ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 36

  1. 1
    ნუ განრისხდები ბოროტმოქმედთა გამო, უკანონობის ჩამდენების ნუ შეგშურდება.
  2. 2
    რადგან ბალახივით მალე გახმებიან და მწვანილივით დაჭკნებიან.
  3. 3
    მიენდე უფალს და ჰქმენ კეთილი; დამკვიდრდი ქვეყანაზე და შეინარჩუნე ერთგულება.
  4. 4
    ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულის საწადელს.
  5. 5
    ღმერთს მიანდე შენი გზასავალი, მიენდე მას და ის აღასრულებს.
  6. 6
    ნათელივით გამოიტანს სიმართლეს შენსას და შენს სამართალს - შუადღესავით.
  7. 7
    დაემორჩილე უფალს და მოთმინებით დაელოდე მას. ნუ განრისხდები თავის გზაზე წარმატებულ, ბოროტის განმზრახველ კაცზე.
  8. 8
    მოეშვი რისხვას და მიატოვე გულისწყრომა; ნუ განრისხდები, არ გაბოროტდე.
  9. 9
    რადგან მოიკვეთებიან ბოროტმოქმედნი, უფალზე მინდობილნი კი ქვეყანას დაიმკვიდრებენ.
  10. 10
    კიდევ ცოტა, და აღარ იქნება ბოროტი, დაუკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი.
  11. 11
    თავმდაბალნი კი ქვეყანას დაიმკვიდრებენ და დიდი მშვიდობით დაამდებიან.
  12. 12
    ავი განზრახვა აქვს ბოროტს მართლისადმი და კბილებს აღრჭენს მის წინააღმდეგ.
  13. 13
    მაგრამ უფალი დასცინებს მას, ვინაიდან, ხედავს რომ მოდის მისი დღე.
  14. 14
    მახვილი იშიშვლეს ბოროტებმა და მშვილდი მოზიდეს, რათა ძირს დასცენ ღარიბ-ღატაკნი და მოსპონ სწორი გზებით მოარულნი.
  15. 15
    მათი მახვილი მათსავე გულს განგმირავს და მათი მშვილდი გადატყდება.
  16. 16
    მართლის მცირედი სჯობია უკეთურთა დიდ სიმდიდრეს.
  17. 17
    რადგან შეიმუსრება უკეთურთა მკლავები, მართალთა შემწე კი ღმერთია.
  18. 18
    იცის უფალმა უმწიკვლოთა დღენი, უკუნისამდე იქნება მათი მემკვიდრეობა.
  19. 19
    არ შერცხვებიან სიავის ჟამს და შიმშილის დღეებში დაპურდებიან.
  20. 20
    ბოროტნი კი დაიღუპებიან და მტერნი უფლისა, საძოვრების სიხასხასის მსგავსად გაქრებიან; კვამლივით გაუჩინარდებიან.
  21. 21
    ბოროტი სესხულობს და არ იხდის, მართალი კი მოწყალეა და გასცემს.
  22. 22
    რადგან უფლის მიერ ნაკურთხნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას, მის მიერ დაწყევლილნი კი ამოწყდებიან.
  23. 23
    უფლის მიერ წარიმართება კაცის ნაბიჯები და განამტკიცებს მას, ვისი გზებიც მოსწონს.
  24. 24
    კიდეც რომ წაბორძიკდეს, არ დაეცემა, რადგან უფალს უჭირავს მისი ხელი.
  25. 25
    ყმაწვილი ვიყავი, კიდეც მოვხუცდი და არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული და მისი შთამომავლობა პურზე ხელგაწვდილი.
  26. 26
    ის ყოველდღე მოწყალებას გაიღებს და გაასესხებს, კურთხეულია მისი შთამომავალი.
  27. 27
    მოერიდე ბოროტს, სიკეთე აკეთე და სამუდამოდ დამკვიდრდები.
  28. 28
    რადგან სამართლის მოყვარულია უფალი და არ მიატოვებს მის ერთგულებს - სამარადისოდ დაცულნი იქნებიან; ბოროტთა ნაშიერი კი ამოწყდება.
  29. 29
    მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და საუკუნოდ დამკვიდრდებიან მასზე.
  30. 30
    მართლის ბაგენი სიბრძნეს წარმოთქვამენ და მისი ენა სიმართლეს ლაპარაკობს.
  31. 31
    გულში აქვს თავისი ღმერთის რჯული, არ დაუსხლტება ნაბიჯები.
  32. 32
    უთვალთვალებს მართალს ბოროტი და მის მოკვლას აპირებს.
  33. 33
    მაგრამ უფალი არ მიატოვებს მას მის ხელში და განკითხვის ჟამს არ გაამტყუნებს.
  34. 34
    მიენდე უფალს, დაიცავი მისი გზა და ის აგამაღლებს, რათა დაიმკვიდრო ქვეყანა და იხილო უკეთურთა განადგურება.
  35. 35
    მინახავს უწმიდური ბოროტმოქმედი - ლიბანის კედარივით ფესვგადგმული.
  36. 36
    მაგრამ ჩაიარა და, აჰა, აღარ არის, ვეძებ მას და ვეღარ ვპოულობ.
  37. 37
    დაუკვირდი უმწიკვლოს და შეხედე მართალს, რადგან მშვიდობიან კაცს ეკუთვნის მომავალი.
  38. 38
    ცოდვილნი კი ერთიანად მოისპობიან და ბოროტთა მომავალი გადაშენდება.
  39. 39
    მართალთა შველა კი უფლისგანაა, ის არის მათი თავშესაფარი გაჭირვების ჟამს.
  40. 40
    ეხმარება მათ უფალი და იხსნის; ბოროტთაგან იხსნის და გადაარჩენს, რადგან მასში ეძებენ თავშესაფარს.
იტვირთება შემდეგი თავი