ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 101
- 1უფალო, ისმინე ჩემი ლოცვა და ჩემი ღაღადი მოვიდეს შენთან.
- 2ნუ დამიფარავ შენს სახეს ჩემი გაჭირვების ჟამს, მომაპყარ ყური, ოდეს მოგიხმობ და მალე მიპასუხე.
- 3რადგან კვამლივით გაქრნენ ჩემი დღეები და ძვლები ჩემი გახურდა, როგორც კოცონზე.
- 4ბალახივით დაჭკნა და გახმა ჩემი გული, ისე რომ ჭამაც დამავიწყდა.
- 5ჩემი კვნესის ხმისგან ხორცს მიჰკვრია ჩემი ძვლები.
- 6უდაბნოს ვარხვს დავემსგავსე და გავხდი ვითარცა ბუ ნანგრევებში.
- 7ძილი გამიტყდა და ვზივარ, ვითარცა ეული ჩიტი სახურავზე.
- 8ყოველდღე მლანძღავენ ჩემი მტრები, აბუჩად მიგდებენ და სწყევლიან ჩემს სახელს.
- 9რადგან პურივით ვჭამე ნაცარი და ცრემლით შევაზავე ჩემი სასმელი;
- 10შენი რისხვისა და გულისწყრომის გამო, რადგან ამიყვანე და დამანარცხე.
- 11ჩემი დღეები გადახრილი ჩრდილივითაა და მეც ვხმები ბალახივით.
- 12შენ კი უფალო, საუკუნოდ რჩები და შენი სახსენებელი თაობიდან თაობამდე იქნება.
- 13შენ აღსდგები და შეიწყალებ სიონს, რადგან ჟამია მისი შეწყალებისა; დადგა დანიშნული დრო.
- 14ვინაიდან უყვართ შენს მსახურთ მისი ქვები და მისი მტვერიც კი ენანებათ.
- 15შეეშინდებათ ერებს უფლის სახელისა და ქვეყნიერების ყველა მეფეს - შენი დიდებისა.
- 16რადგან აღაშენებს უფალი სიონს და იქ გამოცხადდება თავისი დიდებით.
- 17მოხედავს მიტოვებულთა ლოცვას და არ უკუაგდებს მათ ვედრებას.
- 18დაიწერება ეს მომავალი თაობისთვის და ხალხი, რომელიც გაჩნდება, შეაქებს უფალს.
- 19რადგან გადმოიხედა უფალმა თავისი წმიდა სიმაღლიდან, ზეციდან გადმოხედა დედამიწას.
- 20რომ მოისმინოს პატიმრის კვნესა და გაათავისუფლოს სიკვდილმისჯილნი.
- 21რათა აუწყონ სიონზე უფლის სახელი და ქება მისი - იერუსალიმში,
- 22როცა ერთად შეგროვდებიან ხალხები და სამეფონი უფლის სამსახურებლად.
- 23გზაში გამომაცალა ძალა და დღენი ჩემნი შეამცირა.
- 24ვუთხარი: ღმერთო ჩემო! ნუ წამიყვან სიცოცხლის შუაგზიდან; თაობიდან თაობამდეა შენი წლები;
- 25ძველთაგან დააფუძნე დედამიწა და შენთა ხელთა ქმნილებაა ზეცა.
- 26ისინი დაიღუპებიან, შენ კი იქნები; ყველანი ტანსაცმელივით გაცვდებიან; სამოსელივით გამოიცვლი მათ და შეიცვლებიან.
- 27შენ კი იგივე ხარ და შენი წლები არ დასრულდება.
- 28შენი მსახურების შვილები დაფუძნდებიან და შენ წინაშე განმტკიცდებიან მათი შთამომავალნი.
იტვირთება შემდეგი თავი