ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 39
- 1უფალზე ვამყარებდი იმედს, ყური მომაპყრო და ისმინა ჩემი ვედრება.
- 2საზარელი ორმოდან და გაუვალი ლაფიდან ამომიყვანა; კლდეზე დააყენა ჩემი ფეხები და განმიმტკიცა ნაბიჯები.
- 3ახალი სიმღერა მისცა ჩემს ბაგეებს ჩვენი ღმერთის განსადიდებლად. მრავალნი იხილავენ შეშინდებიან და მიენდობიან უფალს.
- 4ნეტარია კაცი, ვინც უფალზე ამყარებს იმედს და არ მიმართავს ამაყებს და სიცრუის მოყვარულებს.
- 5მრავალი სასწაული მოიმოქმედე უფალო, ღმერთო ჩემო; ჩვენს წინაშეა შენი სასწაულები და ზრახვანი - ვინ შეგედრება შენ! ვიქადაგებ და ვილაპარაკებ მათზე, თუმცა ვერ აღირიცხება სიმრავლის გამო.
- 6მსხვერპლი და შესაწირი არ ისურვე, მაგრამ სასმენელი გამიხსენი; ცოდვის მსხვერპლი და სრულადდასაწველი არ მოგითხოვია;
- 7მაშინ ვთქვი - აჰა, მოვდივარ, როგორც გრაგნილში წერია ჩემზე.
- 8შენი ნების აღსრულება მწადია ღმერთო და რჯული შენი ჩემს გულშია.
- 9შენი სამართალი გამოვუცხადე დიდ კრებულს; აჰა, ბაგე ჩემი არ მომიკუმავს უფალო, შენ უწყი.
- 10გულში არ დამიფარავს შენი სიმართლე, შენს ერთგულებასა და შენმიერ ხსნაზე ვლაპარაკობდი, არ დამიმალავს დიდ კრებულში შენი წყალობა და ჭეშმარიტება.
- 11ო, უფალო, არც შენ შეაკავო შენი თანაგრძნობა; დაე, მუდამ მიცავდეს შენი წყალობა და ჭეშმარიტება.
- 12რადგან აურაცხელი უბედურება მახვევია გარს, ჩემი ცოდვები წამომეწია და ვეღარაფერს ვხედავ; ჩემი თავის თმაზე მეტად მომრავლდნენ და გულმა მიმატოვა.
- 13ისურვე უფალო ჩემი ხსნა; გამოეშურე ჩემს დასახმარებლად უფალო.
- 14ერთიანად შერცხვნენ და გაწბილდნენ, ვინც ჩემს დაღუპვას ეძებს, უკუიქცნენ და დამცირდნენ, ვინც ბოროტებას მისურვებს;
- 15დაე, შეძრწუნდნენ სირცხვილისგან, ვინც მეუბნება: ოჰო, ოჰო!
- 16იზეიმოს და იმხიარულოს ყველამ, ვინც შენ გეძებს. შენი ხსნის მოყვარულებმა თქვან მუდამ: დიდია უფალი!
- 17მე კი ღატაკი და გაჭირვებული ვარ, დაე უფალმა იზრუნოს ჩემზე. შენა ხარ ჩემი დამხმარე და მხსნელი; ო, ღმერთო ჩემო, ნუ დააყოვნებ.
იტვირთება შემდეგი თავი