ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 50

  1. 1
    შემიწყალე ღმერთო, შენი წყალობისამებრ; შენი მრავალი წყალობისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული.
  2. 2
    სრულად განმბანე ჩემი ბრალისგან და გამასუფთავე ჩემი ცოდვისგან.
  3. 3
    ვინაიდან ვიცი ჩემი დანაშაული და მუდამ თვალწინ მიდგას ჩემი ცოდვა.
  4. 4
    შენ, მხოლოდ შენ შეგცოდე და ბოროტება ჩავიდინე შენს თვალში, ამიტომ მართალი ხარ შენს სიტყვებში და უმწიკვლო - შენს სამართალში.
  5. 5
    აჰა, ცოდვილად დავიბადე, დიახ ცოდვილად ჩავესახე დედაჩემს.
  6. 6
    აჰა, გულში დაფარული ჭეშმარიტება გსურს, დაფარულში მასწავლი სიბრძნეს.
  7. 7
    მასხურე უსუპი და განვიწმიდები; განმბანე და თოვლზე მეტად გავსპეტაკდები.
  8. 8
    ლხინისა და სიხარულის ხმა გამაგონე, გაახარე ჩემი ძვლები, შენ რომ შემუსრე.
  9. 9
    სახე აარიდე ჩემს შეცდომებს და ყველა ჩემი ბრალი წაშალე.
  10. 10
    სუფთა გული შექმენი ჩემში, ღმერთო და წრფელი სული განმიახლე.
  11. 11
    ნუ უკუმაგდებ შენგან და შენს წმიდა სულს ნუ წამართმევ.
  12. 12
    შენი ხსნის სიხარული დამიბრუნე და შენი დიდებული სულით გამამაგრე.
  13. 13
    მაშინ ვასწავლი შენს გზებს დამნაშავეთ და ცოდვილნი დაბრუნდებიან შენთან.
  14. 14
    სისხლისგან მიხსენი ღმერთო, ჩემი ხსნის ღმერთო და ხოტბას შეასხამს ჩემი ენა შენს სიმართლეს.
  15. 15
    უფალო! გახსენი ჩემი ბაგეები და შენს ქებას იტყვის ჩემი პირი.
  16. 16
    რადგან მსხვერპლი არა გსურს, რომ შემოგწირო და სრულადდასაწველს არ ინებებ.
  17. 17
    შესაწირი ღმერთისა - სული მოდრეკილი; მოდრეკილისა და მორჩილის გულს არ დაამცირებ, ღმერთო.
  18. 18
    სიკეთე უყავ შენი კეთილგანწყობით სიონს, აღადგინე გალავნები იერუსალიმისა.
  19. 19
    მაშინ ისურვებ სიმართლის შესაწირებს და სრულადდასაწველებს; მაშინ აიტანენ შენს სამსხვერპლოზე ზვარაკებს.
იტვირთება შემდეგი თავი
ფსალმუნები 50 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა