ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 49
- 1ძლიერმა ღმერთმა, უფალმა დაილაპარაკა და მოუწოდა ქვეყნიერებას მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე.
- 2სიონიდან, მშვენიერების სრულქმნილებიდან, გამობრწყინდა უფალი.
- 3მოდის ჩვენი ღმერთი და არ დადუმდება; მჭამელი ცეცხლია მის წინაშე და ძლიერი ქარიშხალი - მის ირგვლივ.
- 4მოუხმობს ზეცას მაღლიდან და დედამიწას - თავისი ხალხის განსასჯელად:
- 5შემომიკრიბეთ ჩემი ერთგულნი, რომელთაც აღთქმა დამიდეს შესაწირით.
- 6ცანი აცხადებენ მის სიმართლეს; რადგან თვით ღმერთია მსაჯული.
- 7ისმინე ჩემო ხალხო და ვილაპარაკებ; მოწმედ გამოვალ შენს წინააღმდეგ, ისრაელ. მე ვარ ღმერთი, შენი ღმერთი.
- 8მსხვერპლისთვის კი არ გისაყვედურებ; შენი შესაწირები ყოველთვის ჩემს წინაშეა.
- 9არ შევიწირავ შენი სახლიდან ზვარაკს, არც ვაცებს - შენი ფარეხებიდან.
- 10რადგან ჩემია ტყის ყველა ცხოველი, პირუტყვი ათას მთაზე.
- 11ჩემთვის ცნობილია მთის ყველა ფრინველი და მინდვრის ყველა ცხოველი მე მეკუთვნის.
- 12თუ მომშივდა, შენ არ გეტყვი, რადგან ჩემია მსოფლიო და სავსება მისი.
- 13განა ხარების ხორცსა ვჭამ და ვაცების სისხლს ვსვამ?
- 14მადლობის მსხვერპლი შესწირე ღმერთს და შეუსრულე უზენაესს შენი აღთქმები.
- 15მომიხმე გაჭირვების დღეს; გადაგარჩენ და შენ განმადიდებ.
- 16ბოროტს კი უთხრა ღმერთმა: რა უფლებით ქადაგებ ჩემს წესებს და პირთან მიგაქვს ჩემი აღთქმა?
- 17შენ ხომ გძულს დარიგება და უკუმოისროლე ჩემი სიტყვები.
- 18ქურდის დანახვა გსიამოვნებს, მრუშებთან გაქვს წილი.
- 19პირი მიშვებული გაქვს სიავეზე და სიყალბეს თხზავს შენი ენა.
- 20დაჯდები, შენი ძმის წინააღმდეგ ლაპარაკობ და დედაშენის შვილის შერცხვენას ცდილობ.
- 21ამას სჩადიოდი და მე ვდუმდი; გეგონა, რომ მე შენი მსგავსი ვარ; ახლა კი გამხელ და შენს თვალწინ დაგიმტკიცებ.
- 22ჩაუფიქრდით ამას, ღმერთის დამვიწყებლებო, თორემ მოგსრავთ და არ გექნებათ ხსნა.
- 23მადლობის შემომწირავი განმადიდებს მე და ვინც სწორ გზას ადგას, მას ვუჩვენებ ხსნას ღმერთისას.
იტვირთება შემდეგი თავი