ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 18
- 1ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მის ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო.
- 2დღე დღეს გადასცემს სიტყვას, ღამე კი ღამეს უმხელს ცოდნას.
- 3თუმცა არც მთქმელია და არც ნათქვამი, არც მათი ხმა არ ისმის არსად.
- 4მთელ დედამიწას გასდევს მათი ხაზი და სამყაროს კიდეებამდე აღწევს მათი სიტყვები; მათში დაუდგა მზეს კარავი
- 5და ნეფესავით გამოდის საქორწინო პალატიდან; გმირივით ხარობს გზის გარბენას.
- 6ცათა ერთი კიდიდანაა მისი აღმოსავალი და ბრუნვა მისი - მეორე კიდემდე; ვერაფერი ემალება მის მხურვალებას.
- 7რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს ანახლებს; მცნება უფლისა სარწმუნოა, გულუბრყვილოებს აბრძენებს.
- 8მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს.
- 9შიში უფლისა წმიდაა, მარადიული. უფლის განსჯანი ჭეშმარიტია, ყველა სამართლიანია.
- 10ოქროზე და ბაჯაღლოზე მეტად სასურველნი არიან და უტკბილესნი თაფლისა და გოლეულისა.
- 11მათით არის გაფრთხილებული შენი მსახური; დიდია საზღაური მათი დაცვისთვის.
- 12ვინ გააცნობიერებს თავის შეცდომებს? განმწმიდე მე დაფარულთაგან.
- 13განზრახ ცოდვებისგან დაიფარე შენი მსახური, რათა არ გაბატონდნენ ჩემზე; მაშინ უმწიკვლო შევიქნები და თავს დავაღწევ დიდ დანაშაულს.
- 14დაე, სასურველი იყოს შენთვის, სიტყვანი ჩემი პირისა და ფიქრები ჩემი გულისა, უფალო, ბურჯო და გამომსყიდველო ჩემო.
იტვირთება შემდეგი თავი