ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 102
- 1აკურთხე, სულო ჩემო, უფალი და მთელო შიგნეულობავ ჩემო - მისი წმიდა სახელი.
- 2აკურთხე, სულო ჩემო, უფალი და არ დაივიწყო მთელი მისი სიკეთე;
- 3ის არის შემნდობი ყველა შენი ბრალისა, მკურნალი ყველა შენი სნეულებისა.
- 4საფლავისგან დამხსნელი შენი სიცოცხლისა, წყალობისა და სიკეთის გვირგვინის დამდგმელი;
- 5სიკეთით აღმვსები შენი სიცოცხლისა, არწივივით განმაახლებელი შენი სიჭაბუკისა.
- 6სიმართლეს და სამართალს იქმს უფალი ყველა ჩაგრულისთვის.
- 7აუწყა თავისი გზები მოსეს, ისრაელის ძეთ - თავისი საქმენი.
- 8შემბრალე და გულმოწყალეა უფალი, რისხვაში ნელი და სიკეთით სავსე.
- 9არც სამუდამოდ იდავებს და არც საუკუნოდ გაწყრება.
- 10არც ჩვენი ცოდვებისამებრ მოგვექცა და არც დანაშაულისთვის მოგვიზღა.
- 11ვინაიდან როგორც ცაა დედამიწაზე მაღლა, ასევე აღმატებულია მისი სიკეთე მის მოშიშთა მიმართ.
- 12როგორც აღმოსავლეთია დაშორებული დასავლეთისგან, ისე განგვაშორა მან ჩვენი დანაშაული.
- 13როგორც მამას ებრალება შვილები, ისე ებრალება უფალს თავისი მოშიშები.
- 14ვინაიდან იცის ჩვენი აგებულება, ახსოვს, რომ მტვრისგან ვართ.
- 15ბალახივით არის დღენი კაცისა, ველის ყვავილივით აყვავდება.
- 16ქარი გადაუქროლებს და - აღარ არის, ვეღარავინ იცნობს მის ადგილსამყოფელს.
- 17უფლის წყალობა კი უკუნისამდეა მის მოშიშთა მიმართ და მისი სიმართლე - მათ შვილთაშვილებზე,
- 18მათზე, ვინც იცავს თავის აღთქმას, ახსოვს მისი მცნებანი და ასრულებს მათ.
- 19ზეცაში დაიდგა ტახტი უფალმა და მისი მეფობა განაგებს ყოველივეს.
- 20აკურთხეთ უფალი, ანგელოზნო მისნო; ძალით ძლიერნო, მისი სიტყვის შემსრულებელნო; მისი ნათქვამი სიტყვის მორჩილნო.
- 21აკურთხეთ უფალი, ყოველნო ლაშქარნო მისნო, მსახურნო მისნო, მისი ნების შემსრულებელნო.
- 22აკურთხეთ უფალი, ყოველნი საქმენი მისნი, მთელ მის სამფლობელოში! აკურთხე, სულო ჩემო, უფალი!
იტვირთება შემდეგი თავი