს რომ გამოეგზავნა მის წასაყვანად, და გაცოცხლდა მათი მამის, იაკობის სული.
- 28და თქვა ისრაელმა: „კმარა! ცოცხალია ჩემი შვილი იოსები! წავალ და ვნახავ, სანამ ცოცხალი ვარ!“
იტვირთება შემდეგი თავი