ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 24

  1. 1
    შენკენ აღვაპყარ სული ჩემი უფალო.
  2. 2
    ღმერთო ჩემო! შენზე ვარ მონდობილი; ნუ შევრცხვები და ნუ იზეიმებს მტერი ჩემზე.
  3. 3
    ნურც შერცხვება ნურავინ, ვინც შენ გენდობა; ამაოდ შემცოდველნი კი შერცხვნენ.
  4. 4
    შენი გზები შემაცნობინე უფალო და მასწავლე შენი ბილიკები.
  5. 5
    გამიძეხ შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე, რადგან შენ ხარ ჩემი ხსნის ღმერთი; გამუდმებით შენ გენდობი.
  6. 6
    გაიხსენე, უფალო, შენი სიყვარული და წყალობა, რადგან საუკუნოა ისინი.
  7. 7
    ჩემი სიჭაბუკის ცოდვებსა და ბრალს ნუ გაიხსენებ; შენი გულმოწყალებით, შენი სიკეთით გამიხსენე უფალო.
  8. 8
    კეთილი და მართალია უფალი, ამიტომ აყენებს გზაზე ცოდვილებს.
  9. 9
    თავმდაბალთ სამართალში მიუძღვის და თავის გზას ასწავლის მორჩილთ.
  10. 10
    უფლის ყველა გზა წყალობა და ჭეშმარიტებაა მისი აღთქმებისა და მცნებების შემნახველთათვის.
  11. 11
    შენი სახელისთვის შემინდე დანაშაული, უფალო, რადგან დიდია იგი.
  12. 12
    ვინ არის კაცი მოშიში უფლისა? მას უჩვენებს გზას, რომელიც უნდა აირჩიოს.
  13. 13
    სიკეთეში იცხოვრებს იგი და მისი შთამომავლობა დაიმკვიდრებს ქვეყანას.
  14. 14
    საიდუმლო უფლისა მისი მოშიშებისთვისაა და თავის აღთქმას აუწყებს მათ.
  15. 15
    მუდამ უფლისკენაა მიმართული ჩემი თვალები, ის იხსნის ჩემს ფეხებს მახისგან.
  16. 16
    გადმომხედე და შემიწყალე, ვინაიდან მარტოდმარტო ვარ და ჩაგრული.
  17. 17
    მწუხარება გამიმრავლდა გულში, მიხსენი ჩემი გაჭირვებიდან.
  18. 18
    შეხედე ჩემს უბედურებას და ტანჯვას და მაპატიე ჩემი ყველა შეცოდება.
  19. 19
    შეხედე, როგორ მომრავლდნენ ჩემი მტრები და საშინელი სიძულვილით შემიძულეს მე.
  20. 20
    დაიფარე ჩემი სიცოცხლე და გამომიხსენი, ნუმც შევრცხვები, რადგან შენში ვპოვე თავშესაფარი.
  21. 21
    უბიწოებამ და სიწრფელემ დამიფაროს მე, ვინაიდან შენ მოგელი.
  22. 22
    უფალო, გამოისყიდე ისრაელი მისი ყოველი გასაჭირიდან.
იტვირთება შემდეგი თავი