ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 103
- 1აკურთხე, სულო ჩემო, უფალი; უფალო, ღმერთო ჩემო, დიდი ხარ ფრიად, მშვენებით და ბრწყინვალებით ხარ მოსილი.
- 2მოსასხამივით გმოსავს სინათლე და ცა ფარდასავით გადაჭიმე.
- 3წყლებზე იშენებს ზედა ოთახებს, ეტლად იხდის ღრუბლებს, ქარის ფრთებით მიმოდის.
- 4სულებად ქმნის თავის ანგელოზებს და მოგიზგიზე ცეცხლად - თავის მსახურებს.
- 5დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ შეირყევა უკუნისამდე.
- 6სამოსელივით გადააფარე წყლები; მთებს ზემოთ იყო წყლები.
- 7გაკიცხე და უკუიქცნენ, შენი ქუხილის ხმაზე გაქანდნენ.
- 8ამაღლდნენ მთები, დადაბლდნენ ველნი იმ ადგილზე, სადაც დაუდგინე.
- 9ზღვარი დაუდე - ვერ გადალახავენ, ვერ დაბრუნდნენ დედამიწის დასაფარად.
- 10მიუშვი წყაროები ხევებში, რათა მთებს შორის იდინონ.
- 11რომ დალიოს ველის ყოველმა მხეცმა, წყურვილი მოიკლან კანჯრებმა.
- 12მათთანვე მკვიდრობენ ცის ფრინველნი, რტოთა შორის იმაღლებენ ხმას.
- 13რწყავ მთებს შენი ზედა ოთახებიდან, შენთა საქმეთა ნაყოფით ძღება ქვეყანა.
- 14აღმოაცენებ ბალახს პირუტყვისთვის და მცენარეულობას - ადამიანისთვის, რომ ისაზრდოოს მიწისგან;
- 15ღვინოს, კაცის გულის გასამხიარულებლად, ზეთს - მისი სახის გასაბრწყინებლად და პურს - გული რომ გაიმაგროს.
- 16დარწყულდნენ ხენი უფლისანი და კედრები ლიბანისა, მან რომ დანერგა.
- 17ჩიტები იდებენ იქ ბუდეს: კვიპაროსები ყარყატთა სახლია.
- 18მთანი მაღალნი - ქურციკისთვის, კლდენი კი დამანთა თავშესაფარია.
- 19მთვარე შექმნა დროის დასადგენად, იცის მზემ თავისი დასავალი.
- 20ჩამოაწვენ ბნელს და დაღამდება, მაშინ ამოძრავდება ტყის ყველა ნადირი.
- 21ლომის ბოკვერნი ბრდღვინავენ ნადავლისთვის და ღმერთს საკვებს სთხოვენ.
- 22ამოვა მზე - შეგროვდებიან და თავიანთ ბუნაგებში წვებიან.
- 23გავა ადამიანი, რათა იშრომოს და იმუშაოს საღამომდე.
- 24რა აურაცხელია შენი საქმენი, უფალო! სიბრძნით შეჰქმენ ყოველივე, სავსეა დედამიწა შენი ქმნილებებით.
- 25აქვეა ზღვა, დიადი და უკიდეგანო, რომელშიც ურიცხვადაა ქვეწარმავალი, არსებანი მცირენი - დიდებთან ერთად.
- 26მასში მიმოდიან ხომალდები, იქ სათამაშოდ შექმენი ლევიათანი.
- 27ყველა შენ მოგელის, რომ მისცე საზრდო თავის დროზე.
- 28მისცემ და აიღებენ, გახსნი შენს ხელს და გაძღებიან სიკეთით.
- 29დაფარავ შენს სახეს - შეძრწუნდებიან, სუნთქვას წაართმევ - დაიხოცებიან და მტვერს დაუბრუნდებიან.
- 30წარგზავნი შენს სულს - წარმოიქმნებიან და განაახლებ პირს მიწისას.
- 31საუკუნოდ იყოს უფლის დიდება, იხაროს უფალმა თავისი ნამოქმედარით.
- 32დახედავს დედამიწას და ირყევა იგი, შეეხება მთებს და აკვამლდებიან.
- 33ვუმღერებ უფალს, სანამ ვცოცხლობ, ვუმღერ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.
- 34ეამოს მას ჩემი ფიქრები; მეც გავიხარებ უფალში.
- 35გაქრნენ ცოდვილნი ქვეყნიერებიდან და ბოროტნი ნუღარ იქნებიან; აკურთხე, სულო ჩემო, უფალი! ალელუია!
იტვირთება შემდეგი თავი