დაბადება — სბს–2013
იტვირთება წინა თავი
თავი 46
- 1და აიყარა ისრაელი, და თან წაიღო ყველაფერი, რაც ებადა, და მივიდა ბეერ-შებაყში, და შესწირა მსხვერპლი თავისი მამის, ისააკის, ღმერთს.
- 2და უთხრა ღმერთმა ისრაელს ღამის ხილვაში: „იაკობ! იაკობ!“ და თქვა: „აქა ვარ!“
- 3და უთხრა მან: „მე ვარ ღმერთი, ღმერთი მამაშენისა; ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლის, რადგან იქ გაქცევ დიდ ხალხად.
- 4მე წამოვალ შენთან ერთად ეგვიპტეში, და მევე გამოგიყვან უკან. და იოსები დაგიხუჭავს თვალებს თავისი ხელით.“
- 5და აიყარა იაკობი ბეერ-შებაყიდან. და წაიყვანეს მისმა ძეებმა იაკობი, თავისი მამა, და თავიანთი წვრილშვილი და ცოლები ეტლებით, ფარაონმა რომ გამოგზავნა.
- 6და წამოასხეს თავიანთი საქონელი, წამოიღეს თავიანთი ქონება, რომელიც მოიხვეჭეს ქანაანის ქვეყანაში, და ჩავიდნენ ეგვიპტის ქვეყანაში იაკობი და მთელი მისი შთამომავლობა მასთან ერთად.
- 7თავისი ძენი და თავის ძეთა ძენი, თავისი ასულნი და თავის ძეთა ასულნი, და მთელი თავისი მოდგმა თან ჩაიყვანა ეგვიპტეში.
- 8ეს არის ეგვიპტეში ჩასულ ისრაელის ძეთა სახელები: იაკობი და მისი ძენი. პირმშო იაკობისა რეუბენი,
- 9და ძენი რეუბენისა: ენოქი, ფალუ, ხეცრონი და ქარმი.
- 10ძენი სიმეონისა: იემუელი, იამინი, ოჰადი, იაქინი, ცოხარი და შაული, ძე ქანაანელი ქალისა.
- 11ძენი ლევისა: გერშონი, კოჰათი და მერარი.
- 12იუდას ძენი: ყერი, ონანი, შელახი, ფერეცი და ზერახი; ყერი და ონანი დაიხოცნენ ქანაანის ქვეყანაში. და ფარეცის ძენი იყვნენ ხეცრონი და ხამული.
- 13ძენი ისაქარისა: თოლაყი, ფუვა, იაშუბი იობი და შიმრონი;
- 14ძენი ზებულუნისა: სერედი, ელონი და იახლეელი.
- 15ესენი იყვნენ ძენი ლეასი, რომელმაც უშვა იაკობს ფადან-არამში, და დინა, მისი ასული. მისი ძენი და ასულნი სულ იყვნენ 33 სული.
- 16ძენი გადისა: ციფიონი, ხაგი, შუნი, ეცბონი, ყერი, აროდი და არელი.
- 17ძენი აშერისა: იმნა, იშვა, იშვი და ბერიყა, და სერახი – მათი და; და ძენი ბერიყასა: ხებერი და მალქიელი.
- 18ესენი იყვნენ ძენი ზილფასი, რომელიც ლაბანმა მისცა ლეას, თავის ასულს. და უშვა მან იაკობს 16 სული.
- 19და რახელის ძენი, იაკობის ცოლისა: იოსები და ბენიამინი.
- 20და შეეძინა იოსებს ეგვიპტის ქვეყანაში მანაშე და ეფრემი, რომელნიც უშვა მას ასენათმა, ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასულმა.
- 21ძენი ბენიამინისა: ბელაყი, ბექერი, აშბელი, გერა, ნაყამანი, ეხი, როში, მუფიმი, ხუფიმი და არდი
- 22ესენი არიან რახელის ძენი, რომელნიც შეეძინნენ იაკობს, სულ 14 სული.
- 23ძე დანისა – ხუშიმი.
- 24ძენი ნაფთალისა: იახცეელი, გუნი, იეცერი და შილემი
- 25ესენი არიან ძენი ბილჰასი, რომელიც ლაბანმა გაატანა რახელს, თავის ასულს. და უშვა ისინი იაკობს – სულ შვიდი სული.
- 26ეგვიპტეში იაკობთან ერთად ჩასული ყოველი სული, მისი პირდაპირი შთამომავალნი, გარდა იაკობის ძეთა ცოლებისა, სულ იყო 66 სული.
- 27იოსების ძენი, რომელნიც მას შეეძინა ეგვიპტეში, ორნი იყვნენ. და ყველა სული იაკობის სახლისა, მასთან ერთად ეგვიპტეში რომ ჩავიდნენ, 70 იყო.
- 28და წინასწარ გაგზავნა იაკობმა იუდა იოსებთან, რომ დახვედროდა მათ გოშენში, და მივიდნენ გოშენის მხარეში.
- 29აღკაზმა იოსებმა თავისი ეტლი და წავიდა გოშენში ისრაელთან, თავის მამასთან შესახვედრად. და როცა იხილა იგი, ყელზე მოეჭდო, და დიდხანს ტიროდა მასზე ყელგადაჭდობილი.
- 30და უთხრა ისრაელმა იოსებს: „ახლა თუნდაც მოვკვდე, რაკი შენ ცოცხალი გიხილე!“
- 31და უთხრა იოსებმა თავის ძმებს და მამის სახლს: „წავალ და ვამცნობ ფარაონს, და ვეტყვი: ჩემი ძმები და მამის სახლი, ქანაანის ქვეყანაში რომ იყვნენ, ჩემთან ჩამოვიდნენ;
- 32ეს კაცები მეცხვარეები არიან-მეთქი, მესაქონლეები, ცხვარი და ძროხა და ყველაფერი, რაც კი აქვთ, წამოასხეს-მეთქი.
- 33და როცა მოგიხმობთ ფარაონი და გკითხავთ, რა საქმიანობას ეწევითო,
- 34უთხარით: მესაქონლე ხალხი ვართ-თქო შენი მსახურნი სიყრმიდან დღემდე, ჩვენცა და ჩვენი მამა-პაპაც. რათა დამკვიდრდეთ გოშენის მიწაზე, რადგან სისაძაგლეა ეგვიპტელთათვის ყოველი ცხვრის მწყემსი.“
იტვირთება შემდეგი თავი