ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 105
- 1აქეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან მარადიულია წყალობა მისი.
- 2ვინ ილაპარაკებს უფლის ძლიერ საქმეებზე ან გამოაცხადებს სრულად მის ქებას?
- 3ნეტარ არიან სამართლის დამცველნი და სიმართლის მოქმედნი ყოველ ჟამს.
- 4გამიხსენე უფალო, შენი ხალხისადმი კეთილგანწყობისას, შემეწიე, როცა მათ დაიხსნი.
- 5რათა ვიხილო შენი რჩეულების კეთილდღეობა, გავიხარო შენი ერის სიხარულით და ვიკვეხნო შენს სამკვიდროსთან ერთად.
- 6შევცოდეთ ჩვენი მამებივით, მრუდედ და ბოროტად მოვიქეცით.
- 7ვერ შეიცნეს ჩვენმა მამებმა შენი სასწაულები ეგვიპტეში, არ გაიხსენეს მრავალი წყალობა შენი და ზღვასთან აგიჯანყდნენ, წითელ ზღვასთან.
- 8მაგრამ თავისი სახელის გამო იხსნა მან, რათა შეეცნოთ მისი ძლიერება.
- 9შერისხა წითელი ზღვა და დაშრა, ისე გაატარა მის სიღრმეებში, როგორც უდაბნოში.
- 10მოძულის ხელიდან იხსნა და მტრის ხელიდან გამოისყიდა.
- 11წყალმა დაფარა მათი მტრები, ერთი მათგანიც არ გადარჩენილა.
- 12მაშინ ირწმუნეს მისი სიტყვები და იმღერეს მისი ქება.
- 13მალევე დაივიწყეს მისი საქმეები, არ დაელოდნენ მის რჩევას.
- 14გულისთქმას აჰყვნენ უდაბნოში და უკაცრიელ ადგილას გამოსცადეს ღმერთი.
- 15შეუსრულა თხოვნა, მაგრამ მომსვრელი სენი მოუვლინა.
- 16როცა შური აღეძრათ მოსეს მიმართ ბანაკში, უფლის წმიდანის აჰარონის მიმართ,
- 17გაიპო მიწა და ჩაყლაპა დათანი და დაფარა აბირამის კრებული.
- 18ცეცხლი მოედო მათ კრებულს, ალმა შთანთქა ბოროტეულნი.
- 19ხბო გაიკეთეს ხორებთან და თაყვანი სცეს კერპს.
- 20თავიანთი დიდება ბალახის მძოველი ხარის გამოსახულებაში გაცვალეს.
- 21დაივიწყეს ღმერთი, მათი მხსნელი, რომელმაც დიადი საქმეები მოიმოქმედა ეგვიპტეში.
- 22საოცრებანი მოიმოქმედა ქამის ქვეყანაში, შიშის მომგვრელი საქმეები წითელ ზღვასთან.
- 23ამიტომ თქვა, რომ გაანადგურებდა მათ, მოსე, მისი რჩეული, რომ არ ჩამდგარიყო ნაპრალში მის წინაშე, რათა გაებრუნებინა მისი გამანადგურებელი რისხვა.
- 24უგულებელჰყვეს სანუკვარი ქვეყანა, არ ირწმუნეს მისი ნათქვამი.
- 25დრტვინავდნენ თავიანთ კარვებში, არ უსმენდნენ უფლის ხმას.
- 26მაშინ აღმართა ხელი, რომ უდაბნოში დაეხოცა ისინი;
- 27და ხალხებში გაეფანტა მათი შთამომავლობა და ქვეყნებში განებნია ისინი.
- 28ბაყალ-ფეღორს შეეკვრნენ და მკვდართა შესაწირი ჭამეს.
- 29განარისხეს თავიანთი მოქმედებით და მომსვრელი სენი დაატყდათ თავს.
- 30წამოდგა ფინხასი, ჩაერია და შეჩერდა მომსვრელი სენი.
- 31სიმართლედ ჩაეთვალა მას ეს თაობიდან თაობამდე, სამარადჟამოდ.
- 32განარისხეს მერიბას წყლებთან და დაისაჯა მოსე მათ გამო,
- 33რადგან სული გაუმწარეს და ნაჩქარევად ილაპარაკა თავისი ბაგეებით.
- 34არ მოსპეს ხალხები, როგორც უფალს ჰქონდა ნაბრძანები.
- 35აითქვიფნენ სხვა ხალხებში და შეისწავლეს მათი საქმეები.
- 36ემსახურებოდნენ მათ კერპებს, რომლებიც მახედ იქცნენ მათთვის.
- 37ეშმაკებს სწირავდნენ თავიანთ ძეებსა და ასულებს.
- 38უდანაშაულო სისხლი დაღვარეს, სისხლი თავიანთი ძეებისა და ასულებისა, რომელიც ქანაანის კერპებს შესწირეს და წაიბილწა სისხლით ქვეყანა.
- 39გაუწმიდურდნენ თავიანთი საქმეებით და იმრუშეს თავიანთი მოქმედებით.
- 40მაშინ აღინთო უფლის რისხვა თავის ხალხზე და შესძაგდა მას თავისი სამკვიდრო.
- 41ხელში ჩაუგდო ისინი წარმართებს და გაბატონდნენ მათზე მათი მოძულენი.
- 42ავიწროებდნენ მათ მტრები და დამორჩილდნენ მათ ხელქვეით.
- 43მრავალგზის იხსნა ისინი, მაგრამ ეურჩებოდნენ საკუთარი ზრახვებით და მცირდებოდნენ თავიანთი დანაშაულის გამო.
- 44და მაინც მოხედა მათ გაჭირვებას, როცა მოისმინა მათი ღაღადი.
- 45გაიხსენა თავისი აღთქმა და ანუგეშა თავისი მრავალმოწყალებით.
- 46თანაგრძნობას აღვივებდა მათი დამატყვევებლების თვალში.
- 47გვიხსენი უფალო, ღმერთო ჩვენო და შემოგვკრიბე ხალხთაგან, რათა მადლობა მივაგოთ შენს წმიდა სახელს და ვიქადოთ შენი დიდებით.
- 48კურთხეულია უფალი, ღმერთი ისრაელისა, ამიერიდან და უკუნისამდე! და თქვას მთელმა ხალხმა: ამინ! ალელუია!
იტვირთება შემდეგი თავი