დაბადება — სბს–2013
იტვირთება წინა თავი
თავი 50
- 1და გადაემხო იოსები მამას, დასტიროდა და ჰკოცნიდა.
- 2და უბრძანა იოსებმა თავის მსახურ მკურნალებს, რომ შეემურვათ მამამისი. და მკურნალებმა შემურვეს ისრაელი.
- 3და გაუსრულდა მას 40 დღე, რამდენი ხანიც სჭირდებოდა შემურვას, და დასტიროდა მას ეგვიპტე 70 დღე.
- 4და განვლეს გლოვის დღეებმა და ელაპარაკა იოსები ფარაონის სახლს: „თუკი რამ მადლი ვპოვე თქვენს თვალში, ასე უთხარით ფარაონს,
- 5რომ მამაჩემმა დამაფიცა ამ სიტყვებით: ‘აჰა, მე ვკვდები. ჩემს სამარხში, რომელიც გავითხარე ქანაანის ქვეყანაში, იქ დამმარხეთ’. და ახლა წავალ და დავმარხავ მამაჩემს, და დავბრუნდები.“
- 6და უთხრა ფარაონმა: „წადი და დამარხე მამაშენი, როგორც მან დაგაფიცა.“
- 7და წავიდა იოსები მამის დასამარხად. და წაჰყვნენ მას ფარაონის მსახურნი, მისი სახლის უხუცესნი და ეგვიპტის ქვეყნის ყველა უხუცესი,
- 8და იოსების მთელი სახლი, მისი ძმები და მამამისის სახლი. მხოლოდ ბავშვები და საქონელი დატოვეს გოშენის მიწაზე.
- 9მასთან ერთად წავიდნენ ეტლები და ცხენოსნები, და შეიკრიბა ძალზე დიდი ბანაკი.
- 10და მივიდნენ ისინი ატადის კალომდე, იორდანეს გაღმა, და იქ დაიტირეს იაკობი დიდი და მძიმე გოდებით. და შვიდ დღეს გლოვობდა იოსები თავის მამას.
- 11და დაინახეს ქანაანელებმა გლოვა ატადის კალოზე და თქვეს: „მძიმე გლოვა აქვთ ეგვიპტელებს.“ ამიტომაც ეწოდა ამ ადგილს იორდანეს გაღმა აბელ-მიცრაიმი.
- 12და აღუსრულეს მას მისმა ძეებმა ისე, როგორც უანდერძა მათ.
- 13და წაასვენეს იგი მისმა ძეებმა ქანაანის ქვეყანაში, და დამარხეს იგი მახფელას მინდვრის მღვიმეში, მამრეს ახლოს, რომელიც საკუთრებად იყიდა აბრაამმა მინდორთან ერთად ხეთელი ყეფრონისაგან.
- 14და დამარხა თავისი მამა და დაბრუნდა იოსები ეგვიპტეში თავის ძმებთან და ყველა იმათთან ერთად, ვინც იყვნენ წასულნი მამამისის დასამარხად.
- 15და დაინახეს იოსების ძმებმა, რომ მკვდარია მათი მამა, და თქვეს: „ვაითუ, გვიმტროს იოსებმა და სამაგიერო გადაგვიხადოს ყველა ბოროტებისთვის, რაც მას ვუყავით!“
- 16და შეუთვალეს იოსებს: „მამაშენმა გვიანდერძა სიკვდილის წინ,
- 17ასე უთხარითო იოსებს: ‘გემუდარები, აპატიე შენს ძმებს დანაშაული და ცოდვა, ბოროტად რომ მოგექცნენ. ამიერიდან აპატიე დანაშაული მამაშენის ღმერთის მსახურებს!’“ და ატირდა იოსები, როცა ეს უთხრეს.
- 18და მოვიდნენ მისი ძმებიც და დაემხნენ მის წინაშე და უთხრეს: „შენი მსახურები ვართ ჩვენ!“
- 19და უთხრა მათ იოსებმა: „ნუ შიშობთ, მე ხომ ღმერთი არ ვარ?
- 20აჰა, თქვენ ბოროტება განიზრახეთ ჩემთვის, მაგრამ ღმერთმა სიკეთედ მოაქცია იგი, რათა ისე მომხდარიყო, როგორც მოხდა: მრავალი ხალხის სიცოცხლე ეხსნა.
- 21ახლა ნუღარ გეშინიათ: მე გარჩენთ თქვენ და თქვენს შვილებსაც.“ და ანუგეშა ისინი, და გულითადად ელაპარაკა მათ.
- 22და ცხოვრობდა იოსები ეგვიპტეში თავისი მამის სახლთან ერთად. და იცოცხლა იოსებმა 110 წელი.
- 23და იხილა იოსებმა ძენი ეფრემისა მესამე თაობამდე. მანაშეს ძის, მაქირის შვილებიც იოსების მუხლებზე იშვნენ.
- 24და უთხრა იოსებმა თავის ძმებს: „მე ვკვდები, მაგრამ ღმერთი მოგხედავთ თქვენ და წაგიყვანთ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, რომელიც ფიცით აღუთქვა მან აბრაამს, ისააკს და იაკობს.“
- 25და დააფიცა იოსებმა ისრაელის ძენი: „როცა ღმერთი მოგხედავთ, წაიღეთ ჩემი ძვლები აქედან!“
- 26და მოკვდა იოსები 110 წლისა. და შემურვეს და ჩაასვენეს იგი კიდობანში, ეგვიპტეში.