ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 43

  1. 1
    ღმერთო, ჩვენი ყურით გვაქვს მოსმენილი, ჩვენმა მამებმა გვიამბეს, საქმე, რომელიც მათ დღეებში, უძველეს დროში მოიმოქმედე.
  2. 2
    შენი ხელით განდევნე ერები, მათ ნაცვლად კი ისინი დარგე; შენ გაანადგურე ხალხები და გაფანტე.
  3. 3
    რადგან ხმლით კი არ დაუპყრიათ ქვეყანა და არც მათ მკლავებს არ მოუტანიათ მათთვის გამარჯვება, არამედ შენმა მარჯვენამ, შენმა მკლავმა და შენი სახის სინათლემ, რადგან შეიყვარე ისინი.
  4. 4
    შენ ხარ მეფე ჩემი, ღმერთო; უბოძე იაკობს გამარჯვება.
  5. 5
    შენით ვდევნით ჩვენს მტრებს; შენი სახელით ვთრგუნავთ ჩვენს მოდავეებს.
  6. 6
    რადგან არ ვარ დანდობილი ჩემს მშვილდზე და ვერც ჩემი მახვილი მიხსნის.
  7. 7
    არამედ შენ გვიხსნი ჩვენი მტრებისგან და ჩვენს მოძულეებს შენ არცხვენ.
  8. 8
    ღმერთით ვიკვეხნით ყოველდღე და შენს სახელს ვაქებთ უკუნისამდე.
  9. 9
    ახლა კი მიგვატოვე და შეგვარცხვინე და არ გამოდიხარ ჩვენს ლაშქართან.
  10. 10
    უკუგვაქციე ჩვენი მტრისგან და მოძულეებმა გაგვძარცვეს ჩვენ.
  11. 11
    მიგვეცი, როგორც ცხვარი, შესაჭმელად და დაგვფანტე ხალხებს შორის.
  12. 12
    სარგებლის გარეშე გაჰყიდე შენი ერი და არ იდავე მათ ფასზე.
  13. 13
    შესარცხვენად მიგვეცი მეზობლებს, დასაცინად და საგინებლად - ჩვენ ირგვლივ მყოფთ.
  14. 14
    იგავად გვაქციე ხალხთა შორის, თავის საქნევად ერებს შორის.
  15. 15
    ყოველდღე ჩემს წინაშეა ჩემი აუგი და სირცხვილი მიფარავს სახეს
  16. 16
    დამცინავისა და მგმობელის ხმისგან, მტრისა და შურისმაძიებლისაგან.
  17. 17
    ყოველივე ეს გვეწია ჩვენ და მაინც არ დაგივიწყეთ, არ გაგვიმრუდებია შენი აღთქმა.
  18. 18
    არ უკუქცეულან ჩვენი გულები და არც ჩვენს ნაბიჯებს გადაუხვევიათ შენი გზიდან.
  19. 19
    და მაინც შეგვმუსრე, ტურების სადგომს დაგვამსგავსე და სიკვდილის აჩრდილი გადაგვაფარე.
  20. 20
    ჩვენი ღმერთის სახელი რომ დაგვევიწყებინა და ხელი უცხო ღმერთებისკენ გაგვეშვირა,
  21. 21
    განა არ გვაზღვევინებდა ამას ღმერთი? რადგან იცის მან საიდუმლონი გულისა.
  22. 22
    შენ გამო გვხოცავენ ყოველდღე, დასაკლავ ცხვრებად ვართ მიჩნეულნი.
  23. 23
    გამოიღვიძე, რატომ გძინავს, უფალო? გამოფხიზლდი, ნუ უკუგვაგდებ სამარადისოდ.
  24. 24
    შენ სახეს რად გვიმალავ? ივიწყებ ჩვენს ტანჯვასა და გაჭირვებას?
  25. 25
    რადგან მტვრამდე დამდაბლდა ჩვენი სული, მიწას მიეწება ჩვენი მუცელი.
  26. 26
    აღსდექ ჩვენს დასახმარებლად და გვიხსენი შენი წყალობისამებრ!
იტვირთება შემდეგი თავი
ფსალმუნები 43 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა