ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 143
- 1კურთხეულ იყოს უფალი, ჩემი კლდე, რომელიც ბრძოლას ასწავლის ჩემს ხელებს და ომს - ჩემს თითებს.
- 2მწყალობელო ჩემო და სიმაგრევ ჩემო, თავშესაფარი და მხსნელი ხარ ჩემი, ფარი და იმედი, რომელიც ხალხებს მიმორჩილებს.
- 3უფალო, რა არის კაცი, რომ იცნობ მას, ძე ადამისა, ყურადღებას რომ აქცევ?
- 4ადამიანი ამოსუნთქვასავითაა, ჩრდილივით წარმავალია მისი დღეები.
- 5უფალო, მოდრიკე ცანი შენი და ჩამოდი, შეეხე მთებს, რომ აკვამლდნენ.
- 6ელვით გაანათე და გაფანტე ისინი, გამოუშვი შენი ისრები და თავზარი დაეცი მათ.
- 7მაღლიდან გამოიწოდე შენი ხელი; მიხსენი და გადამარჩინე დიდი წყლებისგან, უცხო ხელთაგან,
- 8რომელთა ბაგენი სიცრუეს ლაპარაკობენ და რომელთა მარჯვენა სიცრუის მარჯვენაა.
- 9ახალ სიმღერას გიმღერებ, ღმერთო! ათსიმიან ჩანგზე გიგალობებ,
- 10მეფეთა მხსნელო, რომელიც იხსნის დავითს - თავის მსახურს ბოროტი მახვილისგან.
- 11მიხსენი და გადამარჩინე უცხოთა ხელიდან, რომელთა ბაგენი სიცრუეს ლაპარაკობენ და რომელთა მარჯვენა სიცრუის მარჯვენაა.
- 12დაე, ნერგებივით იზრდებოდნენ ჩვენი ძენი სიყმაწვილიდანვე; და იყვნენ ჩვენი ასულნი, ვითარცა სასახლის მშვენივრად თლილი სვეტები.
- 13ნაირნაირი მოსავლით იყოს სავსე ჩვენი ბეღლები. ჩვენი ცხვრები კი ათასობით და ათი ათასობით მრავლდებოდნენ ჩვენს საძოვრებზე.
- 14დატვირთული იყოს ჩვენი საქონელი, არ იყოს არც ზარალი, არც დანაკლისი და არც გოდება ჩვენს ქუჩებში.
- 15ნეტარია ხალხი, რომელსაც ასე მისდის საქმე. ნეტარია ხალხი, ვისი ღმერთიც უფალია!
იტვირთება შემდეგი თავი