ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 106

  1. 1
    მადლობდეთ უფალს, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
  2. 2
    იტყვიან უფლის მიერ გამოსყიდულნი, რომლებიც გამოისყიდა მტრის ხელთაგან.
  3. 3
    ქვეყნებიდან შემოკრიბა ისინი - აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან.
  4. 4
    გზა აებნათ უკაცრიელ უდაბნოში, ვერ პოულობდნენ ქალაქს, სადაც უნდა დამკვიდრებულიყვნენ.
  5. 5
    მშიერ-მწყურვალნი იყვნენ, დაუძლურდა მათი სული.
  6. 6
    მაშინ შეჰღაღადეს უფალს თავიანთ უბედურების ჟამს და გაჭირვებიდან იხსნა ისინი.
  7. 7
    დააყენა სწორ გზაზე, რომ მისულიყვნენ ქალაქში, სადაც უნდა დამკვიდრებულიყვნენ.
  8. 8
    დაე, მადლობდნენ უფალს წყალობისთვის, საოცრებათათვის ადამის ძეთა მიმართ.
  9. 9
    რადგან მწყურვალი სული გააძღო და მშიერი სული სიკეთით აავსო.
  10. 10
    ბნელში ისხდნენ და სიკვდილის წყვდიადში, ტანჯვისა და ბორკილების ტყვეობაში,
  11. 11
    რადგან ეურჩებოდნენ ღვთის სიტყვებს და უზენაესის რჩევას უგულებელყოფდნენ.
  12. 12
    ჯაფით მოდრიკა მათი გული, ეცემოდნენ და შემწე არ ჰყავდათ.
  13. 13
    შეჰღაღადეს უფალს თავიანთი უბედურების ჟამს და გაჭირვებიდან იხსნა ისინი.
  14. 14
    გამოიყვანა ბნელიდან და წყვდიადიდან; ბორკილები მათი დაწყვიტა.
  15. 15
    დაე, მადლობდნენ უფალს წყალობისთვის, საოცრებათათვის ადამის ძეთა მიმართ.
  16. 16
    რადგან დაამსხვრია სპილენძის კარიბჭენი და დაფშვნა რკინის ურდულნი.
  17. 17
    ბრიყვები თავიანთი უკანონო გზებისა და ცოდვებისთვის იტანჯებოდნენ.
  18. 18
    ყოველგვარი საჭმელი შეიზიზღა მათმა სულმა და სიკვდილის კარიბჭეს მიუახლოვდნენ.
  19. 19
    შეჰღაღადეს უფალს თავიანთი უბედურების ჟამს და გაჭირვებიდან იხსნა ისინი.
  20. 20
    მოუვლინა თავისი სიტყვა, განკურნა ისინი და საფლავისგან გამოიხსნა.
  21. 21
    დაე, მადლობდნენ უფალს წყალობისთვის, საოცრებათათვის ადამის ძეთა მიმართ.
  22. 22
    შესწირონ სამადლობელი მსხვერპლები და სიხარულით ილაპარაკონ მის საქმეებზე.
  23. 23
    ზღვაში ხომალდებით მოგზაურებმა, დიდ წყლებზე საქმის მკეთებლებმა,
  24. 24
    რომელთაც ნახეს უფლის საქმენი და მისი საოცრებანი ღრმა წყლებში.
  25. 25
    თქვა მან და ამოვარდა ქარიშხალი და ზეაღიმართნენ ზვირთები.
  26. 26
    ცამდე ავიდნენ და უფსკრულებამდე ჩავიდნენ გემები, მეზღვაურთა სული უბედურების გამო გაილია.
  27. 27
    წრიალებენ და ირყევიან, ვითარცა მთვრალნი და მთელი მათი სიბრძნე დაინთქა.
  28. 28
    შეჰღაღადეს უფალს თავიანთი უბედურების ჟამს და გაჭირვებიდან იხსნა ისინი.
  29. 29
    დააწყნარა ზღვის ღელვა და დაადუმა მისი ტალღები.
  30. 30
    გამხიარულდნენ, რადგან დაწყნარდნენ და წარუძღვა მათ მყუდრო სავანისკენ.
  31. 31
    დაე, აქონ უფლის წყალობა და მისი საოცრებანი ადამის ძეთა მიმართ;
  32. 32
    დაე, აღამაღლონ ხალხის კრებულში და ხოტბა შეასხან უხუცესთა შორის.
  33. 33
    მდინარეებს უდაბნოდ გადააქცევს, წყაროს წყლებს - დააშრობს.
  34. 34
    ნაყოფიერ მიწას - დაამლაშებს, მისი მკვიდრების უკეთურობის გამო.
  35. 35
    უდაბნოს წყალუხვ ტბად გადააქცევს და გამოფიტულ მიწას - წყაროს წყლად.
  36. 36
    იქ ასახლებს მშივრებს, რათა ქალაქი დააფუძნონ საცხოვრებლად,
  37. 37
    დათესავენ მინდვრებს, გააშენებენ ვენახს და უხვ ნაყოფს მოიწევენ.
  38. 38
    აკურთხებს მათ, გამრავლდებიან ფრიად და არ შეამცირებს მათ პირუტყვს.
  39. 39
    მაგრამ ისევ დაცოტავდებიან და მოიდრიკებიან ჩაგვრის, უბედურებისა და წუხილის გამო.
  40. 40
    სირცხვილს დაატეხს მთავრებს და უგზო-უკვლოდ ახეტიალებს.
  41. 41
    ღარიბს კი გამოიყვანს სიღატაკიდან და ცხვრის ფარასავით მოაშენებს მის შთამომავალს.
  42. 42
    დაინახავენ ამას წრფელნი და გაიხარებენ, ყოველი უმართლო კი პირს მოკუმავს.
  43. 43
    ვინც ბრძენია, ჩაუკვირდეს ამ ყოველივეს და გაიგებს უფლის წყალობას.
იტვირთება შემდეგი თავი
ფსალმუნები 106 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა