ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 32
- 1იხარეთ უფალში მართალნო; გულწრფელებს შეშვენით შექება.
- 2ადიდეთ უფალი ქნარით, ათსიმიანი ებნით უგალობეთ მას.
- 3უმღერეთ მას ახალი სიმღერა, ოსტატურად ააწყვეთ ჰანგი, მხიარულად შემოსძახეთ.
- 4რადგან სწორია უფლის სიტყვა და ჭეშმარიტია ყოველი საქმე მისი.
- 5უყვარს სიმართლე და სამართალი; უფლის წყალობითაა სავსე ქვეყანა;
- 6უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მის ბაგეთა მონაბერით - მთელი მისი ლაშქარი.
- 7შეკრიბა ზღვის წყლები, ვითარცა ტიკში, საცავებში მოათავსა უფსკრულები.
- 8ეშინოდეს უფლისა მთელ დედამიწას, სამყაროს ყველა მკვიდრი თრთოდეს მისგან.
- 9რადგან მან თქვა და - შეიქმნა, მან ბრძანა და - არსებობს.
- 10უფალი ჩაშლის ერების ზრახვებს, გააცამტვერებს ერთა ჩანაფიქრს.
- 11რჩევა უფლისა იდგება მარადიულად და თაობიდან თაობამდე - ზრახვანი მისი გულისა.
- 12ნეტარია ხალხი, ვისი ღმერთიც არის უფალი, ხალხი - მისდა მემკვიდრედ ამორჩეული.
- 13ზეციდან იმზირება უფალი, ხედავს ადამიანის ყველა ძეს.
- 14თავისი სამკვიდრებლიდან უთვალთვალებს ქვეყნის ყველა მკვიდრს.
- 15მან შექმნა გული ყოველისა და სწვდება ყველა მათ საქმეს.
- 16ვერ უშველის მეფეს ჯარის სიმრავლე და დიდი ძალა ვერ იხსნის მებრძოლს.
- 17უიმედოა ცხენი შველისთვის, მთელი მისი ძალა ვერ იხსნის მას.
- 18აჰა, თვალი უფლისა მის მოშიშებზეა - ვისაც მისი წყალობის იმედი აქვს;
- 19რათა იხსნას ისინი სიკვდილისგან და ასაზრდოოს შიმშილის ჟამს.
- 20სული ჩვენი უფალს მოელის, ის არის დამხმარე და ფარი ჩვენი.
- 21რადგან მისით ხარობს ჩვენი გული და მის წმიდა სახელს ვენდობით.
- 22უფალო, იყოს ჩვენზე შენი წყალობა, რადგან შენზე ვამყარებთ იმედს.
იტვირთება შემდეგი თავი