ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 31
- 1ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისი ცოდვებიც დაიფარა.
- 2ნეტარია კაცი, ვისაც არ ჩაუთვლის ცოდვას უფალი და ვის სულშიც არ არის სიცრუე.
- 3როდესაც ვდუმდი ჩემს ცოდვაზე, ძვლები გამიცვითა ყოველდღიურმა გოდებამ.
- 4რადგან დღისით და ღამით მძიმდებოდა შენი ხელი ჩემზე, ზაფხულის გვალვამ შეცვალა სინედლე ჩემი.
- 5ცოდვა ჩემი ვაღიარე და ბრალი ჩემი არ დამიმალავს. ვთქვი: ვაღიარებ ჩემს ცოდვებს უფლის წინაშე და შენ მომიტევე დანაშაული ჩემი ცოდვისა.
- 6ამიტომ, დაე ილოცოს შენ მიმართ ყველა ღვთისმოსავმა სანამ შეიძლება შენი პოვნა; ვერ მისწვდება ასეთს ნიაღვრები წყლისა.
- 7რადგან შენ ხარ ჩემი თავშესაფარი, გაჭირვებისგან მიფარავ და ხსნის სიხარული შემომარტყი გარს.
- 8ამბობს უფალი: დაგარიგებ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო, თვალს დავიჭერ შენზე.
- 9ნუ იქნებით ცხენივით და ჯორივით გაუგებარი, ლაგამი და აღვირია მათი შემკავებელი, რომ არ მოგიახლოვდნენ.
- 10მრავალი სატკივარი აქვს ბოროტს, უფალზე მინდობილი კი წყალობით არის გარემოცული.
- 11გაიხარეთ უფლის მიერ და იმხიარულეთ, მართლებო; იგალობეთ, გულით მართლებო.
იტვირთება შემდეგი თავი