ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 144

  1. 1
    აღგამაღლებ ღმერთო, მეფევ ჩემო და უკუნითი უკუნისამდე ვაკურთხებ შენს სახელს.
  2. 2
    ყოველდღე გაკურთხებ შენ და უკუნითი უკუნისამდე შევაქებ შენს სახელს.
  3. 3
    დიდია უფალი და საქებარია ფრიად, ჩაუწვდომელია მისი სიდიადე.
  4. 4
    თაობა თაობას შეუქებს შენს საქმეებს და შენს სიძლიერეს აუწყებენ.
  5. 5
    შენი მშვენების სიდიადესა და ბრწყინვალებაზე, შენს საოცარ საქმეებზე ვილაპარაკებ.
  6. 6
    ისინი შენი საშიში საქმეების სიძლიერეზე ილაპარაკებენ, მე კი შენს სიდიადეს ვაუწყებ.
  7. 7
    გაიხსენებენ შენს მრავალმოწყალებას და სიხარულით შესძახებენ შენი სიმართლის გამო.
  8. 8
    მპატიებელი და შემბრალეა უფალი, სულგრძელი და დიდად მოწყალე.
  9. 9
    ყველას მიმართ კეთილია უფალი და მისი წყალობა მის ყველა ქმნილებაზეა.
  10. 10
    უფალო, შენ განგადიდებს ყოველი შენი ქმნილება და გაკურთხებენ შენი წმიდანები.
  11. 11
    შენი სამეფოს დიდებასა და შენს სიძლიერეზე ილაპარაკებენ.
  12. 12
    რათა ამცნონ ადამის ძეთ შენი ძლევამოსილი საქმეები და შენი მეფობის ბრწყინვალე სიდიადე.
  13. 13
    შენი სამეფო მარადიული სამეფოა და შენი მმართველობა თაობიდან თაობებში ვრცელდება.
  14. 14
    ყველა დაცემულის შემწეა უფალი და წამომყენებელი ყველა წელში მოხრილისა.
  15. 15
    ყველას თვალი შენ შემოგცქერის, შენ აძლევ მათ საზრდოს თავის დროზე.
  16. 16
    გაშლი ხელს და აკმაყოფილებ ყოველი სულდგმულის საჭიროებას.
  17. 17
    მართალია უფალი ყველა თავის გზაზე და მოწყალეა ყველა თავის საქმეში.
  18. 18
    ახლოსაა უფალი ყველასთან, ვინც მას მოუხმობს, ყოველთან, ვინც ჭეშმარიტებით მოუხმობს მას.
  19. 19
    მის მოშიშთა სურვილს ასრულებს, მათ ღაღადისს ისმენს და იხსნის მათ.
  20. 20
    ყველა მის მოყვარულს იცავს უფალი და სპობს ყველა ბოროტს.
  21. 21
    ჩემი პირით განვადიდებ უფალს; აკურთხოს ყოველმა ხორციელმა მისი წმიდა სახელი უკუნითი უკუნისამდე!
იტვირთება შემდეგი თავი
ფსალმუნები 144 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა