დაბადება — სბს–2013
იტვირთება წინა თავი
თავი 49
- 1და მოუხმო იაკობმა თავის ძეთ, და უთხრა: „შეიკრიბეთ და გაუწყებთ, რა შეგემთხვევათ მომავალ დღეებში.
- 2შეგროვდით და ისმინეთ, იაკობის ძენო! და უსმინეთ ისრაელს, მამათქვენს!
- 3რეუბენ! პირმშო ხარ ჩემი, ძალი ჩემი და სათავე ჩემი კაცობისა, დიდებული და შეუდრეკელი!
- 4დაუოკებელი ხარ წყალივით, მაგრამ ვერ აღზევდები, რადგან ახვედი მამის საწოლზე და შებილწე ჩემი სარეცელი!
- 5სიმეონი და ლევი ძმები არიან, ძალადობის საწურველია მათი მახვილი.
- 6მათ თათბირზე ნუმც მისულა სული ჩემი, მათ საკრებულოს ნუმც ზიარებულა ღირსება ჩემი! რადგან თავიანთ რისხვაში მოკლეს კაცი და თავიანთი ბოროტი ჟინით გამოძარღვეს ხარი!
- 7წყეულიმც იყოს მათი რისხვა, რადგან დაუნდობელია, და მათი წყრომა, რადგან სასტიკია! დავანაწილებ მათ იაკობის მიწებზე, და გავაბნევ ისრაელში!
- 8იუდა! განგადიდებენ შენი ძმები. შენ შემუსრავ მტერს, და გეთაყვანებიან მამაშენის ნაშიერნი.
- 9ლომის ბოკვერი ხარ იუდავ! ნანადირევით კმაყოფილი აღმართულხარ, შვილო ჩემო.მიწოლილა, როგორც ლომი, ვინ გაბედავს მის წამოგდებას?!
- 10არ წაერთმევა კვერთხი იუდას და არც არგანი მის ფეხთა შორის, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი, და დაემორჩილებიან მას ხალხები!
- 11ვაზზე უბია მას თავისი ჭაკი ვირი, ვენახის ლერწზე – თავისი ჩოჩრები. ღვინოში გაირეცხავს ის თავის ტანსაცმელს და ყურძნის სისხლში – სამოსელს.
- 12თვალები მისი ღვინოზე მუქია და კბილები მისი რძის უთეთრესი!
- 13ზებულუნი ზღვათა სანაპიროზე დაემკვიდრება და ხომალდთა სანაპიროზე იქნება. და ციდონს მისწვდება საზღვარი მისი!
- 14ისაქარი ძვალმსხვილი ვირია, ბაკებში მწოლარე.
- 15და დაინახა, რომ კარგია მოსვენება, და რომ საამურია მიწა. წაუხრია მხრები სატვირთად და გახდა ხარკის მუშა!
- 16და დანი განსჯიდეს თავის ხალხს, როგორც ერთ ტომს ისრაელისა.
- 17და გველივით გაწვება დანი გზაზე და ასპიტივით ბილიკზე, დაგესლავს ცხენის ფლოქვებს. და გადაყირავდება მისი მხედარი!
- 18შენგან მოველი ხსნას, უფალო!
- 19გადს მოაწყდებიან ურდოები, მაგრამ ის თავად მისწვდება მათ ფეხდაფეხ.
- 20აშერის პური ყუათიანია და იგი გასცემს სამეფო ნუგბარს.
- 21ნაფთალი ლაღი ფურირემია, მომცემი კეთილთა ნაყოფთა.
- 22ნაყოფიერი ვაზია იოსები, ნაყოფიერი ვაზია წყაროს თავზე, გალავანზეა გაშლილი მისი რქები!
- 23გაამწარეს, დაისრეს, მტრობდნენ მას მოისარნი.
- 24შერჩა ძალა მშვილდისა, არ მოუდუნდა მკლავთა ძარღვები, იაკობის ღმერთისგან ძალამიცემული. აქედან არის მწყემსი, კლდე ისრაელისა!
- 25მამაშენის ღმერთისაგან – შეგეწეოდეს იგი! და ყოვლადძლიერისაგან – გაკურთხებდეს იგი ცათა კურთხევებით ზეგარდმო, ქვეშ განრთხმული უფსკრულის კურთხევებით, ძუძუთა და საშოს კურთხევებით,
- 26მამაშენის კურთხევით, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე კურთხევა ჩემი მშობლებისა, ვიდრე მადლი საუკუნო მთათა. და იყოს ეს იოსების თავზე და ძმათაგან გამორჩეულის თხემზე.
- 27ბენიამინი მტაცებელი მგელია: ცისკრად ნანადირევს შეექცევა და საღამოთი ნადავლს ანაწილებს.“
- 28ყველა ესენი ისრაელის 12 ტომია. და ეს იყო, რაც უთხრა მათმა მამამ, როცა აკურთხა, თითოეული თავისი კურთხევით.
- 29და უანდერძა მათ: „მე ვუერთდები ჩემს ხალხს, დამმარხეთ ჩემს მამა-პაპასთან, მღვიმეში, ყეფრონ ხეთელის მინდორში რომ არის,
- 30მღვიმეში, რომელიც მახფელას მინდორზეა, მამრეს ახლოს, ქანაანის ქვეყანაში, აბრაამმა რომ იყიდა ყეფრონ ხეთელისგან მინდორთან ერთად საკუთარ სამარხად.
- 31იქ დამარხეს აბრაამი და სარა, მისი ცოლი. იქ დამარხეს ისააკი და რებეკა, მისი ცოლი. იქ დავმარხე მე ლეა.
- 32ის მინდორი და მღვიმე, იქ რომ არის, ხეთის ძეთაგანაა ნაყიდი.“
- 33და დაასრულა იაკობმა ანდერძი შვილების მიმართ და აკრიბა ფეხები სარეცელზე, და აღესრულა, და შეერთო თავის მამებს.
იტვირთება შემდეგი თავი