ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 33

  1. 1
    განვადიდებ უფალს ყოველჟამს, გამუდმებით იქნება მისი ქება ჩემს ბაგეებზე.
  2. 2
    უფლით იქადის ჩემი სული; ისმინონ თავმდაბლებმა და გაიხარონ.
  3. 3
    ადიდეთ უფალი ჩემთან ერთად; ერთად ავამაღლოთ მისი სახელი.
  4. 4
    ვეძებდი უფალს და მიპასუხა, დამიხსნა ყველა ჩემი შიშისგან.
  5. 5
    უმზირეთ მას და გაბრწყინდით, არასოდეს შერცხვება თქვენი სახეები.
  6. 6
    აგერ ღარიბმა მოუხმო და მოისმინა უფალმა, დაიხსნა ყველა მისი გასაჭირისგან.
  7. 7
    დაიბანაკებს უფლის ანგელოზი მის მოშიშთა ირგვლივ და იხსნის მათ.
  8. 8
    იგემეთ და ნახეთ, რომ კარგია უფალი; ბედნიერია კაცი, ვინც მას აფარებს თავს.
  9. 9
    გეშინოდეთ უფლის, წმიდანნო მისნო, რადგან არაფერი მოაკლდება მის მოშიშთ.
  10. 10
    ახალგაზრდა ლომები იტანჯებიან და შიმშილობენ, უფლის მაძიებლებს კი არავითარი სიკეთე არ მოაკლდებათ.
  11. 11
    მოდით შვილებო, მომისმინეთ: უფლის მოშიშებას გასწავლით თქვენ.
  12. 12
    ვინ არის კაცი, რომელსაც სიცოცხლე სურს და უყვარს დღეგრძელობა სიკეთის სანახავად?
  13. 13
    შეიკავე შენი ენა ბოროტებისგან და ბაგენი - მზაკვრული სიტყვებისგან.
  14. 14
    ერიდე ბოროტებას და აკეთე სიკეთე; ეძიე მშვიდობა და მას მისდიე.
  15. 15
    უფლის თვალები მართლებისკენაა მიპყრობილი და მისი ყურები - მათი ღაღადისკენ.
  16. 16
    უფლის სახე ბოროტმოქმედთა წინააღმდეგაა, რათა დედამიწიდან წარხოცოს მათი სახსენებელი.
  17. 17
    მოუხმობენ მართალნი და ისმენს უფალი - ყველა გასაჭირისგან იხსნის მათ.
  18. 18
    ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან და სულით მორჩილებს იხსნის.
  19. 19
    მრავალი სიავე ხვდება მართალს და ყველაფრისგან იხსნის უფალი.
  20. 20
    მის ყოველ ძვალს იცავს იგი, მათგან ერთიც არ შეიმუსრება.
  21. 21
    ცოდვილს ბოროტება მოკლავს, მსჯავრს დაიტეხენ მართლის მოძულენი.
  22. 22
    უფალი გამოისყიდის თავის მსახურთა სულებს და მსჯავრი არ დაედება, ვინც მას აფარებს თავს.
იტვირთება შემდეგი თავი