ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 55
- 1შემიწყალე, ღმერთო, რადგან გამთელა კაცმა, მთელ დღეს მებრძვის და მავიწროებს.
- 2მთელ დღეს მთელავდა ჩემი მტერი, რადგან მრავალი მებრძვის ამპარტავნულად, უზენაესო,
- 3როდესაც მეშინია, შენზე ვდებ იმედს.
- 4ღმერთზე, რომლის სიტყვასაც ვაქებ; ღმერთზე ვარ მინდობილი და არ მეშინია, რას მიზამს ხორციელი?
- 5მთელ დღეს ამახინჯებდნენ ჩემს სიტყვებს; ავია ყოველი მათი ზრახვა ჩემს მიმართ.
- 6თავს მესხმიან, მიდარაჯდებიან ჩემი მდევრები, ჩემს ყოველ ნაბიჯს აკვირდებიან და ჩემს სიცოცხლეს უსაფრდებიან.
- 7ნუთუ ამ სიმრუდეს უნდა გადაურჩნენ? რისხვით დაამხე ხალხები, ღმერთო!
- 8ჩემი ხეტიალი აღრიცხული გაქვს; შენს ჭურჭელში მოათავსე ჩემი ცრემლები - განა შენს წიგნში არ არიან ისინი?
- 9უკუიქცევიან ჩემი მტრები, რა დღესაც მოგიხმობ. ამით გავიგებ, რომ ღმერთი ჩემთანაა.
- 10ღმერთს, რომლის სიტყვასაც ვაქებ, უფალს, რომლის სიტყვასაც ვადიდებ;
- 11ღმერთს მივენდე - არ მეშინია; რას მიზამს კაცი?
- 12ღმერთო, ჩემს დაპირებებს შენდამი აღვასრულებ; მადლიერების მსხვერპლებს შემოგწირავ.
- 13რადგან მიხსენი მე სიკვდილისგან, ფეხი ჩემი - წაბორძიკებისგან, რათა ვიარო ღვთის წინაშე სიცოცხლის სინათლეში.
იტვირთება შემდეგი თავი