დაბადება — სბს–2013
იტვირთება წინა თავი
თავი 48
- 1ამ ამბების შემდეგ იყო, რომ უთხრეს იოსებს: „აჰა, ავად არის მამაშენი.“ და მან თან წაიყვანა თავისი ორი ძე, მანაშე და ეფრემი.
- 2და აუწყეს იაკობს: „აჰა, შენი ძე იოსები მოდის შენთან.“ და ძალა მოიკრიბა ისრაელმა და წამოჯდა საწოლზე.
- 3და უთხრა იაკობმა იოსებს: „ყოვლადძლიერი ღმერთი გამომეცხადა მე ლუზში, ქანაანის ქვეყანაში და მაკურთხა.
- 4და მითხრა: ‘ნაყოფიერად გაქცევ და მოგამრავლებ, და გაქცევ ხალხების კრებულად. და მივცემ ამ ქვეყანას შენს თესლს შენს შემდეგ სამარადისო სამფლობელოდ.’
- 5და ახლა შენი ორი ძე, რომლებიც შეგეძინა შენ ეგვიპტის ქვეყანაში ჩემს მოსვლამდე, ჩემები არიან ისინი, ეფრემი და მანაშე, ისევე როგორც რეუბენი და სიმეონი არიან ჩემები.
- 6და ნაშიერნი, მათ შემდეგ რომ შეგეძინება, შენი იქნებიან. თავიანთი ძმების სახელზე ჩაიწერებიან ისინი მათ სამკვიდროში.
- 7მე ფადან-არამიდან წამოსულს მომიკვდა რახელი ქანაანის ქვეყანაში, გზაზე, მცირე მანძილზე ეფრათამდე, და იქ დავმარხე იგი, ეფრათის გზაზე, რომელსაც ახლა ბეთლემი ჰქვია.“
- 8და იხილა ისრაელმა იოსების ძენი, და თქვა: „ესენი ვინ არიან?“
- 9და უთხრა იოსებმა: „ჩემი ძენი არიან ესენი, რომელნიც მომცა აქ ღმერთმა.“ და უთხრა მან: „მომიყვანე და ვაკურთხებ მათ!“
- 10ისრაელს თვალები დამძიმებოდა სიბერისაგან და ვერ ხედავდა. და ახლოს მიუყვანა ისინი იოსებმა. და აკოცა მათ და გულში ჩაიკრა.
- 11და უთხრა ისრაელმა იოსებს: „აღარ მეგონა, შენს სახეს თუ კიდევ ვიხილავდი, და, აჰა, ღმერთმა შენი მონაგარიც მახილვინა.“
- 12და გადმოსვა იოსებმა ისინი მამის მუხლებიდან და თაყვანი სცა მას მდაბლად.
- 13და მოიყვანა ორივენი იოსებმა, ეფრემი ხელმარჯვნივ ჰყავდა, ისრაელის მარცხენა მხარეს, და მანაშე – ხელმარცხნივ, ისრაელის მარჯვენა მხარეს, და მიიყვანა მასთან.
- 14და გაიწოდა ისრაელმა მარჯვენა, და თავზე დაადო ეფრემს, რომელიც უმცროსი იყო, და მარცხენა ხელი – მანაშეს. განზრახ გადაანაცვლა ხელები, თუმცა პირმშო მანაშე იყო.
- 15და აკურთხა იოსები, და თქვა: „ღმერთმა, რომლის წინაშეც დადიოდნენ ჩემი მამები აბრაამი და ისააკი, ღმერთმა, რომელიც მმწყემსავს მე ჩემი გაჩენიდან დღემდე,
- 16ანგელოზმა, ჩემმა მხსნელმა ყოველი ბოროტისაგან, აკურთხოს ეს ყრმანი და იწოდებოდნენ ისინი ჩემი სახელით და ჩემი მამების აბრაამისა და ისააკის სახელით, და დიდად გამრავლდნენ ისინი ქვეყნის გულში.“
- 17და დაინახა იოსებმა, რომ ეფრემს დაადო თავზე მამამისმა მარჯვენა ხელი, და შეწუხდა. და აიღო მამის ხელი, რათა გადაენაცვლებინა ის ეფრემის თავიდან მანაშეს თავზე.
- 18და უთხრა იოსებმა თავის მამას: „ასე არა, მამაჩემო! პირმშო ეს არის, დაადე მას თავზე შენი მარჯვენა.“
- 19მაგრამ იუარა მამამისმა და თქვა: „ვიცი, შვილო, ვიცი. ესეც იქცევა ხალხად და ესეც განდიდდება. მაგრამ მისი უმცროსი ძმა მასზე მეტად განდიდდება, და მისი თესლი იქცევა მრავალრიცხოვან ხალხად.“
- 20და აკურთხა ისინი იმ დღეს, და უთხრა: „შენით აკურთხებს ისრაელი, ამ სიტყვებით: ‘ღმერთმა გაგხადოს როგორც ეფრემი და როგორც მანაშე!’“ და დააყენა ეფრემი მანაშეზე წინ.
- 21და უთხრა ისრაელმა იოსებს: „აჰა, მე ვკვდები, ღმერთი იქნება თქვენთან და დაგაბრუნებთ თქვენი მამა-პაპის მიწაზე.
- 22შენს ძმებში უპირატესად შენთვის მომიცია ერთი ქედი რომელიც ამორეველებს წავართვი ჩემი მახვილითა და მშვილდით.“
იტვირთება შემდეგი თავი