ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 104
- 1მადლობდეთ უფალს, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ერებს მისი საქმეები.
- 2უმღერეთ მას, ხოტბა შეასხით, ილაპარაკეთ მის ყველა სასწაულზე.
- 3იამაყეთ მისი წმიდა სახელით, გამხიარულდეს უფლის მაძიებელთა გული.
- 4ეძიეთ უფალი და მისი ძლიერება, გამუდმებით ეძიეთ მისი სახე,
- 5გაიხსენეთ მისი საქმეები, ნიშნები, რომლებიც მოიმოქმედა და მისი ბაგის განკითხვანი.
- 6შთამომავალნო აბრაჰამისა, მისი მსახურისა, ძენო იაკობისა, მისნო რჩეულნო.
- 7ის არის უფალი, ჩვენი ღმერთი, მთელ ქვეყნიერებაზეა მისი სამართალი.
- 8საუკუნოდ ახსოვს თავისი აღთქმა, სიტყვა, ნაბრძანები ათასი თაობისთვის.
- 9რომელიც შეკრა აბრაჰამთან; და თავისი ფიცი - ისაკთან.
- 10დაუდგინა იგი წესად იაკობს და სამუდამო აღთქმად - ისრაელს.
- 11უთხრა: "შენ მოგცემ ქანაანის ქვეყანას, როგორც წილს შენი მემკვიდრეობისას”.
- 12როცა თითებზე ჩამოსათვლელნი იყვნენ ისინი, ცოტანი იყვნენ და ხიზნობდნენ იქ,
- 13ერთი ქვეყნიდან მეორეში გადადიოდნენ, ერთი სამეფოდან - სხვა ხალხში.
- 14არავის ანებებდა მათ დაჩაგვრას და მათ გამო აფრთხილებდა მეფეებს:
- 15"არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს და ჩემს წინასწარმეტყველებს არ უბოროტოთ”.
- 16შიმშილს მოუხმო დედამიწაზე და ყოველი სახსარი პურისა შემუსრა.
- 17გაგზავნა მათ წინ კაცი; მონად გაიყიდა იოსები.
- 18გატანჯეს ბორკილებით მისი ფეხები, რკინა მისწვდა მის სულს.
- 19ვიდრე ასრულდებოდა მისი ნათქვამი, უფლის სიტყვამ გამობრძმედა იგი.
- 20გაგზავნა მეფემ და გამოიხსნა, ხალხთა განმგებელმა გაათავისუფლა იგი.
- 21დააყენა თავისი სახლის ბატონად და მთელი თავისი მონაგარის განმგებლად.
- 22რათა თავისი სურვილისამებრ მოქცეოდა მის თავადებს და განებრძნო მისი მოხუცებულნი.
- 23მაშინ მოვიდა ისრაელი ეგვიპტეში და ქამის ქვეყანაში გადასახლდა იაკობი.
- 24ფრიად გაამრავლა ღმერთმა თავისი ხალხი და მეტად გააძლიერა მათ მტრებზე.
- 25მოაქცია მათი გული უფლის ხალხის შესაძულებლად, მისი მსახურებისთვის მზაკვრობის განსაზრახად.
- 26გაგზავნა მოსე, თავისი მსახური და აჰარონი, რომელიც ამოირჩია.
- 27მათ აჩვენეს ხალხს მისი ნიშნები და სასწაულები ქამის ქვეყანაში.
- 28მიავლინა წყვდიადი და დააბნელა, არ შეწინააღმდეგებიან მის სიტყვას.
- 29სისხლად გადააქცია მათი წყლები და გაუწყვიტა თევზი.
- 30ბაყაყებით აავსო მათი ქვეყანა, მეფეთა შიდა ოთახებიც კი.
- 31თქვა და მოვიდა ბუზანკალი, კოღომ აავსო მთელი მათი მხარე.
- 32წვიმის მაგიერ სეტყვა გამოუგზავნა, ალმოდებული ცეცხლი - მათ ქვეყანას.
- 33მოსრა მათი ვაზი და ლეღვი; დალეწა ხეები მათ საზღვრებში.
- 34თქვა და მოვიდა კალია, მუხლუხო აურაცხელი.
- 35გადაჭამეს მთელი ბალახი მათ ქვეყანაში და მთელი ნაყოფი - მათი მინდვრისა.
- 36მოსრა ყოველი პირმშო მათ ქვეყანაში, პირველნაყოფი მთელი მათი ძლიერებისა.
- 37ოქრო-ვერცხლით გამოიყვანა ისინი და არავინ იყო უძლური მათ ტომებში.
- 38უხაროდა ეგვიპტეს მათი გამოსვლა, რადგან მათმა შიშმა შეიპყრო ის.
- 39გადააფარა ღრუბელი მათ საფრად და ცეცხლი - ღამის გასანათებლად.
- 40ითხოვეს და მწყერი გაუგზავნა, ზეციური პურით გააძღო ისინი.
- 41გაჰკვეთა კლდე და წყალი გადმოდინდა, ნაკადულად მოედინებოდა უდაბნოში.
- 42რადგან გაიხსენა თავისი წმიდა სიტყვა, თავისი მსახურის, აბრაჰამის მიმართ.
- 43სიხარულით გამოიყვანა თავისი ხალხი, ზარ-ზეიმით - თავისი რჩეულნი.
- 44მისცა მათ წარმართთა ქვეყნები და ნაჯაფი ერებისა დაიმკვიდრეს მათ.
- 45რათა შეესრულებინათ მისი წესები და დაეცვათ მისი კანონები. ალელუია!
იტვირთება შემდეგი თავი