ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 40

  1. 1
    ნეტარია, ვინც ღატაკზე ფიქრობს. უბედურების დღეს იხსნის მას უფალი.
  2. 2
    უფალი დაიცავს მას, აცოცხლებს და კურთხეული იქნება ქვეყანაზე; არ ჩააგდებს მისი მტრების ხელთ, მათი სურვილისამებრ.
  3. 3
    უფალი გაამაგრებს მას მისი სნეულების სარეცელზე; ავადმყოფობის სარეცელიდან წამოაყენებს მას.
  4. 4
    ვთქვი უფალო: შემიწყალე და განმკურნე, რადგან შეგცოდე.
  5. 5
    ავს ამბობენ ჩემზე ჩემი მტრები: როდის მოკვდებაო და გაქრება მისი სახელი.
  6. 6
    თუ სანახავად მოვა ვინმე, სიცრუეს ლაპარაკობს, გულში კი მზაკვრობას თხზავს; გარეთ გავა და ალაპარაკდება.
  7. 7
    ყველა ჩემი მოძულე ერთად ჩურჩულებს ჩემს წინააღმდეგ და ავს განიზრახავენ ჩემზე:
  8. 8
    ამბობენ: სასიკვდილო სენი დაეუფლა, დაწვა და ვეღარ წამოდგებაო.
  9. 9
    ჩემმა ახლო მეგობარმაც კი, რომელსაც ვენდობოდი და რომელიც ჩემს პურს ჭამდა, ტერფი აღმართა ჩემ წინააღმდეგ.
  10. 10
    შენ კი შემიწყალე უფალო და წამომაყენე და მე მივუზღავ მათ.
  11. 11
    ამით გავიგებ, რომ სათნო ვარ შენთვის, როცა მტერი ვერ გაიხარებს ჩემზე.
  12. 12
    შემეწიე ჩემი უბიწოებისთვის და შენ წინაშე დამაყენე სამარადისოდ.
  13. 13
    კურთხეულია უფალი, ღმერთი ისრაელისა უკუნითი უკუნისამდე. ამინ, ამინ!
იტვირთება შემდეგი თავი
ფსალმუნები 40 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა