ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 17

  1. 1
    შეგიყვარებ, უფალო, სიმტკიცევ ჩემო.
  2. 2
    უფალია ჩემი კლდე, სიმაგრე და მხსნელი ჩემი. ღმერთო ჩემო, კლდე ხარ ჩემი, ფარი, ხსნის რქა და სიმაგრე ხარ ჩემი.
  3. 3
    მოვუხმობ უფალს, დიდად საქებარს და დამიხსნის ჩემი მტრებისგან.
  4. 4
    გარს შემომრტყმია სიკვდილის საკვრელნი და უღმერთობის ნაკადებმა შემაძრწუნეს.
  5. 5
    ჯოჯოხეთის საკვრელნი გარს მაკრავს და წინ სიკვდილის მახეები გადამეღობა.
  6. 6
    გასაჭირში ვუხმობდი უფალს და შევღაღადებდი ჩემს ღმერთს. ისმინა ჩემი ხმა თავის ტაძარში და მის ყურს მისწვდა ჩემი ღაღადი.
  7. 7
    შეძრა და შეარყია დედამიწა, თრთოდნენ მთათა საძირკვლები; შეირყნენ, რადგან განრისხდა იგი.
  8. 8
    კვამლი გამოვიდა მისი ნესტოებიდან, მომსვრელი ცეცხლი - მისი პირიდან, ნაკვერჩხლები აღმოენთნენ მისგან.
  9. 9
    მოდრიკა ცანი და ჩამოვიდა. შავი ღრუბელი იყო მის ფეხქვეშ.
  10. 10
    ქერუბებზე ამხედრდა და გამოფრინდა. ქარის ფრთებით გამოეშურა.
  11. 11
    წყვდიადი თავის საფარად აქცია, ქუფრ მძიმე ღრუბლებში გაეხვია.
  12. 12
    მისი პირის ბრწყინვალებამ გაფანტა ღრუბლები, სეტყვა და ნაკვერჩხლები.
  13. 13
    ზეცაში დაიგრგვინა უფალმა და თავისი ხმა გამოსცა უზენაესმა სეტყვით და ნაკვერჩხლებით.
  14. 14
    გაუშვა ისრები და მიმოფანტა, განაბნია ელვა მრავალი.
  15. 15
    წყლების ნაკადები გამოჩნდნენ და სამყაროს საძირკვლები გაშიშვლდნენ შენს მრისხანე დაძახილზე და შენი ნესტოების მონაბერის ქროლვაზე უფალო.
  16. 16
    გამომიწოდა სიმაღლიდან ხელი და ამომიყვანა; მრავალი წყლებისგან გამომიხსნა.
  17. 17
    ძლიერი მტრისგან დამიხსნა, ჩემთა მოძულეთაგან, ჩემზე ძლიერნი რომ იყვნენ.
  18. 18
    ჩემი გაჭირვების ჟამს გამოვიდნენ ჩემს წინააღმდეგ და უფალი იყო ჩემი საყრდენი.
  19. 19
    გაშლილ სივრცეზე გამომიყვანა, მიშველა, რადგან სასურველი ვიყავი მისთვის.
  20. 20
    ჩემი სიმართლისამებრ მომაგო უფალმა, ჩემთა ხელთა სიწმიდის კვალობაზე დამაჯილდოვა.
  21. 21
    რადგან უფლის გზებს ვიცავდი და არ განვდგომილვარ ჩემს ღმერთს;
  22. 22
    ვინაიდან თვალწინ მქონდა ყველა მისი მცნება და მისი წესებიდან არ გადამიხვევია.
  23. 23
    უბიწო ვიყავი მის წინაშე და თავს ვიცავდი შეცოდებისგან.
  24. 24
    და მომიზღო უფალმა ჩემი სიმართლით, ხელთა ჩემთა სიწმიდის კვალობაზე, მის თვალთა წინაშე.
