ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 30

  1. 1
    უფალო, შენში ვეძებ თავშესაფარს, ნურც შევრცხვენილვარ ნურასოდეს; შენი სიმართლით გამომიხსენი.
  2. 2
    ყური მომაპყარ, იჩქარე ჩემი გადარჩენა, თავშესაფარი კლდე იყავ ჩემთვის, სიმაგრე ჩემს დასახსნელად.
  3. 3
    რადგან ჩემი კლდე და სიმაგრე ხარ; შენი სახელის გულისთვის მიჩვენე გზა და გამიძეხი.
  4. 4
    გამომიყვანე მახიდან, რომელიც ჩუმად დამიგეს, რადგან შენ ხარ სიმაგრე ჩემი.
  5. 5
    შენს ხელს ვანდობ ჩემს სულს. შენ დამიხსენი, ო, უფალო, ღმერთო ჭეშმარიტო.
  6. 6
    შევიძულე ამაო კერპთა თაყვანისმცემელნი და უფალს მივენდე.
  7. 7
    ვილხენ და ვიმხიარულებ შენი წყალობით, რადგან იხილე ჩემი გაჭირვება და იცი ჩემი ტანჯვა.
  8. 8
    მტრის ხელთ არ ჩამაგდე, ფართოდ დაამკვიდრე ფერხნი ჩემნი.
  9. 9
    შემიწყალე, უფალო, რადგან მიჭირს, წუხილით დამისუსტდა თვალი, სამშვინველი და სხეული.
  10. 10
    რადგან ნაღველში გაილია ჩემი სიცოცხლე და გლოვაში - წლები. ჩემი ცოდვების გამო შეირყა ჩემი ძალა და ძვლები ჩემი - გამოშრა.
  11. 11
    შერცხვენილი შევიქენი, ყველა ჩემი მტრის გამო ჩემი მეზობლების წინაშე და საფრთხობელად - ნაცნობთათვის; ამიტომ გამირბის, ვინც მხედავს ქუჩაში.
  12. 12
    მკვდარივით ამომიგდეს გულიდან; დამსხვრეულ ჭურჭელს დავემსგავსე.
  13. 13
    რადგან მესმოდა ცილისწამება მრავალთა, შიში ყოველი მხრიდან, ისინი შეითქვნენ ჩემს წინააღმდეგ, ჩემი სულის ამოხდა განიზრახეს.
  14. 14
    მე კი, უფალო, შენზე ვარ მონდობილი, ვთქვი: შენა ხარ ჩემი ღმერთი.
  15. 15
    შენს ხელთაა ჩემი დრო. მიხსენი ჩემი მდევნელებისა და მტრების ხელთაგან.
  16. 16
    გამოუბრწყინე შენი სახე შენს მსახურს, გადაარჩინე შენი წყალობით.
  17. 17
    უფალო, ნუმც შევრცხვენილვარ, რადგან შენ მოგიხმობ; ბოროტნი კი შერცხვნენ და დადუმდნენ საფლავში.
  18. 18
    დაე, დამუნჯდნენ ცრუ ბაგენი, რომლებიც ამპარტავნულად ლაპარაკობენ მართალზე - ქედმაღლობით და სიძულვილით.
  19. 19
    რაოდენ დიდია სიკეთე შენი, რომელსაც შენს მოშიშთათვის ინახავ, შენში თავშესაფრის მძებნელთ რომ განუმზადე, ადამის ძეთა წინაშე.
  20. 20
    შენ იფარავ მათ შენი პირის საფარველქვეშ ადამიანთა ხრიკებისგან, იცავ მათი ენით მომხდარი დავიდარაბისგან.
  21. 21
    კურთხეულ იყოს უფალი, რადგან ალყაშემორტყმულ ქალაქში მომივლინა თავისი სიკეთე.
  22. 22
    ვფიქრობდი ჩემი ძრწოლისას: "მოკვეთილი ვარ შენს თვალთაგან”, მაგრამ შენ ისმინე ჩემი მუდარის ხმა, როცა შემოგღაღადებდი.
  23. 23
    შეიყვარეთ უფალი, ღვთისნიერნო მისნო; ერთგულს იცავს უფალი და მრავალგზის მიუზღავს ამაყებს.
  24. 24
    გამხნევდით და გული გაიმაგრეთ ყველამ, ვისაც უფლის მოლოდინი გაქვთ.
იტვირთება შემდეგი თავი