ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 44
- 1აღივსო ჩემი გული მშვენიერი სიტყვებით. ჩემი სიმღერა მეფეს ეკუთვნის, ენა ჩემი კალამია ხელოვანი მწერლისა.
- 2ადამის ძეთა შორის უმშვენესი ხარ, მადლი იღვრება შენს ბაგეთაგან, რადგან გაკურთხა ღმერთმა სამარადჟამოდ.
- 3წელზე შემოირტყი შენი მახვილი, გმირო, შენი დიდებით და მშვენებით.
- 4შენი მშვენებით დაბრძანდი ეტლზე - ჭეშმარიტების, თვინიერებისა და სიმართლისთვის; გვაჩვენოს საოცრებანი მარჯვენამ შენმა.
- 5ისრები შენი წამახულია, გულში ერჭობიან მეფის მტრებს; ხალხები ეცემიან შენს ფეხქვეშ.
- 6ტახტი შენი ღმერთო - უკუნითი უკუნისამდეა; სამართლის კვერთხია - კვერთხი შენი ხელმწიფებისა.
- 7შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ბოროტება; ამიტომ გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა, სიხარულის ზეთით, შენს მეგობრებზე მეტად.
- 8მთელი შენი სამოსი, როგორც მური, ალოე და კასია; სპილოს ძვლის დარბაზებიდან ქნართა ხმა გაგამხიარულებს შენ;
- 9მეფეთა ასულები შენს დიდებულებს შორის არიან; შენს მარჯვნივ დადგა ოფირის ოქროთი შემკული დედოფალი.
- 10მისმინე, ასულო, მოიხედე და ყური მომაპყარ. დაივიწყე ხალხი შენი და სახლი მამაშენისა.
- 11მაშინ ისურვებს ხელმწიფე შენს მშვენებას, რადგან ის არის შენი უფალი, თაყვანი ეცი მას.
- 12ტვიროსის ასული ძღვენით მოვა შენთან; ხალხთა შორის უმდიდრესნი, შენს წყალობას მოძებნიან.
- 13შიდა ოთახში - მეფის ასულია, მოოქროვილია მისი სამოსი.
- 14მოქარგული კაბით მოჰყავთ იგი მეფესთან; უკან მოჰყვებიან ქალწულნი, დობილნი მისნი.
- 15სიხარულით და ლხინით შედიან მეფის სასახლეში.
- 16შენს წინაპართა ადგილას იქნებიან შენი ძენი; მთავრებად დაადგენ მათ მთელ დედამიწაზე.
- 17თაობიდან თაობაში დავადგენ შენს სახელს გასახსენებლად, ამიტომ ხოტბას შეგასხამენ ხალხები უკუნითი უკუნისამდე.
იტვირთება შემდეგი თავი