  25. 25
    ერთგულს ერთგულად ექცევი, უბიწოს - უბიწოებით.
  26. 26
    წმიდას მისი სიწმიდისამებრ ექცევი და უკუღმართს - მისი უკუღმართობისამებრ.
  27. 27
    რადგან ჩაგრულ ხალხს იხსნი და მედიდურ თვალებს ამდაბლებ.
  28. 28
    ამიტომ ანთებს ჩემს ლამპარს უფალი; ჩემი ღმერთი სინათლედ მიქცევს სიბნელეს.
  29. 29
    შენით დავამარცხებ ლაშქარს და ჩემი ღმერთის შეწევნით გადავევლები გალავანს.
  30. 30
    უმწიკვლოა ღმერთის გზა, ხალასია სიტყვა უფლისა; ფარია იგი ყველასთვის, ვინც მას შეეფარება.
  31. 31
    რადგან ვინ არის ღმერთი, გარდა უფლისა? ანდა ვინ არის კლდე, გარდა ჩვენი ღმერთისა?
  32. 32
    ღმერთი მმოსავს ძალით და მისწორებს გზას.
  33. 33
    ჩემს ფეხებს ირმისას ამსგავსებს და ჩემს სიმაღლეებზე მაყენებს.
  34. 34
    ბრძოლას ასწავლის ჩემს ხელებს და რვალის მშვილდს ადრეკინებს ჩემს მკლავებს.
  35. 35
    შენ მომეცი ფარი შენი ხსნისა და შენი მარჯვენით შემეწიე! შენი წყალობა განმადიდებს!
  36. 36
    შენ გამიფართოვე ნაბიჯები და ფეხები ჩემი აღარ წაბორძიკებულან.
  37. 37
    დავედევნე ჩემს მტრებს, დავეწიე და არ დავბრუნდი, ვიდრე არ მოვსპე.
  38. 38
    გავაცამტვერე და ვეღარ შეძლეს აღდგომა, ჩემს ფეხებთან დაეცნენ.
  39. 39
    შენ შემმოსე ძალით საომრად, ჩემს ქვეშ მოდრიკე ჩემი მოწინააღმდეგენი.
  40. 40
    შენ აქცევინე ზურგი ჩემს მტრებს, რათა მომესპო ჩემი მოძულენი.
  41. 41
    მოსთქვამდნენ და არავინ იყო მხსნელი, უფალს შესთხოვდნენ - და არ უპასუხა.
  42. 42
    გავაცამტვერე, როგორც ქარმა მტვერი, ტალახივით გავთელე ქუჩებში.
  43. 43
    შენ მიხსენი ხალხის დავისგან, ერთა უფროსად დამაყენე, ხალხი, რომელსაც არ ვიცნობდი, მემსახურება.
  44. 44
    მოისმენენ თუ არა ჩემს ხმას - მემორჩილებიან, უცხოტომელნი მემსახურებიან.
  45. 45
    უცხოელები შეშინდებიან და აკანკალებულნი გამოვლენ თავიანთი სიმაგრეებიდან.
  46. 46
    ცოცხალია უფალი! დიდებულია სიმაგრე ჩემი! ამაღლდეს - ჩემი ხსნის ღმერთი.
  47. 47
    ღმერთია ჩემთვის შურისმაძიებელი და ის მიმორჩილებს ერებს.
  48. 48
    ის მიხსნის მტრებისგან! შენ ამამაღლე მათზე, ვინც აღსდგა ჩემს წინააღმდეგ და მიხსენი მრისხანე კაცთაგან.
  49. 49
    ამიტომ გადიდებ ხალხთა შორის, უფალო და ქებით ვუმღერ შენს სახელს.
  50. 50
    დიად ხსნას უვლენს თავის მეფეს და უჩვენებს წყალობას თავის ცხებულს - დავითს და მის მოდგმას უკუნითი უკუნისამდე.
იტვირთება შემდეგი თავი