ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 113
- 1როცა ეგვიპტიდან გამოვიდა ისრაელი, იაკობის სახლი - უცხოენოვანი ხალხისგან,
- 2გახდა იუდა მისი საწმიდარი, ისრაელი - მისი სამფლობელო.
- 3ზღვამ დაინახა და უკუიქცა, იორდანე უკან გაბრუნდა.
- 4ერკემლებივით ხტოდნენ მთები, ბატკნებივით - მაღლობები.
- 5რა დაგემართა, ზღვაო, რომ გაიქეცი და იორდანევ - უკან რომ გაბრუნდი?
- 6მთებო, რას ხტიხართ ერკემლებივით და მაღლობებო - კრავებივით?
- 7უფლის სახის წინაშე ძრწოდე, დედამიწავ, იაკობის ღმერთის სახის წინაშე,
- 8რომელმაც წყალსატევად გადააქცია კლდე, კაჟი - წყლის წყაროდ.
- 9ჩვენ არა უფალო, ჩვენ არა, არამედ შენს სახელს მიაგე დიდება შენი წყალობისა და ჭეშმარიტებისთვის.
- 10რატომ უნდა თქვან წარმართებმა: სად არისო მათი ღმერთი?
- 11ჩვენი ღმერთი კი ზეცაშია; და რასაც ისურვებს, იმას აკეთებს.
- 12მათი კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანთა ხელით შექმნილი.
- 13პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ.
- 14ყურები აქვთ და არ ესმით, ცხვირი აქვთ და ვერ იყნოსავენ.
- 15ხელები აქვთ და ვერაფერს ეხებიან, ფეხები აქვთ და ვერ დადიან, ხმას ვერ გამოსცემენ თავისი ხორხიდან.
- 16მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.
- 17ისრაელო, უფალს მიენდე! - მათი შემწე და ფარია იგი.
- 18აჰარონის სახლო, უფალს მიენდე! - მათი შემწე და ფარია იგი.
- 19მოშიშნო უფლისა, უფალს მიენდეთ! - მათი შემწე და ფარია იგი.
- 20უფალს ვახსოვართ და გვაკურთხებს ჩვენ; აკურთხებს ისრაელის სახლს, აკურთხებს აჰარონის სახლს.
- 21უფალი აკურთხებს მის მოშიშებს - პატარებს და დიდებს.
- 22დაე, გაგამრავლოთ უფალმა, თქვენ და თქვენი შვილები.
- 23კურთხეული ხართ უფლის მიერ, ცისა და ქვეყნის შემოქმედის მიერ.
- 24ცანი - ცანია უფლისა, ქვეყანა კი კაცთა შვილებს მისცა.
- 25მკვდრები არ აქებენ უფალს და არც ვინმე სამარეში ჩასული,
- 26ჩვენ კი ვადიდებთ უფალს ამიერიდან უკუნისამდე. ადიდეთ უფალი!
იტვირთება შემდეგი თავი