ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 48
- 1ისმინეთ ეს, ყოველნო ერნო, ყური მოაპყარით, დედამიწის ყველა მცხოვრებო,
- 2უბრალოებმაც, დიდგვაროვნებმაც, მდიდარმა და ღარიბმა ერთად.
- 3ჩემი პირი სიბრძნეს წარმოთქვამს და ჩემი გულის განსჯა - გონიერებას.
- 4ყურს მივუგდებ იგავს, ქნარზე გავაცხადებ ჩემს საიდუმლოს,
- 5რატომ შევშინდე უბედურების ჟამს, როცა გარს შემომეხვევა ჩემი მოდავეების ბოროტება?
- 6თავიანთ ქონებაზე, რომ არიან დაიმედებულნი და სიმდიდრით რომ ტრაბახობენ.
- 7ვერ გამოიხსნის კაცს თავისი ძმა, ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს;
- 8რადგან ძვირია მისი სიცოცხლის გამოსახსნელი, ვერ გადაიხდის უკუნისამდე,
- 9რომ სამარადისოდ იცოცხლოს და არ იხილოს საფლავი.
- 10ის ხედავს: ბრძენებიც იხოცებიან, ბრიყვიცა და უგუნურიც ერთად იღუპება, თავიანთ ქონებას კი სხვას უტოვებენ.
- 11გულში ფიქრობენ, რომ სახლები მათი მუდმივია და საცხოვრებლები - თაობიდან თაობამდე; მამულებს თავიანთ სახელებს არქმევენ.
- 12მაგრამ ვერ დამკვიდრდებიან პატივში, რადგან პირუტყვივით არიან, რომელიც იღუპება.
- 13ასეთია უგუნურთა გზა, თუმცა შემდგომნი მათი იწონებენ მას.
- 14ცხვრებივით ჩაყრიან შავეთში; სიკვდილი დამწყემსავს მათ, დილით კი მართალნი გაბატონდებიან მათზე; მათი კვალიც კი აღარ დარჩება, შავეთია მათი სადგომი;
- 15მე კი, ღმერთი გამომისყიდის საფლავის ხელიდან, რადგან მიმიღებს მე.
- 16ნუ შეშინდები თუ გამდიდრდეს კაცი, თუ გამრავლდეს მისი სახლის დიდება.
- 17რადგან, როცა მოკვდება, ვერაფერს წაიღებს, თან არ გაჰყვება დიდება.
- 18თუმცა სიცოცხლეში თავს ბედნიერად თვლის: ‘რადგან წარმატებულს ყოველთვის აქებენ ადამიანები.’
- 19თავისი მამების თაობასთან მივა - ვერასოდეს იხილავს სინათლეს.
- 20ადამიანი, თუნდაც პატივდებული, რომელსაც გაგების უნარი არა აქვს, პირუტყვივით იღუპება.
იტვირთება შემდეგი თავი