ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 38
- 1ვთქვი - დავიცავ ჩემს გზებს, რომ არ შევცოდო ჩემი ენით, ალიკაპს ავიკრავ პირზე, ვიდრე ბოროტნი იმყოფებიან ჩემს წინაშე.
- 2დავმუნჯდი და ხმას არ ვიღებდი, სიკეთეზეც აღარ ვლაპარაკობდი, მაგრამ გამიძლიერდა ვაება.
- 3გახურდა გული ჩემ შიგნით, ცეცხლი აღმეგზნო აზრებში და ავლაპარაკდი ჩემი ენით:
- 4მაუწყე, უფალო, ჩემი აღსასრული და ჩემი დღეების რაოდენობა, რათა ვიცოდე, რა დღემოკლე ვარ.
- 5აჰა, გოჯებით მომეცი დღენი, არაფერია შენ წინაშე ჩემი ცხოვრება; დიახ, ერთი ამოსუნთქვაა კაცის სიცოცხლე.
- 6ნამდვილად აჩრდილივითაა ადამიანი, ამაოდ ფაციფუცობს, აგროვებს და არ იცის, ვის დარჩება.
- 7და ახლა, რაღას ველი, უფალო? შენზეა ჩემი იმედი.
- 8მიხსენი ჩემი ყოველი დანაშაულისგან, ნუ გამხდი ბრიყვის გასალანძღად.
- 9დავმუნჯდი, ბაგეს აღარ ვხსნი, რადგან შენ ჰქმენ ასე.
- 10ამარიდე შენი დარტყმები; შენი ხელის დარტყმებისგან ვიღუპები.
- 11მხილებებით დასჯი ადამიანს ცოდვისთვის, ჩრჩილივით შეჭამ ყველაფერს, რაც მისთვის ძვირფასია; ჭეშმარიტად, ამაოებაა ყოველი კაცი.
- 12ისმინე ჩემი ლოცვა უფალო და ჩემს ვედრებას ყური მოაპყარ; ნუ დადუმდები ჩემი ცრემლების მიმართ, რადგან მწირი ვარ შენთან და ხიზანი, როგორც ჩემი მამა-პაპა.
- 13თვალი ამარიდე, რათა მოვმაგრდე, ვიდრე წავიდოდე და აღარ ვიქნებოდე.
იტვირთება შემდეგი თავი