ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 34

  1. 1
    უფალო, ედავე ჩემთან მოდავეებს და ებრძოლე ჩემს წინააღმდეგ მებრძოლთ.
  2. 2
    აიღე ფარი და საჭურველი და აღსდექ ჩემდა შესაწევნად.
  3. 3
    მახვილი აღმართე და გზა გადაუკეტე ჩემს მდევნელებს. უთხარი ჩემს სულს: "შენი მხსნელი ვარ”.
  4. 4
    შერცხვნენ და გაწბილდნენ ჩემი სიცოცხლის მაძიებელნი, უკუიქცნენ სირცხვილნაჭამნი, ჩემთვის სიავის მსურველნი.
  5. 5
    ბზესავით შეიქნენ ქარის წინაშე და უფლის ანგელოზმა უკუაგდოს ისინი.
  6. 6
    იყოს მათი გზა ბნელი და მოლიპული, უფლის ანგელოზი სდევნიდეს მათ.
  7. 7
    რადგან უმიზეზოდ დამიგეს მახე, უსაბაბოდ გაუთხარეს ორმო ჩემს სულს.
  8. 8
    უბედურება დაატყდეს მათ უცაბედად! თავიანთ მომზადებულ მახეში გაებნენ და დასაღუპად ჩავარდნენ მასში;
  9. 9
    მაშინ გაიხარებს უფლით ჩემი სული, მისი შემწეობით ილხენს.
  10. 10
    იტყვის ყოველი ძვალი ჩემი: "უფალო, ვინ არის შენი მსგავსი? შენ იხსნი სუსტს მძლავრისგან, ღარიბს და ღატაკს - მისი მძარცველისგან”.
  11. 11
    აღსდგნენ ჩემს წინააღმდეგ ავი ცრუმოწმენი; რაც არ ვიცი - იმას მეკითხებიან.
  12. 12
    სიკეთის წილ ბოროტებით მიხდიან, ჩემი სულის დაობლება სურთ.
  13. 13
    მე კი ძაძებს ვიცვამდი მათი სნეულების ჟამს, ჩემს სულს მარხვით ვიძაბუნებდი, მაგრამ ჩემი ლოცვა უკან მიბრუნდებოდა.
  14. 14
    ისე ვწუხდი, როგორც მეგობრისთვის ან ძმისთვის, დედაზე მგლოვიარესავით დავიარებოდი დანაღვლიანებული და თავდახრილი.
  15. 15
    ისინი კი ხარობდნენ ჩემი წაბორძიკებისას და ჩემს წინააღმდეგ იკრიბებოდნენ. სულმდაბალნი, რომელთაც არ ვიცნობდი მგლეჯდნენ და არ მეშვებოდნენ.
  16. 16
    პირფერული დაცინვით აღრჭენდნენ კბილებს ჩემს წინააღმდეგ.
  17. 17
    უფალო, რამდენ ხანს უყურებ? იხსენი ჩემი სული მათი გაპარტახებისგან, ლომებისგან - ჩემი ერთადერთი.
  18. 18
    მადლობას შემოგწირავ დიდ კრებულში, უამრავ ხალხში შეგასხამ ხოტბას.
  19. 19
    რათა არ გაიხარონ ჩემზე უსამართლოდ გადამტერებულებმა და ნუ ანიშნებენ ერთიმეორეს, უმიზეზოდ ჩემი მოძულენი.
  20. 20
    რადგან მშვიდობაზე არ ლაპარაკობენ და ქვეყნის მშვიდობის მოყვარულთა მიმართ მზაკვრობას იზრახავენ.
  21. 21
    ფართოდ მოაღეს ჩემზე პირი, ამბობენ: "ოჰო! ოჰო! იხილა თვალმა ჩვენმა”.
  22. 22
    შენ ხომ იხილე, უფალო, ნუ დადუმდები, ღმერთო, ნუ გამშორდები;
  23. 23
    აღსდექ, გამოიღვიძე ჩემს დასაცავად, უფალო, ღმერთო ჩემო, ჩემი დავის დასაცავად.
  24. 24
    განმიკითხე შენი სამართლით, ნუმც გაიხარებენ ჩემზე.
  25. 25
    ნუ იტყვიან თავის გულში: ოჰო! სწორედ ასე გვენება! ნუ იტყვიან! ჩავყლაპეთ იგი!
  26. 26
    შერცხვეს და გაწბილდეს ყველა, ვისაც ჩემი ცუდი უხარია, სირცხვილით შეიმოსოს, ვინც მედიდურად მექცევა.
  27. 27
    იგალობოს და იმხიარულოს, ვისაც გამართლება სურს ჩემი, დაე, თქვან მარადჟამს: "დიდია უფალი, მისი მსახურისთვის მშვიდობის მსურველი!”
  28. 28
    ჩემი ენა კი შენს სიმართლეზე ილაპარაკებს და გაქებს მთელს დღეს.
იტვირთება შემდეგი თავი