ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 37
- 1უფალო, შენი რისხვით ნუ მამხელ და ნუ დამსჯი განრისხების ჟამს.
- 2რადგან ღრმად ჩამერჭო შენი ისრები და შენი ხელი მამძიმებს.
- 3ჯანსაღი ადგილი აღარ შემრჩა სხეულზე შენი რისხვის გამო; სიმშვიდე დაეკარგა ჩემს ძვლებს, ჩემი ცოდვის გამო.
- 4რადგან ჩემს თავს გასცილდნენ ცოდვანი ჩემნი, მძიმე ტვირთივით დამძიმდნენ ჩემზე.
- 5ჭრილობები ამიყროლდა და დამიჩირქდა, ჩემი უგუნურობის გამო.
- 6მოვიდრიკე და დავმდაბლდი, მთელ დღეს მგლოვიარე დავიარები.
- 7რადგან ჩემი წელი სიცხითაა გათანგული და ჯანსაღი ადგილი აღარ შერჩა ჩემს სხეულს.
- 8მეტისმეტად დავუძლურდი და დავძაბუნდი, ვღრიალებ ჩემი გულის სატკივრით.
- 9უფალო, შენ წინაშეა ყველა ჩემი სურვილი და ჩემი ოხვრაც არაა დაფარული შენგან.
- 10თრთის ჩემი გული, ძალღონემ მიმატოვა და აღარც თვალის სინათლეა ჩემთან.
- 11ჩემი მოყვარულნი და მეგობარნი განერიდნენ ჩემს წყლულებს და ჩემი ახლობლები შორს განმიდგნენ.
- 12მახეს მიგებენ ჩემი სულის მაძიებლები, ჩემი სიავის მსურველები განადგურებით მემუქრებიან და მთელ დღეს მზაკვრობას განიზრახავენ.
- 13მე კი არ ვისმენ, ვითარცა ყრუ და მუნჯი, პირს რომ ვერ აღებს.
- 14და დავემგვანე კაცს, რომელსაც არ ესმის და რომლის ბაგეებსაც არ შეუძლიათ პასუხის გაცემა.
- 15მაგრამ შენ გენდობი უფალო და შენ მიპასუხებ უფალო, ღმერთო ჩემო.
- 16ვთქვი: ნუმც გაიხარონ ჩემზე; თუ ფეხი გადამიბრუნდა, გამედიდურდებიან ჩემს წინააღმდეგ.
- 17მარცხი მემუქრება და ჩემი სატკივარი მუდამ ჩემს წინაა.
- 18ჩემს დანაშაულს ვაღიარებ და ფრიად ვგლოვობ ჩემს ცოდვაზე.
- 19ჩემი მტრები კი ცოცხლობენ და ძლიერდებიან; გამრავლდნენ ჩემი ამაოდ მოძულენი.
- 20კეთილის წილ ბოროტის გადამხდელნი, იმისთვის მემტერებიან, სიკეთეს რომ მივყვები.
- 21ნუ მიმატოვებ, უფალო, ღმერთო ჩემო, ნუ განმშორდები.
- 22იჩქარე ჩემს შესაწევნად უფალო, მხსნელო ჩემო!
იტვირთება შემდეგი თავი