ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 108
- 1ღმერთო ჩემი დიდებისა, ნუ დადუმდები.
- 2რადგან პირი ბოროტისა და პირი მზაკვრისა გაიხსნა ჩემს წინააღმდეგ. ცბიერი ენით მელაპარაკებიან.
- 3გარს შემომერტყნენ სიძულვილის სიტყვებით და უმიზეზოდ მეომებიან.
- 4ჩემი სიყვარულის წილ ბრალს მდებენ, მე კი ვლოცულობ.
- 5კეთილის წილ ბოროტი მომაგეს და ჩემი სიყვარულის წილ - სიძულვილი.
- 6ბოროტი კაცი დაუყენე ზედამხედველად და ცილისმწამებელი დაუდგეს მარჯვნივ.
- 7გამტყუვნდეს განკითხვისას და მისი ლოცვა ცოდვად შეირაცხოს.
- 8იყოს დღეები მისი მცირე და მის ადგილს სხვა დაეპატრონოს.
- 9მისი შვილები ობლად დარჩნენ და მისი ცოლი - ქვრივად.
- 10იხეტიალონ მისმა შვილებმა, და იმათხოვრონ; ითხოვდნენ პურს თავიანთი ნანგრევებიდან.
- 11მოვალემ მიითვისოს ყოველივე, რაც მას გააჩნია და უცხოებმა დაიტაცონ მისი ნაჯაფი.
- 12ნუ ეყოლება სიკეთის მქმნელი და ნურავინ შეიწყალებს მის ობლებს.
- 13მოისპოს მისი შთამომავალობა და მომდევნო თაობაშივე წაიშალოს მისი სახელი.
- 14გაუხსენდეს მისი მამების ბრალი უფლის წინაშე და დედამისის ცოდვა ნუ წაიშლება.
- 15მუდმივად ღვთის თვალწინ იყოს მათი ცოდვები, რათა მოსპოს მათი სახსენებელი ამ ქვეყნიდან.
- 16რადგან არ გახსენებია წყალობის ქმნა, სდევნიდა მოსაკლავად ჩაგრულს, ღატაკსა და გულშემუსვრილს.
- 17უყვარდა წყევლა, ამიტომ მასვე მიუვიდა ის; არ ისურვა კურთხევა, ამიტომ განშორდა მას.
- 18სამოსელივით შეიმოსა წყევლა, წყალივით შევიდა მის შინაგანში და ზეთივით - მის ძვლებში.
- 19სამოსელივით ეცვას და სარტყელივით მუდმივად ჰქონდეს შემორტყმული.
- 20ასეთია უფლის მისაგებელი ჩემს მოძულეთა და ჩემზე ავის მოლაპარაკეთა მიმართ,
- 21შენ კი უფალო, ღმერთო ჩემო, წყალობით მომექეცი შენი სახელის გამო, გადამარჩინე, ვინაიდან კარგია შენი სიკეთე;
- 22რადგან ღარიბ-ღატაკი ვარ და განგმირული მაქვს გული.
- 23გადახრილი ჩრდილივით ვქრები, კალიასავით ვარ ჩამობერტყილი.
- 24მარხვისგან მუხლები დამიუძლურდა, ზეზეურად ჩამოვხმი.
- 25მათი სალანძღავი გავხდი, ჩემს დანახვაზე თავს იქნევდნენ.
- 26შემეწიე უფალო, ღმერთო ჩემო, მიხსენი შენი წყალობისამებრ.
- 27დაე, გაიგონ, რომ შენი ხელია ეს, რომ შენ მოიმოქმედე ეს, უფალო.
- 28ისინი მწყევლიან, შენ კი მაკურთხე; აღდგებიან და შერცხვებიან, შენი მსახური კი გაიხარებს.
- 29გაწბილებით შეიმოსონ ჩემი მოძულენი და მოსასხამივით წამოისხან თავისი სირცხვილი.
- 30ხმამაღლა შევაქებ უფალს ჩემი პირით და მრავალთა შორის ვადიდებ მას.
- 31რადგან მარჯვნივ დაუდგება ღატაკს, რათა იხსნას მისი სული განმკითხველთაგან.
იტვირთება შემდეგი თავი