ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 138
- 1უფალო, შენ გამომიკვლიე და მიცნობ.
- 2იცი, როდის ვჯდები და ვდგები; შორიდანვე ხვდები ჩემს ფიქრებს.
- 3დავდივარ თუ ვისვენებ ჩემს გვერდით ხარ; გამოკვლეული გაქვს ყველა გზა ჩემი.
- 4ჯერ ენაზეც არ მომდგომია სიტყვა, აჰა, უკვე სრულად იცის უფალმა.
- 5გარსშემომერტყი ზურგიდან და წინიდან და ხელი დამადე.
- 6გაოცებული ვარ, როგორ შემიცანი ასე; ჩემს გონებას აღემატება.
- 7სად წავუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი?
- 8ზეცაში ავიდე - იქ ხარ, ქვესკნელში ჩავიდე - იქაც ხარ!
- 9ფრთებიც რომ გამოვისხა განთიადისა, დავსახლდე ზღვის კიდეზე -
- 10იქაც შენი ხელი წამიძღვება და შენი მარჯვენა დამიჭერს.
- 11თუ ვიტყვი: ნამდვილად ბნელი დამფარავს და ღამე სინათლედ გადამექცევა.
- 12წყვდიადიც კი არ იქნებოდა შენთვის ბნელი; ღამე დღესავით გაანათებდა, რადგან სიბნელეც სინათლეა შენთვის!
- 13შენ გამოსახე ჩემი თირკმელები, დედაჩემის მუცელში გამომძერწე.
- 14გაქებ, რადგან შიშით აღსავსე და მშვენიერი გამომსახე; საკვირველია შენი საქმენი და კარგად იცის ეს ჩემმა სულმა.
- 15არ დაფარულა შენგან ჩემი ძვლები, როცა ჩავისახე იდუმალებაში და შევნივთდი მუცლის სიღრმეებში.
- 16ჩემი ჩანასახი იხილეს შენმა თვალებმა და შენს წიგნში იყო ჩაწერილი ჩემი მომავალი დღეები, როცა ჯერ კიდევ არ იყო არც ერთი მათგანი.
- 17რაოდენ ძვირფასია ჩემთვის შენი ზრახვანი, ღმერთო, და რაოდენ დიდია მათი რიცხვი.
- 18დავთვალო - ქვიშაზე უმრავლესია. ვიძინებ ამ ფიქრებში, ვიღვიძებ და, ისევ შენთან ვარ.
- 19ნეტამც მოსრავდე, ღმერთო, ბოროტს! გამშორდით სისხლისმსმელნო!
- 20მზაკვრულად ლაპარაკობენ შენზე - ფუჭად ახსენებენ შენს სახელს შენი მტრები!
- 21უფალო, ნუთუ არ მოვიძულო შენი მოძულენი და არ ვედავო შენს მოწინააღმდეგეთ?!
- 22სრული სიძულვილით მოვიძულე ისინი; შენი მტრები ჩემს მტრებად მივიჩნიე.
- 23გამომიკვლიე უფალო და შეიცანი ჩემი გული; შემამოწმე და გაიგე ჩემი აზრები.
- 24ნახე, ზიანის მომტან გზაზე ხომ არ ვდგავარ და მარადიულ გზაზე წამიძეხი.
იტვირთება შემდეგი თავი