ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 16
- 1უფალო, ისმინე სიმართლე, ყური მოაპყარ ჩემს ღაღადს, ისმინე ჩემი ლოცვა უბიწო ბაგეებიდან.
- 2შენგან გამოვა ჩემი სამართალი, შენი თვალები ჭვრეტენ სწორად.
- 3გამოკვლეული გაქვს გული ჩემი, ღამღამობით მინახულებდი; გამომცადე და ვერაფერი ჰპოვე; არ განდგომია ჩემი ფიქრები ჩემს ბაგეთ.
- 4ადამიანთა საქმეებში, შენი ბაგეთა სიტყვის თანახმად, თავს ვიცავდი უკუღმართი გზებისგან.
- 5შენ განმიმტკიცე ნაბიჯები შენს გზაზე და არ გადაუხვევია ჩემს ტერფებს.
- 6მოგიხმობ, ღმერთო, რადგან მიპასუხებ; ყური მომაპყარ, მოისმინე სიტყვები ჩემი.
- 7გვიჩვენე შენი საოცარი წყალობა, რადგან შენი მარჯვენით იხსნი მათ, ვინც შენში ეძებს თავშესაფარს თავიანთი მტრებისგან.
- 8თვალის გუგასავით გამიფრთხილდი, შენი ფრთების ჩრდილქვეშ შემიფარე,
- 9ბოროტეულთაგან, მტრებისგან, გარს რომ მერტყმიან სულის ამოსახდელად.
- 10ქონში არიან ჩაფლულნი, ამპარტავნულად რომ ლაპარაკობენ მათი ბაგენი,
- 11ყოველ ნაბიჯზე გარს მერტყმიან, მითვალთვალებენ, რათა ძირს დამცენ.
- 12ლომს წააგვანან, მსხვერპლი რომ სწყურია და ლომის ბოკვერს, საფარში მჯდომარეს.
- 13აღსდექ, უფალო, წინ გადაუდექი, დააჩოქე, გადაარჩინე ჩემი სული ბოროტისგან შენი მახვილით.
- 14იმ კაცებისგან - შენი ხელით, უფალო, ამქვეყნიური კაცებისგან, რომელთაც ამ სიცოცხლეშივე აქვთ წილი, მათ მუცლებს შენი საგანძურიდან ავსებ, რათა გაძღნენ მათი შვილები და ნამეტი თავიანთ ბავშვებს დაუტოვონ.
- 15მე კი სიმართლეში ვიხილავ შენს სახეს, გამოღვიძებისას შენი სახების მზერით გავძღები.
იტვირთება შემდეგი თავი