ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 47
- 1დიადია უფალი და დიდად საქებარი, ჩვენი ღმერთის ქალაქში, მის წმიდა მთაზე.
- 2მაღალია და მშვენიერი, მთელი ქვეყნიერების სიხარულია მთა სიონისა ჩრდილოეთის კიდეზე; დიდი მეფის ქალაქია იგი.
- 3ცნობილია ღმერთი თავის სამკვიდრებელში, როგორც სიმაგრე.
- 4რადგან აგერ შეიკრიბნენ მეფენი და საომრად გამოვიდნენ,
- 5მაგრამ ნახეს სიონი და განცვიფრდნენ, შეძრწუნდნენ და გაიქცნენ.
- 6ძრწოლამ შეიპყრო ისინი, მშობიარესავით იკლაკნებიან.
- 7აღმოსავლეთის ქარით დაამსხვრიე შენ თარშიშის ხომალდები.
- 8როგორც ვისმინეთ, ისე ვიხილეთ - ცაბაოთ უფლის ქალაქში, ჩვენი ღმერთის ქალაქში. ღმერთი დააფუძნებს მას უკუნისამდე.
- 9შენი ტაძრის შუაგულში შენს წყალობაზე ვფიქრობდით, ღმერთო.
- 10როგორც შენი სახელი, შენი ქებაც დედამიწის კიდით-კიდემდეა ღმერთო; სიმართლით სავსეა შენი მარჯვენა.
- 11დაე, იხაროს სიონის მთამ, იმხიარულონ იუდას ქალწულებმა შენი სამართალის გამო;
- 12ყოველი მხრიდან მიეახლეთ და გარს შემოუარეთ სიონს; დათვალეთ მისი კოშკები.
- 13დააკვირდით მის სიმაგრეებს; დაიარეთ მისი დარბაზები, რათა უამბოთ მომავალ თაობას.
- 14რადგან ასეთია ღმერთი, ჩვენი ღმერთი უკუნითი უკუნისამდე; ის წარგვიძღვება ჩვენ სიკვდილამდე.
იტვირთება შემდეგი თავი