ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 5
- 1ყურად იღე ჩემი ნათქვამი, უფალო, ჩასწვდი ჩემს წუხილს.
- 2ისმინე ჩემი ღაღადი, მეფევ ჩემო და ღმერთო ჩემო, რადგან შენ გევედრები.
- 3უფალო! დილაობით მოისმინე ჩემი ხმა, დილაადრიან წარვდგები ლოცვით შენ წინაშე და დაგელოდები.
- 4რადგან არა ხარ სიავის მოყვარული ღმერთი, ბოროტება ვერ დაისადგურებს შენთან.
- 5ვერ დადგებიან ქედმაღალნი შენ წინაშე და გძულს ყველა ჩამდენი უსამართლობისა.
- 6შენ დაღუპავ სიცრუის მთქმელს; სისხლისმსმელი და მაოხრებელი სძაგს უფალს.
- 7მე კი შენი უხვი წყალობის გამო შემოვალ შენს სახლში, მოწიწებით გცემ თაყვანს შენს წმიდა ტაძარში.
- 8უფალო, მატარე შენი სიმართლის გზით ჩემს მტერთა გამო, მოასწორე შენი გზა ჩემ წინაშე.
- 9რადგან არ არის სიწრფელე მათ ბაგეებზე, ბილწია მათი შიგნეულობა, ხორხი მათი ღია საფლავია, მათი ენები პირფერობენ.
- 10განსაჯე ისინი, ღმერთო, დაეცნენ თავიანთი ზრახვების გამო; უკუაგდე ისინი თავიანთი ცოდვების სიმრავლისთვის, რადგან აღდგნენ შენს წინააღმდეგ.
- 11გაიხაროს ყველამ, ვინც შენზეა მონდობილი, იმხიარულონ უკუნისამდე; შეიფარე ისინი, რათა გაიხარონ შენი სახელის მოყვარულებმა.
- 12რადგან შენ აკურთხებ მართალს, უფალო, და ისე მოსავ შენი წყალობით, როგორც ჯავშნით.
იტვირთება შემდეგი თავი