ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 54
- 1ისმინე ღმერთო ჩემი ლოცვა და ნუ დაემალები ჩემს ვედრებას
- 2ყური მომაპყარ და მიპასუხე; მოსვენებას არ მაძლევს ჩემი საფიქრალი, წუხილში ვარ
- 3მტრის ხმისგან, ბოროტთა შევიწროებისგან; რადგან სიმრუდეს მაბრალებენ და სიძულვილით მირისხდებიან.
- 4თრთის ჩემ შიგნით ჩემი გული და სიკვდილის ძრწოლა დამატყდა თავს.
- 5შიში და თრთოლა დამეუფლა და შიშის ზარი მიპყრობს.
- 6ვთქვი, რომ მქონდეს-მეთქი მტრედის ფრთები, გავფრინდებოდი და მოვისვენებდი!
- 7აჰა, შორს გადავიხვეწებოდი, უდაბნოში დავიდებდი ბინას.
- 8ვისწრაფებდი, რომ მეპოვა თავშესაფარი ძლიერი ქარისგან და ქარიშხლისგან.
- 9გაანადგურე ისინი უფალო და გაყავი მათი ენები; რადგან ძალადობას და შუღლს ვხედავ ქალაქში.
- 10დღედაღამ გარს უვლიან მის კედლებს, სიმრუდე და უბედურებაა მასში,
- 11ნგრევაა მის შუაგულში და არ სცილდება მის ქუჩებს სიცრუე და უბედურება.
- 12ვინაიდან მტერი კი არ მლანძღავს, თორემ ავიტანდი; ჩემი მოძულე კი არ განდიდებულა ჩემზე - მას დავემალებოდი;
- 13არამედ შენ, ჩემი სწორი, მეგობარი და ახლობელი ჩემი,
- 14ერთად რომ ვსაუბრობდით ტკბილად და ღვთის სახლში დავდიოდით ხალხთან ერთად.
- 15დაატყდეს მათ სიკვდილი, ცოცხლად ჩავიდნენ ქვესკნელში, რადგან ბოროტებაა მათ სახლებში, მათ გულებში.
- 16მე კი ღმერთს მოვუხმობ და მიშველის უფალი.
- 17საღამოთი, დილით და შუადღით შევევედრები, შევტირებ და მოისმენს ჩემს ხმას.
- 18მშვიდობით დაიხსნის ჩემს სულს ბრძოლისგან, რადგან ბევრნი აღდგნენ ჩემზე.
- 19მოისმენს ღმერთი დასაბამიდან ტახტზე მჯდომი, და პასუხს გასცემს მათ, რადგან არ იცვლებიან და არ ეშინიათ ღვთისა.
- 20ხელი გაიწოდეს მათზე, ვისთანაც მშვიდობა ჰქონდათ, აღთქმა დაარღვიეს.
- 21კარაქზე რბილია მათი ბაგეები, გულში კი ომი აქვთ; ზეთზეც რბილია მათი სიტყვები, მაგრამ მოშიშვლებული ხმლები არიან ისინი.
- 22მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის განგამტკიცებს, არასოდეს დაუშვებს მართლის წაბორძიკებას.
- 23ღმერთო, შენ ჩაყრი მათ უძირო ქვესკნელში; სისხლისმღვრელნი და ვერაგნი ვერ მიაღწევენ თავიანთ დღეთა ნახევარს; მე კი შენზე ვარ დაიმედებული.
იტვირთება შემდეგი თავი